ტუნგუსკის მეტეორიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ტუნგუსკის მეტეორიტი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ტუნგუსკის მეტეორიტი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ეს სტატია ტუნგუსკის მეტეორიტს ეხება. ტერმინ ტუნგუსკის სხვა მნიშვნელობების შესახებ იხილეთ ტუნგუსკა.
ტუნგუსკის მეტეორიტის ვარდნის ადგილი (წითლად).

ტუნგუსკის მეტეორიტი (რუს. Тунгусский метеорит) — უნიკალური ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მოხდა 1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში (კრასნოიარსკის მხარე, რუსეთი)[1][2][3]. იგი მოგვაგონებდა მოვლენებს, რომლებიც თან სდევს მეტეორიტების ჩამოვარდნას, ოღონდ გამოირჩეოდა უზარმაზარი მასშტაბებით. ამ დღეს აღმოსავლეთ ციმბირის უზარმაზარ ტერიტორიაზე 800 კმ-მდე რადიუსის მანძილზე მრავალმა ადამიანმა შენიშნა თვალისმომჭრელი სიკაშკაშის ბოლიდი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წაქცეული ხეები ტუნგუსკის მოვლენების რაიონში. ლეონიდ კულიკის ექსპედიციის მიხედვით (1927 წ.).

1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 7 საათზე მდინარე ენისეის აუზში სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ-დასავლეთური მიმართულებით გაიფრინა ცეცხლოვანმა ბირთვმა.[4] გაფრენა დამთავრდა უძლიერესი აფეთქებით დაუსახლებელი ტაიგის რაიონში ზედაპირიდან 7-10 კმ-ზე. აფეთქების ტალღა დააფიქსირა იმ დროს არსებულმა მრავალმა ობსერვატორიამ. ირკუტსკის ობსერვატორიის სეისმოგრაფებმა დაადგინეს უცნაური ხასიათის ზედაპირული მიწისძვრები.[5] ობსერვატორიის დირექტორის ა. ვოზნესენსკის გამოთვლებით, მიწისძვრა მოხდა 1908 წლის 30 ივნისს, ადგილ ირკუტსკიდან ჩრდილოეთით 900 კმ მოშორებით, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე. მიწისძვრის ხასიათი იმდენად უცნაური იყო, რომ ა. ვოზნესენსკიმ არც კი გამოაქვეყნა ობსერვატორიაში მიღებული მასალები.[5]

2000 კმ² ფართობის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად წაქცეულ იქნა დიდი რაოდენობით ხეები, რომლებმაც საბოლოოდ რადიალური განლაგება მიიღეს.[6] ეპიცენტრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ჩაიმსხვრა მინები, უზარმაზარ ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში შეინიშნებოდა ცის ნათება, ღრუბლების გაელვება.

კატასტროფის ადგილზე გაგზავნილ იქნა რამდენიმე ექსპედიცია, რომელთაგან პირველი (გამოკვლევითი ექსპედიცია) განხორციელდა 1927 წელს ლეონიდ კულიკის ხელმძღვანელობით.

ტუნგუსკა (2008 წ.).

ექსპედიციის შედეგად რაიმე მნიშვნელოვანს ვერ მიაკვლიეს, თუმცა მცირე რაოდენობით აღმოჩნდა მიკროსკოპული სილიკატური და მაგნეტიტური ბურთები.

ტუნგუსკის მეტეორიტის გზაზე დარჩა ძლიერი მტვრისებრი კვალი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ჩანდა. მოვლენის ადგილიდან 1000 კმ-მდე მანძილზე ისმოდა აფეთქების ხმა. აღნიშნული იყო მიწისძვრის მსგავსი მოვლენები, წარმოქმნილმა ჰაერის ტალღამ ბევრ ადგილას წააქცია ადამიანები და შინაური ცხოველები, განვითარდა ხანძარი, ზანზარებდნენ სახლის კარები, ჭურჭელი, სახლის კედლებზე არსებული სურათები და ხატები ძირს ცვიოდა. ყოველივე ეს თვალისმომჭრელი სიკაშკაშის და დამაყრუებელი ხმაურით დაგვირგვინდა.[5]

როგორც შემდგომ გაირკვა, ცეცხლოვანი სხეული ჩამოვარდა მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის მარჯვენა შენაკადის ჩამბის აუზში.

მოვლენათა მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადგენილია, რომ მოვლენების განვითარებამდე სამი დღით ადრე, დაწყებული 1908 წლის 27 ივნისიდან ევროპის, რუსეთის ევროპული ნაწილისა და ციმბირის ტერიტორიებზე შეინიშნებოდა უცნაური ატმოსფერული მოვლენები: ვერცხლისებრი ღრუბლები, ბინდი და სხვ.[7] ბრიტანელი ასტრონომი უილიამ ფრედერიკ დენინგი წერს: „30 ივნისის ღამით ბრისტოლის თავზე არსებული ცა იმდენად ნათელი იყო, რომ ვარსკვლავები აღარც კი ჩანდნენ, და რომ ცის ჩრდილოეთ ნაწილს მოწითალო შეფერილობა ჰქონოდა, ხოლო აღმოსავლეთურს — მომწვანო“.[8]

დილით 1908 წლის 30 ივნისს ცენტრალურ ციმბირში გაიფრინა ცეცხლოვანმა სხეულმა, რომელიც ჩრდილოეთური მიმართულებით მოძრაობდა; მისი ეს ფრენა დაფიქსირდა არაერთ დასახლებულ პუნქტზე, რომელშიაც ასევე ქუხილის ხმები გაისმოდა. სხეულის ფორმა აღიწერება მომრგვალოდ, სფეროსებურად ან ცილინდრულად. ფერი როგორც წითელი, ისევე ყვითელი ან თეთრი.[7]

ადგილობრივი დროით 7 საათსა და 14 წუთზე ცეცხლოვანი სხეული აფეთქდა. აფეთქების სიმძლავრე განისაზღვრა 40-50 მეგატონით, რაც შეესატყვისება უძლიერესი წყალბადის ბომბის ენერგიას.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფეთქების ძალა უტოლდებოდა დაახლოებით 1000 „ჰიროსიმას“, თუმცა რაც ყველაზე გასაკვირია, ობიექტის კვალი ვერსად ვერ აღმოაჩინეს. ტუნგუსკის ფენომენის საკითხი იმდენად ჩახლართული აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მკვლევარებმა დაახლოებით 100-მდე სხვადასხვა ჰიპოთეზა წამოწიეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტი ერთია, იყო კოლოსალური ძალის აფეთქება, რომელმაც დაახლოებით 80 მლნ. ხე დააქცია.

