უბისის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უბისა)
ეს სტატია მონასტერს ეხება. სოფლის შესახებ იხილეთ უბისი.
უბისა

უბისა

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა უბისი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა მარგვეთისა და უბისის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება IX საუკუნე

უბისა — წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იმერეთში[1].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი სხვადასხვა დროს გამოკვლეული აქვთ ხელოვნების ისტორიის მკვლევარებს: მარი ბროსეს, ს. გორგაძეს, ე. თაყაიშვილს, შ. ამირანაშვილს, ვ. ბერიძეს, რ. შმერლინგსა და სხვ.

უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და მისი მეცნიერული აღწერა დატოვა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა IX საუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინარეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი.

გიორგი მერჩულე მოგვითხრობს: «მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად».

ხელოვნების ისტორიის მკვლევარის რ. შმერლიგნის გამოკვლევითაც, რომელიც შესრულებულია 1954 წელს და დაბეჭდილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შრომების მე-16 ტომში, უბისის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. მისი მოსაზრებით, სტილი და ასოთა მოყვანილობა, რომელიც გამოყენებულია სამონასტრო კომპლექსის ნაგებობაზე, დამახასიათებელი იყო IX-X საუკუნეებისათვის.

აკად. შ. ამირანაშვილმა უბისის ორნავიანი ბაზილიკა XII საუკუნით დაათარი ღა, რადგან უბისის სვეტზე შესრულებული წარწერა სწორედ ამაზე მიუთითებს: „მე საწყალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისგან აღშენებად მონასტერი ესე და სუეტიცა ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვირგვინოსნისა დიმიტრი მეფეთა მეფისა ძის დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361 ზე დაწელი სარკინოზთა 535“.

ეს წარწერა მიუთითებს, რომ აღნიშნული კოშკი ააგო სიმონ ჭყონდიდელმა 1141 წელს, დემეტრეს მე ფობის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ სვეტზე უნდა გაეტარებია ჭყონდიდელს სიცოცხლის ბოლო წლები. სვეტი არ ჰგავს უფრო ადრე გავრცელებულ მესვეტეთა თვით მწვალებლობისათვის განკუთვნილ სამყოფს.

ვახტანგ ცინცაძემ 1969 წელს სპეციალური გამოკვლევა უძღვნა უბისის სვეტს, სადაც ვკითხულობთ: „უბისის სვეტი შირიმის ქვით ნაგები ოთხსართულიანი შენობაა, თითოულ სართულში თითო ოთახით, ჩვენამდე გადაუკეთებლადაა მოღწეული. სვეტში შესასვლელი პირველი სართულიდან ყოფილა. პირველ სართულ ში ყოფილა საკუჭ ნაო (2,2X2,2 მ), ღრმა და ფართო დარაბებიანი განჯინებით. იქ მისადგმე ლი კიბით ჩადიოდნენ მეორე სართულიდან, რომელიც საცხოვრებელ ოთახს წარმოადგენდა (2,55X3.00მ), დიდი ბუხრით, განჯინებითა და საპირფარეშოთი.

ტაძრის შესასვლელი

კარგად ყოფილა გაშუქებული სამი სარკმელითა და ფართო კარით. ამ ოთახიდან ქვის მოსახერხებელი კიბის საშუალებით ზედა ოთახში (3,05ჟ3,30 მ.) ადიოდნენ, რომელიც სალოცავად და სამუშაოდ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. მის სამ კედელ ში თითო სარკმელი იყო დატანებული, აქვე ყოფილა ღრმა ნიშები, ალბათ, სქელტანიანი ხელნაწერი წიგნების დასაწყობად. დასავლეთის კედელ ში გაჭრილი კარი გადიოდა ხის გადაკიდებულ აივანზე, რომლიდანაც იგი გადაჰყურებდა მონასტრის მთავარ ტაძარს, მის იქით კი „მიტოვებულ“ ქვეყანას. გადამხურავი თაღის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ასასვლელი ხვრელია, აქედან მისადგომი კიბით ზედა სართულში ადიოდნენ. ეს თავდასაცავად განკუთვნილი სართულია სალოდეებით, თითო-თითო კედელში. ყველაზე უკეთ შერჩენილია დასავლეთის კედელი, რომელიც შირიმის კრონშტეინზე აგურით გადაყვანილ თაღს წარმოადგენს“.

თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გაუმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი: „უბისს ავაგე საყდარი“...

მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ტაძრის სიახლოვეს, «ყინყიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რომელთა ტევადობა 100-200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ჭურებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა.

ფრესკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

XIV ს. მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამირანაშვილის გამოკვლევით, უბისის კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, მაგრამ აკადემიკოს ვ. ბერიძის აზრით, დიდი ხელოვანი ფერმწერი მხატვარი დამიანე თვითონ კი არ არის ამ მხატვრობის შემსრულებელი, არამედ მისი აღზრდილი და მო­წაფე გერასიმე.

ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა „უბისის წმინდა გიორგის ფრესკა“ და „საიდუმლო სე­რობა“.


უბისის მხატვრობა. ფრესკები
ხარება
საიდუმლო სერობა
მაცხოვარი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]