უგანდის რკინიგზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უგანდას რკინიგზა)
მომბასასთან, დაახ. 1899

უგანდის რკინიგზა (ადგილობრივად ცნობილი, როგორც ლუნატიკ ექსპრესი[1]) რკინიგზათა სისტემა და ყოფილი სარკინიგზო კომპანია, რომელიც უგანდისა და კენიის შიდა ტერიტორიებს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებდა კენიის პორტ მომბასაში.

დასაბამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უგანდის რკინიგზა ააშენა ბრიტანეთის იმპერიამ მისი საგარეო ოფისის ზედამხედველობით იმ პერიოდის დასაწყისში, როდესაც ბრიტანეთმა რეგიონში კოლონიური რეჟიმი, სახელწოდებით ბრიტანეთის აღმოსავლეთი აფრიკა ჩამოაყალიბა. რკინიგზის ხაზის მშენებლობა დაიწყო 1896 წელს კენიის კოლონიის საპორტო ქალაქ მომბასაში და 1901 წლისთვის კისუმუს მიუერთდა, ტბა ვიქტორიის აღმოსავლეთ სანაპიროზე. 1931 წლისთვის ის კამპალას მიუერთდა უგანდის პროტექტორატში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი რკინიგზის ხაზი დღევანდელი კენიის ტერიტორიაზე იყო, ამ პროექტის ძირითადი დანიშნულება თანამედროვე სატრანსპორტო საშუალების მშენებლობა იყო უგანდის პროტექტორატიდან პირველადი მასალების გამოტანისა და მასში ბრიტანული საქონლის შეტანისთვის.

ამ პროექტს წინ უსწრებს ბრიტანეთის აღმოსავლეთ აფრიკის კომპანიის მიერ 1890 წელს დაწყებული 600 კმ-იანი მაკკინონ-სკლეტერის გზატკეცილის მშენებლობა პორტ მომბასადან ბუსიამდე, კენია.[2][3] რკინიგზა იმავე მიმართულებას მიჰყვა და მალევე გაუსწრო მას.

რკინიგზის ლიანდაგის სიგანე 1000 მმ-ია[4] და თითქმის მთელი მაგისტრალის გაყოლებაზე ერთლიანდაგიანია. პროექტი დაჯდა დაახლოებით £5 მილიონი (ფუნტი სტერლინგი). პირველი სამგზავრო/სატვირთო მატარებელი მომბასას პორტიდან 1903 წელს გავიდა.

მშენებლობას უმეტესწილად აწარმოებდნენ ბრიტანული ინდოეთიდან ჩამოყვანილი სიქჰი მუშები. ამ მუშათა დიდი ნაწილი შემდგომში აღმოსავლეთ აფრიკაში დასახლდა და დღესაც კენიისა და უგანდის მნიშვნელოვან უმცირესობას წარმოადგენს.

რკინიგზა უზარმაზარი ლოგისტიკური მიღწევა იყო და მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ეკონომიკური ბერკეტი გახდა როგორც უგანდის, ასე კენიისთვისაც. მან ხელი შეუწყო მონათა შრომის შემცირებას, ვინაიდან საქონლის ტრანსპორტირებას ნაკლები მუშახელი სჭირდებოდა[5] და პირველ მსოფლიო ომში გერმანიის აღმოსავლეთ აფრიკაში (დღევანდელი ტანზანია) გენერალი პაულ ერიხ ფონ ლეტოუ-ფორბეკის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებას. რკინიგზა მძიმე დანადგარების ქვეყნის შიდა ტერიტორიებში შედარებით იოლად ტრანსპორტირებას უწყობდა ხელს. რკინიგზის გაყვანამდე ძირითადი ტრანსპორტი ამ რეგიონში ხარშებმული ვაგონ-ურმები იყო. რკინიგზა ასევე ყავისა და ჩაის ექსპორტს უწყობდა ხელს და აადვილებდა კოლონიური დასახლებებისა და სხვა სახის კომერციის ჩამოყალიბებას. რკინიგზის დანახარჯის ამოსაღებად ბრიტანეთის მთავრობა ახალ მოსახლეთა მიერ კენიის პლატოზე ვრცელი ველების კულტივირებას უწყობდა ხელს. ამ პოლიტიკამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა კენიის განვითარება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მათენგე, გაკუუ. (2005-10-23) ლუნატიკ ექსპრესის ახალი განთიადი. დეილი ნეიშენი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 2009-06-27.
  2. Ochieng', W.R. & Maxon, R.M., კენიის ეკონომიკური ისტორია, გვ. 131
  3. Smith, G.E., 1899, Road-Making and Surveying in British East Africa, სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება (ბრიტანეთის გეოგრაფთა ინსტიტუტის მონაწილეობით).
  4. Treves, Frederick (1910). Uganda for a holiday. London: Smith, Elder & Co., გვ. 57. ციტირების თარიღი: 2009-11-30. 
  5. Encyclopædia Britannica 1911: British East Africa, from British East Africa