საინტერესოა, რომ აფეთქება მოსკოვის თავზე რომ მომხდარიყო, სიკაშკაშეს დაინახავდნენ ბალტიისპირეთსა და უკრაინაში, ხოლო ქუხილს ყირიმში გაიგონებდნენ.[9]

აფეთქების შედეგად მიწა ისე ზანზარებდა, რომ ასეულ კილომეტრზე იმსხვრეოდა ფანჯრის შუშები, იქცეოდნენ ძროხები, ცხენები, ფრინველთა დაჯგუფებები პანიკურად ფრენდნენ, ხოლო ადამიანთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ სამყაროს დასასრული დადგა. აფეთქება იმდენად გრანდიოზული იყო, რომ ტაიგაში არსებული ძლიერი ხეების ნაწილი, როგორც ამას კულიკი აღწერდა „ლერწამივით იყო გადატეხილი“.

ეპიცენტრის კოორდინატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადგენილია, რომ აფეთქება დაფიქსირდა ჰაერში სხვადასხვა ცნობებით 5-15 კმ-ზე. საუბარი შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ წერტილში (ეპიცენტრში) არსებულ კოორდინატთა პროექციაში. გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრა განსაკუთრებული წერტილიდან სხვადასხვა შედეგებს იძლევიან.

ავტორი კოორდინატები დაფიქსირების მეთოდი
ლ. კულიკი 60°54′07″ ჩ. გ. 101°54′16″ ა. გ. / 60.90194° ჩ. გ. 101.90444° ა. გ. / 60.90194; 101.90444 ხეების რადიალურად წაქცევის მიხევით
ი. ასტაპოვიჩი 60°54′07″ ჩ. გ. 101°54′16″ ა. გ. / 60.90194° ჩ. გ. 101.90444° ა. გ. / 60.90194; 101.90444 აფეთქების ფიზიკური პარამეტრების მიხედვით
ვ. ფასტი 60°53′09″ ჩ. გ. 101°53′40″ ა. გ. / 60.88583° ჩ. გ. 101.89444° ა. გ. / 60.88583; 101.89444 ხეების ასიმეტრიული წაქცევის მიხედვით
ა. ზოლოტოვი 60°53′11″ ჩ. გ. 101°53′11″ ა. გ. / 60.88639° ჩ. გ. 101.88639° ა. გ. / 60.88639; 101.88639
ა. ბოიარკინა 60°53′45″ ჩ. გ. 101°53′30″ ა. გ. / 60.89583° ჩ. გ. 101.89167° ა. გ. / 60.89583; 101.89167
ა ილინი., გ. ზენკინი 60°52′08″ ჩ. გ. 101°55′03″ ა. გ. / 60.86889° ჩ. გ. 101.91750° ა. გ. / 60.86889; 101.91750 დამწვარი ხეების მიხედვით

მოვლენის შედეგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფეთქების შედეგად წარმოქმნილი სეისმური ტალღა რეგისტრირებულ იქნა ირკუტსკის, ტაშკენტის, თბილისისა და იენის ობსერვატორიებში.[7] აფეთქების შემდეგ დაიწყო გეომაგნიტური შტორმი, რომელიც დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა.[7] წარმოუდგენელი ატმოსფერული ეფექტები, რომლებიც აფეთქებას უსწრებდნენ წინ, მაქსიმუმს 1 ივლისს მიაღწიეს, რის შემდეგაც კლება დაიწყეს (თუმცა მათი ცალკეული კვალი შენარჩუნებულ იქნა ივლისის ბოლომდე).[7]

პირველი პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ ტუნგუსკასთან ახლოს მოხდა აფეთქება, გამოქვეყნდა 1908 წლის 30 ივნისს გაზეთ „ციმბირის ცხოვრება“-ში (რუს. „Сибирская жизнь“):[10]

ვიკიციტატა
„დაახლოებით დილის 8 საათზე რკინიგზის ხაზიდან რამდენიმე საჟენის მოშორებით, პუნქტ ფილიმონოვოსთან გადასვლის ადგილთან, კანსკთან 11 ვერსტის დაშორებით, ერთ-ერთი მოყოლით ჩამოვარდა დიდი მეტეორიტი... მგზავრები, რომლებიც მატარებლით მიდიოდნენ განცვიფრებულები დარჩნენ უჩვეულო გრუხუნით. მემანქანემ მატარებელი გააჩერა, საზოგადოება კი გამალებულად მივარდა იმ ადგილს, სადაც შორეული უცნობი ობიექტი ჩამოვარდა. თუმცა მეტეორიტის ახლოდან დათვალიერება ვერ მოხერხდა, რამეთუ იგი ნამსხვრევებად ოყო ქცეული... მეტეორიტი თითქმის მთლიანად მიწას შეეჯახა, მოჩანს მხოლოდ მისი ზედა მონაკვეთი...“

აშკარად ჩანს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ფრიად შორს დგას რეალურ სინამდვილესთან, თუმცა ეს წერილი ისტორიაში შევიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ამ წერილმა აიძულა ლეონიდ კულიკს გამგზავრებულიყო ციმბირის ტერიტორიაზე, ვარდნის ადგილას.

გაზეთ „ციმბირ“-ში (რუს. „Сибирь“) 1908 წლის 2 ივლისიდან მოყვანილ იქნა უფრო დამაჯერებელი ფაქტები:[7][11]

ვიკიციტატა
„17 ივნისს დილით, 9 საათის დასაწყისში, ჩვენთან დაფიქსირდა უცნაური ხასიათის ბუნებრივი მოვლენა. სოფელ კარელინსკში მაღლა ჰორიზონტზე ქრისტიანმა ხალხმა შენიშნა უჩვეულოდ ძლიერი კაშკაშა მოთეთრო-მოლურჯო ფერის სხეული, რომელიც ზემოდან ქვემოთ ფრენდა 10 წუთის განმავლობაში. სხეული წარმოადგენს მილისებურ, ცილინდრისებურ ფორმას. ცა უღრუბლო იყო, მხოლოდ მოშავო მომცრო ღრუბლები იყო შემჩნეული. ცხელოდა, ამინდი სიმშრალით გამოირჩეოდა. მიწასთან (ტყესთან) მიახლოების შემდეგ კაშკაშა სხეული გაიპო, წარმოიქმნა შავი კვამლი, რომელსაც მოყვა უძლიერესი სიმძლავრის კაკუნისებური ხმა (და არა ქუხილი). მოგვაგონებდა ქვათა ცვენას. ნაგებობები ზანზარებდნენ. ამავდროულად ციდან გამოიჭრა ამოუცნობი ფორმის ცეცხლოვანი სხეული. სოფლის ყველა მაცხოვრებელი გარეთ გამოცვივდა, ქალები ტიროდნენ, ხოლო უმრავლესობამ მიიჩნია, რომ სამყაროს დასასრული დადგა“

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისათვის განსაკუთრებული ინტერესი ამ მოვლენის მიმართ დიდად არავის არ გამოუხატავს. მეცნიერული გამოკვლევები მხოლოდ 1920-იანი წლების ბოლოსთვის დაიწყო.

პირველადი დასკვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავნითარებული მოვლენების შედეგად გამოტანილ იქნა დასკვნა, იმის შესახებ, რომ ამ ადგილას ჩამოვარდა მრავალტონიანი მეტეორიტი, მოსაძებნი იყო მხოლოდ ფაქტები. თუმცა სწორედ ამ მომენტიდან იწყება პრობლემები. ვერც კრატერი და ვერც ნამსხვრევები ვერ აღმოაჩინეს. მეტეორიტული ჰიპოთეზა სულ უფრო და უფრო კარგავდა ძალას. მაშინვე იყო გამოთქმული ახალი მოსაზრება, რომ ციმბირში არა მეტეორიტი არამედ კომეტა ჩამოვარდა.

როგორც ცნობილია კომეტის ბირთვი შედგება წყლის ორთქლისა და გაყინულ მდგომარეობაში მყოფი ზოგიერთი სხვა ნაერთის, აგრეთვე მტვრისა და ქვის მსგავსი ნივთიერების ნარევისაგან. მიჩნეულ იქნა, რომ ციმბირის ამ ადგილას სწორედ რომ კომეტა ჩამოვარდა. ამასთან ერთად კომეტის ჰიპოთეზა გამყარდა იმ გარემოებით, რომ ვარდნისას კომეტა ჰაერში ხახუნის ძალის შედეგად გადახურდა და აფეთქდა ხმელეთის ზედაპირიდან დაახლოებით 10 კმ-ში. ხმელეთზე სწორედ ამიტომ არ გამომუშავდა კრატერი, ხეები სწორედ წარმოქმნილმა ჰაერის ტალღამ წააქცია, ხოლო ნამსხვრევები გადნა. ეს იყო იმ მონენტისთვის ყველაზე უფრო დამაჯერებელი ჰიპოთეზა, თუმცა აღნიშნული ჰიპოთეზაც იქნა უარყოფილი, რამეთუ გაყინული ქვის მსგავსი ნაწილაკები, რომელიც აგებს კუდიან ვარსკვლავს, ვერ ახერხებს ატმოსფეროს მსხვილი ფენების გავლას, გადახურების შედეგად იგი უსათუოდ სკდება მსვლელობის დასაწყისშივე.

ტუნგუსკის მოვლენის შესახებ წარმოდგენა ისევ ჩიხში შევიდა.

კულიკის ექსპედიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანატოლი ლუნაჩარსკი, რომელმაც ფინანსურად ითავა კულიკის პირველი ექსპედიცია.

1921 წელს აკადემიკოსების ვლადიმერ ვერნადსკისა და ალექსანდრე ფერსმანის მხარდაჭერით მეცნიერ-მინერალოგმა ლეონიდ კულიკმა მოაწყო ტუნგუსკის პირველი საბჭოთა ექსპედიცია, რომელიც მიმართული იყო ტუნგუსკის რაიონში არსებული მეტეორიტის ვარდნის არსებობის გადასინჯვა და მომხდარის გამოკვლევა.[5]

მინერალოგი ლეონიდ კულიკი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ტუნგუსკის მეტეორიტის მიმართ. 1927-1939 წწ. ტუნგუსკაში მან მოაწყო ოთხი (სხვა ცნობით ექვსი) სამეცნიერო ექსპედიცია, რომელიც ცდილობდა ტუნგუსკის ფენომენის ახსნას. თუმცა პირველი ექსპედიციის განხორციელება რთული აღმოჩნდა, რამეთუ იმ დროს ქვეყანაში მძიმე პირობები იყო. ტრანსპორტის დაქცევა, საკვები პროდუქტების მომარაგება, უსასხსრობა — ყოველივე ეს ართულებდა ექსპედიციის განხორციელებას. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, კულიკის დიდი ძალისხმევით ექსპედიცია მაინც შედგა. ლეონიდ კულიკმა მოახერხა და შეხვდა ანატოლი ლუნაჩარსკის, რომელიც 1917-1929 წწ. განათლების სახკომი იყო. ლუნაჩარსკი დაინტერესდა ექსპედიციით და ითავა აღნიშნული საქმე.

სრულიად რუსეთის ცაკი-ის პრეზიდიუმმა კულიკს მანდატი გამოუყო. 1921 წლის სექტემბერს ექსპედიცია, რომელსაც კულიკი ხელმძღვანელობდა დაიძრა შორეული აღმოსავლეთისაკენ. თუმცა ექსპედიციის გამგზავრებამდე ჟურნალ „მიროვედენიე“-ს (რუს. „Мироведение“) მთავარმა რედაქტორმა კულიკს გადასცა ოტო კირხნერის კალენდრის ნაწყვეტი, რომელშიაც ასახული იყო 1908 წლის 17 (30) ივნისის მომხდარი კატასტროფა. კულიკმა ციმბირში ყოფნისას მოინახულა არაერთი დასახლებული პუნქტი, რათა უკეთ გასცნობოდა მოვლენის ხასიათს. ამასთანავე იგი ადგილობრივ მოსახლეობაში გამოკითხვებს ატარებდა. მან საზოგადოებაში მრავალრიცხოვანი ანკეტები დაარიგა, სადაც შეკითხვები იყო დასმული მეტეორიტთან დაკავშირებით.[5]

მინერალოგი ლეონიდ კულიკი

მონაცემების შეკრების შემდეგ გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ მეტეორიტი სადღაც ენისეის მხარეში ჩამოვარდა. შედგენილ იქნა სქემატური რუკა, სადაც ნაჩვენები იყო მეტეორიტის ვარდნის დაახლოეობითი ადგილმდებარეობა. მიუხედავად იმისა, რომ კულიკს სურდა გამგზავრილიყო ვარდნის ადგილას, მისი ჩანაფიქრი იმ ეტაპზე ვერ განხორციელდა, რამეთუ გამოლეულ იქნა სახსრები.

ექსპედიცია შინ 1922 წლის მაისში დაბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში ექსპედიციამ გაიარა დაახლოებით 20 ათ. კმ. საბოლოოდ ამ ექსპედიციამ შეაგროვა მონაცემები, რომელმაც გამოარკვია მეტეორიტის ვარდნის უფრო ზუსტი კოორდინატები და ასევე გამოკითხულ იქნა თვითმხილველები. კულიკმა იმთავითვე განაცხადა, რომ მეტეორიტი სადღაც პოდკამენაია-ტუნგუსკის რაიონში ჩამოვარდა, თუმცა ამ მოსაზრებას უარყოფითად შეხვდნენ. მოგვიანებით გაჩნდა ახალი ცნობები მეტეორიტთან დაკავშირებით, რომელიც ადასტურებდა კულიკის მოსაზრებას.

ირკუტსკის ობსერვატორიის ყოფილი დირექტორი ა. ვოზნესენსკი როდესაც გაეცნო ექსპედიციის შედეგებს, მოხსენებით გამოვიდა მოყვარულ ქვეყანათმომლახველთა შორის და განაცხადა, რომ მეტეორიტი ჩამოვარდა პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში, 1908 წლის 30 ივნისს. 1925 წლის აგვისტოში ვრცელი სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „მიროვედენიეში“, სადაც დახასიათებული იყო მეტეორიტთან დაკავშირებული მოვლენები.

გამოჩენილი გეოლოგი ვლადიმერ ობრუჩევი, რომელიც 1924 წელს იკვლევდა მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზს, ჟურნალ „მიროვედენიეში“ აქვეყნებს საინტერესო სტატიას, სადაც ყვება, ტუნგუსკასთან მომხდარ მოვლენას.[5]

შემდგომი ეტაპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წელს ლეონიდ კულიკმა მოახერხა და მიაღწია ექსპედიციის ხელახალ დაფინანსებას. ამაში მას კვლავ ვლადიმერ ვერნადსკი დაეხმარა. არსებითად ეს არა ექსპედიცია, არამედ რეკოგნოსცირება იყო. 1927 წლის თებერვალს კულიკი გიულიხთან ერთად გაემგზავრა შორეულ გზაში. დანიშნულების ადგილს გაჭირვებით მიაკვლიეს. შედეგად ექსპედიციამ მიიღო საყურადღებო მონაცემები. გამოვლინდა, რომ ხეები უზარმაზარ ტერიტორიაზე წაიქცა, ამასთანავე უცნაური ის იყო, რომ ეპიცენტრის ადგილზე ხეებმა თავიანთი განლაგება შეინარჩუნეს, ხოლო მეტეორიტულ კრატერს ვერსად ვერ მიაკვლიეს.[7]

მიუხედავად იმისა, რომ მეტეორიტული კრატერი ვერ მოიპოვეს, კულიკი მაინც თავის მოსაზრებაზე რჩებოდა და აღნიშნავდა, რომ ტუნგუსკის რაიონში სწორედ რომ მეტეორიტი ჩამოვარდა. კვლევის დროს მან დააფიქსირა თერმოკარსტული ძაბრები და შეცდომით მიიჩნია როგორც მეტეორიტული მომცრო კრატერები.[7]

1928 წლის ნოემბერში კულიკი ლენინგრადში ბრუნდება. გამოდიოდა მოხსენებებით. ალექსანდრე ფერსმანის ხელშეწყობით მეცნიერებათა აკადემიამ გადაწყვიტა დაეფინანსებინა ახალი ექსპედიცია, რომელსაც სათავეში ისევ კულიკი ჩაუდგებოდა. ამჯერად ექსპედიციის მიზანი იყო გამოევლინათ მეტეორიტის ნარჩენები.

1929 წლის 24 თებერვალს ექსპედიცია გაემგზავრა ციმბირისკენ. კულიკმა ექსპედიციაში თან წაიყვანა ახალგაზრდა ასტრონომი ევგენი კრინოვი და ასევე სხვადასხვა სფეროდან რამდენიმე გამცდილი სპეციალისტი. ექსპედიცია საუკეთესოდ იყო აღჭურვილი. შესაძლებელი იყო გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და ბურღვითი სამუშაოების ჩატარება.[5]

6 აპრილს ექსპედიცია მივიდა დანიშნულების ადგილას. მეტეორიტის ნამსხვრევების ძებნა უპირველეს ყოვლისა დაიწყო ე. წ. სუსლოვსკის ძაბრში. მაისის ბოლოს თხრილის დამუშავება დაასრულეს. თხრილის სიგრძემ შეადგინა 38 მ, ხოლო სიღრმემ 4 მ. შეუდგნენ ძირის გასუფთავებას და მათთვის გასაკვირად ვერაფერი მეტეორიტის მსგავსი ვერ აღმოაჩინეს. შემდეგ დაიწყო ბურღვითი სამუშაოები, რომელიც ხელით მიმდინარეობდა. პირველი ჭაბურღილის სიღრმემ 30 მ-ს მიაღწია; როდესაც ჭაბურღილი 25 მეტრის ნიშნულს მიუახლოვდა აღმოჩნდა წყლიანი ჰორიზონტები, რომელთა წყალმა რამდენიმე მეტრით ზედაპირისაკენ ამოიწია. შემდეგ დადგეს მეორე და მესამე ჭაბურღილები, თუმცა ისევ უშედეგოდ.

1930 წელს კულიკი ბრუნდება ლენინგრადში. ამის შემდეგ ექსპედიცია დიდი ხნით გადაიდო.

რიგით მეოთხე ექსპედიცია მხოლოდ 1937-1938 წწ. განხორციელდა. აკადემიკოსის ოტო შმიდტის დახმარებით ამ რაიონში გაატარეს აეროფოტოაგეგმვა. 1939 წლის ივლისში მცირე ექსპედიციასთან ერთად კულიკი კვლავ ეწვია ტუნგუსკის მეტეორიტის ვარდნის ადგილს. ამჯერად მან გადაწყვიტა სამხრეთის ჭაობის ფსკერის შესწავლა. სიღრმის გაზომვამ უჩვენა, რომ ჭაობის ფსკერზე არის შესამჩნევი უსწორმასწოროებანი. ამ ადგილების უსწორმასწოროებების კვლევა კულიკმა 1940 წლის ზაფხულისთვის გადადო. იგი ფიქრობდა, რომ სწორედ ამ ჭაობის ფსკერის დარღვევა წარმოადგენს მეტეორიტის კვალს.

1940 წლისათვის დაგეგმილი იყო ასევე ფართო მაგნიტომეტრიული სამუშაოების შესრულება. თუმცა 1940 წლის ექსპედიცია არ განხორციელებულა. ხოლო 1941 წელს საბჭოთა კავშირმა დაიწყო ომი ფაშისტურ გერმანიასთან. კულიკი როგორც მოხალისე გაეწვია არმიაში, სადაც 1942 წელს დაიღუპა კიდეც. ომის დამთავრების შემდეგ კულიკის ექსპედიციის განახლება არავის აღარ სძალუძდა. ამას ემატებოდა ის გარემოებაც, რომ კულიკის მიერ შესრულებულმა ოთხმა ექსპედიციამ არსებითად არაფერი არ უჩვენა. მთავარი — მეტეორიტი არ იქნა ნაპოვნი. ტუნგუსკის ფენომენის გარკვეული ხნით მივიწყება განაპირობა აგრეთვე ომის მსველობამ და მისმა შემდგომმა ვითარებამ.

კულიკის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ტუნგუსკის მეტეორიტის მიმართ ინტერესი არ ცხრებოდა. ამჯერად მისი საიდუმლოს გასარკვევად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც არსებითად არ ჰქონდათ წარმოდგენა კატასტროფის შესახებ.

1946 წელს ჟურნალ „Вокруг света“ გაჩნდა სტატია „აფეთქება“. მისი ავტორი იყო მწერალი ალექსანდრე კაზანცევი. მან წამოწია ვერსია, რომლის მიხედვით ტუნგუსკაში აფეთქდა „პლანეტშორისი ატომური ხომალდი“, რომელიც თავის მხრივ, დედამიწაზე გამოუშვეს „მარსიანელებმა“. სამეცნიერო წრეებში აღნიშნული ვერსია სერიოზულად არავინ არ განიხილა, თუმცა ახალგაზრდებში აღნიშნული ვერსია მეტად პოპულარული გახდა. საინტერესოა, რომ 1947 წელს ციმბირში ჩამოვარდა მეტეორიტი, რომელმაც შემდგომ მიიღო სახელწოდება — სიხოტე-ალინის მეტეორიტი. აღნიშნულმა მოვლენამ გარკვეულწილად დარჩრდილა ტუნგუსკის კატასტროფა.

1949 წელს ევგენი კრინოვმა გამოაქვეყნა მონოგრაფია „ტუნგუსკის მეტეორიტი“, რომელშიაც დაწვრილებით განიხილა ტუნგუსკის ისტორიის შესწავლის საკითხები.

1950 წელს ჟურნალის „Знание-сила“ ერთ-ერთმა მწერალმა წამოწია ვერსია, რომ ტუნგუსკის ადგილას აფეთქდა ვარსკვლავთშორისი (და არა პლანეტშორისი) კოსმოსური ხომალდი, რომელმაც საბოლოოდ წარმოშვა სამხრეთის ჭაობი. ტუნგუსკასთან დაკავშირებით შემდეგ წლებში მიმდინარეობდა გამოკვლევები, რომლებიც არსებითად მაინც ვერ ხსნიდა ტუნგუსკის ფენომენის ბუნებას. ვრცელდებოდა მხოლოდ ვერსიები. 1953 წელს ტუნგუსკა მოინახულა კირილ ფლორენსკიმ.

1958 წლის 30 ივნისი იყო ტუნგუსკის მეტეორიტის საიუბილეო თარიღი. ჟურნალ გაზეთებში იბეჭდებოდა სტატიები, სადაც საუბრობდნენ კულიკის მიერ ნაპოვნ მცირე ზომის რკინის ნაწილაკებზე, შესაბამისად მიიჩნევდნენ, რომ ტუნგუსკის მეტეორიტის ვარდნის საკითხი გარკვეულია. გაჩნდა ვერსია, რომ ტუნგუსკაში ჩამოვარდა მეტეორიტი, რომელიც რკინისგან შედგებოდა. შემდეგ წლებში შეიქმნა სამოყვარულო არაფორმალური ორგანიზაცია — „КСЭ“. საბოლოოდ ვერც კულიკმა და ფლორენსკიმ, ვერც „КСЭ“-მ მეტეორიტების მსგავსი რაიმე საგანი ვერ აღმოაჩინეს.

1975 წელს გიორგი პეტროვმა დააფიქსირა, რომ ტუნგუსკის სხეული იყო მეტად ფხვიერი და 10-ჯერ აჭარბებდა დედამიწის ზედაპირის ჰაერის სიმჭიდროვეს.[12] მიიჩნევა, რომ მეტეორიტის აფეთქების შედეგად გამოიყო კოლოსალური ენერგია, რამაც აირად აქცია მეტეორიტის მასა.

ძირითადი შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუნგუსკის მეტეორიტთან დაკავშირებული საყოველთაოდ მიღებული ჰიპოთეზები, რომლებიც ხსნიან მოვლენის განსაკუთრებულობას, დღემდე არ მოიპოვება. ამასთანავე არსებული ვერსიები და შეხედულებები მეტად სხვადასხვაგვარია.

1970 წელს საბჭოთა ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი მიდიოდა 1969 წლამდე არსებულ ყველა თეორიაზე, საბოლოოდ ჟურნალში თითქმის 80 ასეთი თეორია აღიწერა.

1930-იან წლებში ბრიტანელი მეტეოროლოგი ფრენსის უიპლი წერს, რომ ტუნგუსკის მოვლენა დაკავშირებულია კომეტის ბირთვის დაცემასთან დედამიწაზე.[7] მსგავსი თეორია შემოგვთავაზა ცნობილმა ბუნებისმეტყველმა ვლადიმერ ვერნადსკიმ, რომელმაც მიიჩნია, რომ ტუნგუსკის სხეული იყო ფხვიერი სქელი კოსმოსური მტვერი.[7] ასეთი ახსნა ბევრმა ასტრონომმა გაიზიარა.

გაანგარიშებით გამოითვალა, რომ კატასტროფის წარმომქმნელი ძალის ასახსნელად ციურ სხეულს უნდა ჰქონოდა მასა დაახლოებით 5 მლნ. ტ.

მკვლევარები ცდილობდნენ ასევე მეტეორიტული ჰიპოთეზის საბოლოოდ დამუშავებას. რიგი ასტრონომები ამტკიცებენ, რომ კომეტა მაღლა ატმოსფეროში უნდა დამსხვრეულიყო, ამიტომ მის ნაცვლად უნდა ჩამოვარდნილიყო ქვის ასტეროიდი.

ასტრონომ იგორ ასტაპოვიჩის მიხედვით, ტუნგუსკის ფენომენი შეიძლება აიხსნას ატმოსფეროს სქელი ფენებიდან მსხვილი მეტეორიტის რიკოშეტით.

ნასას სეციალისტების მიხედვით (რომელიც გამოითქვა 2009 წლის ივნისში) ტუნგუსკის მეტეორიტი შედგებოდა ყინულისაგან, ხოლო მისმა გავლამ ატმოსფეროს სქელ ფენებში გამოიწვია იშვიათი ატმოსფერული მოვლენების წარმოქმნა.[13] იგივე აზრს იზიარებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ატმოსფეროს ფიზიკის ინსტიტუტი.[13]

ჰიპოთეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლივერ ნიჩელსონის მიხედვით ტუნგუსკის აფეთქება შესაძლოა იყო ნიკოლა ტესლას ცდის შედეგი. აღნიშნულმა თეორიამ ვერ მიიზიდა მომხრეები, რამეთუ არარსებობდა დამამტკიცებელი საბუთები, კერძოდ მეტეორიტის მცირე ნაწილაკების არსებობა და ასევე ხეების რადიალური განლაგება არ ხდის დამაჯერებელს აღნიშნულ შეხედულებას.[14][15][16]

ასტროფიზიკოსმა ვოლფგანგ კუნდტმამ განავითარა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, ტუნგუსკის მოვლენა გამოიწვია დედამიწის ქერქის შიგნით არსებული ბუნებრივი აირის უეცარმა განთავისუფლებამ და მისმა შემდგომმა უძლიერესმა აფეთქებამ.[17][18] ანალოგიური ჰიპოთეზა ვერნეშოტი წამოყენებულ იქნა ტუნგუსკის კატასტროფის ასახსნელად.[19]

1941 წელს ლინკოლნ ლაპაზმა, ხოლო შემდეგ 1965 წელს კლაიდ კოუენმა, ჩანდრა ატლურიმ და ვილარდ ლიბიმ შემოგვთავაზეს, რომ ტუნგუსკის მოვლენა გამოწვეული იყო კოსმოსიდან ჩამოვარდნილი ანტინივთიერების ნაწილაკის განადგურებით.[14][20]

მოვლენის მიზეზი დღემდე ხშირი დისკუსიის საგანია.[21]

შავი ხვრელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წელს ტეხასის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა ალბერტ ჯექსონმა და მაიკლ რაიანმა ივარაუდეს, რომ ტუნგუსკის მეტეორიტი იყო შავი მიკროხვრელი, რომელსაც ჰქონდა მასა 1017 -იდან 1019 კგ-მდე,[14][22] რაც, თავის მხრივ, შეესაბამება ასტეროიდის მასას. შავი ხვრელი შეეჯახა დედამიწას ცენტრალური ციმბირის ტერიტორიიდან, მოხდა გამჭოლი გარღვევა, საიდანაც შავი ხვრელი აღმოჩნდა ცენტრალურ ამერიკაში (ნიუფაუნდლენდსა და გრენლანდიას შორის). ამას ხელი შეუწყო ატმოსფერულმა მოვლენებმა და დარტყმითმა ტალღამ.

ასტეროიდი თუ კომეტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუნგუსკის სხეულის შედგენილობა დღემდე დისკუსიის საგანია. 1930 წელს ბრიტანელმა ასტრონომმა ფრანსის უიპლმა შემოგვთავაზა იდეა, რომლის თანახმად ტუნგუსკის სხეული არის უმნიშვნელო კომეტა. კომეტური მეტეორიტები, რომლებიც ძირითადად შედგება ყინულისა და მტვრისაგან, შესაძლებელია რომ აორთქლებულიყო დედამიწის ატმოსფეროსთან შეჯახების დროს, რის შემდეგ მოისპო ყველანაირი ხილვადი კვალი. კომეტურ ჰიპოთეზას ამყარებს კაშკაშა ცა (ან „skyglows“ ან „ნათელი ღამეები“), რომელიც შეიმჩნეოდა რამდენიმე ღამის განმავლობაში მთელი ევროპის ტერიტორიაზე. აღნიშნული მოვლენა შესაძლოა აიხსნას გაძლიერებული მტვრისა და ყინულის შედგენილობით, რომელიც გაიფანტა ატმოსფეროს ზედა ფენიდან კომეტის კუდისაგან.[23] ტუნგუსკის კომეტურმა ჰიპოთეზამ საბჭოთა კავშირში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 1960-იან წლებში.[23]

1978 წელს ასტრონომმა ლუბორ კრესაკმა ივარაუდა, რომ ტუნგუსკის სხეულის ფრაგმენტი არის ენკეს მოკლეპერიოდული კომეტები, რომელიც პასუხს აგებს ბეტა ტაურიდის მეტეორთა ნაკადზე: ტუნგუსკის მოვლენა დაემთხვა ნაკადის მაქსიმუმს,[24] როგორც ეს მოსალოდნელი იყო ამდაგვარი ფრაგმენტისაგან.[23] დღევანდელ დროში ცნობილია, რომ ამდაგვარი ტიპის სხეულები ფეთქდება დედამიწის ზედაპირიდან ათეულ და ასეულ კილომეტრებზე. სამხედრო თანამგზავრებმა არაერთხელ დააფიქსირეს აღნიშნული მოვლენები.[25]

1983 წელს ასტრონომმა ზდენეკ სეკანინმა გამოაქვეყნა სტატია „კომეტის ჰიპოთეზის კრიტიკა“. მან აღნიშნა, რომ სხეული, რომელიც კომეტური ნივთირებისაგან შედგებოდა, ატმოსფეროში მოგზაურობისას წესით უნდა დამსხვრეულიყო, იმ დროს როდესაც ტუნგუსკის სხეული ატმოსფეროს ქვედა ნაწილში დარჩა. სეკანინა მიუთითებდა, რომ არსებული გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ ტუნგუსკა იყო ქვის მსხვილი ობიექტი, შესაძლოა ასტეროიდული წარმოშობის. აღნიშნულმა ჰიპოთეზამ მიიღო გაგრძელება 2001 წელს, როდესაც გამოქვეყნდა ფარინელასა და ფოსჩინის თანაავტორობით შექმნილი ნაშრომი, სადაც ნავარაუდევია ობიექტის შესაძლო შემოჭრა ასტეროიდთა სარტყლიდან.

კომეტური ჰიპოთეზის მომხრეებმა მიიჩნიეს, რომ ობიექტი იყო ამომწყდარი კომეტა ქვის მანტიით, რაც დაეხმარა ობიექტს შეჭრილიყო ატმოსფეროში.

ასტეროიდულ ჰიპოთეზაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ქვიურ ობიექტს უნდა შეექმნა დედამიწის ზედაპირზე კრატერი, მაგრამ ცნობილია, რომ ამდაგვარ წარმონაქმნს ვერსად ვერ მიაკვლიეს. გამოქვეყნდა სხვადასხვა მოდელები, ხოლო 1993 წელს გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვიური სხეულის დიამეტრი უნდა ყოფილიყო 60 მ (200 ფუტი). 2008 წელს ტუნგუსკის სამგანზომილებიანი მოდელირება შექმნეს უტუჟნიკოვმა და რუდენკომ.[26] გამოვლინდა, რომ ტუნგუსკა უფრო კომეტური წარმოშობისაა. მათი შედეგების მიხედვით, კომეტური ნივთიერება იფანტება ატმოსფეროში, ხოლო ტყეების განადგურება განაპირობა დარტმითმა ტალღამ.

1990-იან წწ. იტალიელმა მკვლევარებმა შეისწავლეს ფისი, რომელიც ამოიღეს იმ ხეებიდან, რომლებიც 1908 წლის მოვლენებს ესწრებოდნენ. მათ აღმოაჩინეს მაღალ დონეზე მყოფი ქსოვილები, რომლებიც გვხვდება კლდოვან ასტეროიდებში და იშვიათად კომეტებში.[27][28] ჟურნალ „Geophysical Research Letters“ გამოქვეყნდა გამოკვლევა, რომლის თანახმად დარტყმა გამოწვეული იყო კომეტით.

ჩეკოს ტბა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლონიის უნივერსიტეტის გეოლოგების ჯგუფმა წამოწიეს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით ტუნგუსკის მეტეორიტის კრატერის ნაშთს შესაძლოა სწორედ რომ ჩეკოს ტბა წარმოადგენდეს. ტბის სიღრმე 50 მ-მდეა, ხოლო ფსკერი კონუსისებრი ფორმისაა. 1961 წელს ტბაზე ჩატარდა დეტალური გამოკვლევა და დადგინდა, რომ ტბის ასაკი შეადგენს არა ნაკლებ 5000 წელს.[29] თუმცა ახალმა კვლევებმა საპირისპირო უჩვენა; სახელდობრ ტბის ფსკერის შლამის მხოლოდ 1 მეტრამდეა ტბასთან დაკავშრებული სედიმენტაციის შედეგი, რაც მიუთითებს, რომ ტბის ასაკი სულ რაღაც 100 წლამდეა.[30] ზონდირების აკუსტიკური ექო გვარწმუნებს ტბის ფსკერის მეტეორიტულ წარმოშობაზე. ზონდირებამ უჩვენა ასევე ტბის ფსკერის კონუსისებური ფორმაც.[31] ასაკი დაფუძნდა ტბის ფსკერზე არსებული შლამის დანალექებიდან გამომდინარე. მაგნიტური მონაცემები უჩვენებენ შესაძლო ქანის არსებობას, რომელიც შეიძლება შეჯახების სხეულის ფრაგმენტს წარმოადგენდეს.

იტალიელი მეცნიერების დასკვნები გამოქვეყნდა ბოლონიის უნივერსიტეტის საიტზე.[32]

ტუნგუსკა და ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე კაზანცევის ერთ-ერთ რომანსა და თხრობაში გაშუქებულია უცხოპლანეტელ ხომალდთა ჰიპოთეზა, რომელიც მეტად პოპულარული გახდა საბჭოთა ფანტასტიკაში. სტანისლავ ლემი რომანში „ასტრონავტები“, იყენებს იგივე ჰიპოთეზას, სადაც საუბრობს, რომ ხომალდი სადაზვერვო იყო, რომელიც მიმართული იყო პლანეტა ვენერის მაცხოვრებელთა მიმართ, რომლებიც თავის მხრივ, ემზადებოდნენ დედამიწის დაპყრობისათვის და განადგურებისათვის.

ძმები სტრუგაცკები ერთ-ერთ მოთხრობაში, იუმორით შეხვდნენ აღნიშნულ ჰიპოთეზებს და წამოაყენეს თავიანთი ახალი ვერსია, სადაც ხომალდი განიხილება არა მარტო როგორც უცხოპლანეტური წარმოშობის, არამედ როგორც სხვა სივრციდან მყოფი ხომალდი, რომელშიაც დრო ჩვენ დროსთან შედარებით უკუღმა მოძრაობს.[33]

იუმორის მიუხედავად, ტუნგუსკის მეტეორიტის უკუღმა დროში მოძრაობის ჰიპოთეზა, სსრკ-ში გამოთქმული იყო ჯერ კიდევ 1969 წლამდე, ხოლო შემდეგ 2000 წწ., სადაც ლიტერატურულად აიღწერა იური პერმატიევის მიერ.[34] კრებულში „ფანტასტიკა. 1964 წელი“ გამოქვეყნდა ჰენრიხ ალტშულერისა და და ვალენტინა ჟურავლიოვას სტატია „მოგზაურობა პოლემიკის ეპიცენტრში“,[35] სადაც საუბარი მიდის ფანტასტიკურ ჰიპოთეზაზე, რომლის თანახმად აფეთქება გამოწვეული იყო ლაზერული სიგნალით.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული მეტალ-ჯგუფ მეტალიკის სიმღერაში All Nightmare Long მოყოლილია ტუნგუსკის მეტეორიტის მოვლენები.

კომპიუტერული თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კომპიუტერულ თამაშში Crysis 2 მოხსენიებულია ორი მეცნიერი, ჯეიკობ ჰარგრივი და კარლ ერნესტ რაში, რომლებმაც 1919 წელს ტუნგუსკაში მოიპოვეს უცხოპლანეტური წარმოშობის ტექნოლოგიური ნიმუშები. თამაშის მოქმედება ვითარდება 2023 წელს.
  • კომპიუტერულ თამაშში Secret Files: Tunguska აგებულია არტეფაქტის ირგვლივ, რომელიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ჩამოვარდა მეტეორიტი.

მსგავსი მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი ადგილი აფეთქების მიღწევადობა (ტროტილის ეკვივალენტი) აფეთქების სიმაღლე შენიშვნა
1908 წლის 30 ივნისი ტუნგუსკა. ეს ხაზი წარმოადგენს მონაცემების შედარების წარმოდგენას. ვანავარის ჩრდილო-დასავლეთით 60 კმ 60°53′09″ ჩ. გ. 101°53′40″ ა. გ. / 60.88583° ჩ. გ. 101.89444° ა. გ. / 60.88583; 101.89444 კრასნოიარსკის მხარე, რუსეთის იმპერია 10-15 მგ/ტ ტროტილურ ეკვივალენტში (42-63 PJ) 8.5 კმ
1930 წლის 13 აგვისტო მდინარე კურუკა, ამაზონასი, ბრაზილია ტროტილის 0,1-1,0 მგ/ტ
1965 წლის 31 მაისი სამხრეთ-აღმოსავლეთ კანადა 600 ტ. ტროტილურ ეკვივალენტში 13 კმ მეტეორიტის ნარჩენის მხოლოდ 1 გრ. ნაპოვნი
1966 წლის 17 სექტემბერი ჰურონი, მიჩიგანი, აშშონტარიო, კანადა 600 ტ. ტროტილურ ეკვივალენტში 13 კმ მეტეორიტის ვერანაირი მასალა ვერ აღმოაჩინეს
1967 წლის 5 თებერვალი ვილნა, ალბერტა, კანადა 600 ტ. ტროტილურ ეკვივალენტში 13 კმ ნაპოვნია ორი ძალიან პატარა ფრაგმენტი.[36]
1979 წლის 2 სექტემბერი ინდოეთის ოკეანის სამხრეთი ნაწილი 2 კლ/ტ. ტროტილურ ეკვივალენტში ისტორიაში ცნობილი როგორც ველის ინციდენტი
1993 წლის 19 იანვარი ლუგო, ჩრდილოეთ იტალია >10 კლ/ტ. ტროტილურ ეკვივალენტში
1994 წლის 18 იანვარი კანდო, ესპანეთი
1997 წლის 9 დეკემბერი გრენლანდია 62°54′ ჩ. გ. 50°06′ დ. გ. / 62.900° ჩ. გ. 50.100° დ. გ. / 62.900; -50.100 >0.064 კლ/ტ. ტროტილურ ეკვივალენტში >25 კმ ნარჩენები დღემდე არ არის ნაპოვნი.[37]
2002 წლის 6 ივნისი ხმელთაშუაზღვიური მეტეორიტი
2002 წლის 25 სექტემბერი ვიტიმის ბოლიდი (რუსეთი) 0.5-5 კლ/ტ. ტროტილურ ეკვივალენტში
2009 წლის 7 ოქტომბერი ნუბიის უდაბნო, სუდანი 0.9–2.1 კლ/ტ. ტროტილურ ეკვივალენტში ნაპოვნია ფრაგმენტები

ბრაზილიური ტუნგუსკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წლის 13 აგვისტოს ბრაზილიაში დაფიქსირდა ტუნგუსკის მსგავსი მოვლენა, რომელმაც ბრაზილიური ტუნგუსკის სახელწოდება მიიღო.[38] ბრაზილიური ტუნგუსკა პრაქტიკულად არ არის შესწავლილი[39][40], რამეთუ მოვლენა დაფიქსირდა ძნელადმისადგომ რაიონში; შესწავლას ხელი შეუშალა ასევე აქ განვითარებულმა ბანდიტიზმა.[41]

ვიტიმის ბოლიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის 25 სექტემბერს მდინარე ვიტიმის რაიონში (ირკუტსკის ოლქი) შეიმჩნეოდა ძლიერი ბოლიდი. დაფიქსირდა ძლიერი სიკაშკაშე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ანათებდა ღამის ტაიგას.[42] ვარდნის შემდეგ დაიწყო ძლიერი ხმაური, რომელიც აფეთქებას წააგავდა. ვარდნის ადგილი დაახლოებით იმეორებს ტუნგუსკის მეტეორიტის მოვლენას, თუმცა ამ უკანასკნელისაგან უფრო მცირე მასშტაბებით გამოირჩევა.[43]

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუნგუსკის მეტეორიტი ცნობილია ასევე როგორც ტუნგუსკის ასტეროიდი,[44] ტუნგუსკის მეტეოროიტი, ტუნგუსკის ფენომენი და ტუნგუსკის აფეთქება.[45]

ტუნგუსკის მოვლენა და ლეონიდ კულიკი საფოსტო მარკაზე (სსრკ, 1958)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 71.
  • ჯაფიაშვილი ვ., მოწყვეტილი ვარსკვლავები და ციური ქვები, თბ., 1976
  • Васильев Н. В. [თანაავტ.], Новые данные о предполагаемом космическом веществе в районе Тунгусской катастрофы, «Проблемы космической физики», 1974, № 9: Пасечник И. П., Предварительная оценка параметров взрыва Тунгусского метеорита по сейсмическим и барографическим данным, в кн.: Современное состояние проблемы Тунгусского метеорита, Томск, 1971
  • Коробейников В. П., Чушкин П. И., Шуршалов Л. В., Об ударных волнах при полёте и взрыве метеоритов, в сборнике: Проблемы метеоритики, Новосиб., 1975;
  • Петров Г. И., Стулов В. П., Движение больших тел в атмосферах планет, «Космические исследованиях, 1975, т. 13, №4
  • Вронский Б. И. Тропой Кулика, Издание третье. М., «Мисль» 1984

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Пасечник, И. П. Refinement of the moment of explosion of the Tunguska meteorite from the seismic data. – Cosmic Matter and the Earth. ნოვოსიბირსკი: Наука, 1986, გვ. 66 (რუსული).
  2. P. Farinella, L. Foschini, Ch. Froeschlé, R. Gonczi, T. J. Jopek, G. Longo, P. Michel Probable asteroidal origin of the Tunguska Cosmic Body წაკითხვის თარიღი: 2011-09-17
  3. Trayner, C. Perplexities of the Tunguska meteorite წაკითხვის თარიღი: 2011-09-17
  4. Amir Alexander. (2008-04-15) The Tunguska Riddle: How Powerful was the Greatest Asteroid Impact in Recorded History?. planetary.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-20. ციტირების თარიღი: 2011-09-17.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Вронский Б. И. Тропой Кулика, მესამე გამოცემა. მოსკოვი: „Мисль“. 1984, გვ. 6-21
  6. ტუნგუსკის მეტეორიტი (კოორდინატები 60°54′07″ ჩ. გ. 101°54′16″ ა. გ. / 60.901944° ჩ. გ. 101.904444° ა. გ.). mymeteorite.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-21. ციტატა: „Взрывом был полностью повален лес на огромной территории — на площади 2150 квадратных километров (это примерно соответствует площади современной Москвы). Вспышка обожгла лес на площади 200 квадратных километров и вызвала огромный лесной пожар.“ ციტირების თარიღი: 2011-09-17.
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 Rubtsov V (2009). The Tunguska Mystery (Astronomers' Universe). ნიუ-იორკი, აშშ: Springer, გვ. 328. ISBN 978-0-387-76573-0. 
  8. Denning W. F. Genial June // Nature. 1908. V. 78. N 2019. გვ. 221. Цит. по: Rubtsov, 1.
  9. ტუნგუსკის მეტეორიტი – დოკუმენტური კინოფილმი (ნაწილი პირველი).
  10. ტუნგუსკის მეტეორიტი – 1908. მზის სისტემის მცირე სხეულები. ციტირების თარიღი: 2009-09-16.
  11. ტუნგუსკის მეტეორიტი. კრასნოიარსკი. სახალხო ენციკლოპედია. ციტირების თარიღი: 2009-09-16.
  12. ტუნგუსკის მეტეორიტი როგორც 1908 წლის უნიკალური ბუნებრივი მოვლენა. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია.
  13. 13.0 13.1 NASA лишило Тунгусского гостя его тайны. Правда.Ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-31. ციტირების თარიღი: 2011-09-18.
  14. 14.0 14.1 14.2 Stableford, Brian (2006). Science Fact and Science Fiction. CRC Press, გვ. 303. ISBN 9780415974608. ციტირების თარიღი: 2008-12-24. 
  15. Nichelson, Oliver. Tesla's Fuelless Generator and Wireless Power Transmission. ციტირების თარიღი: 2007-06-18.
  16. (1993-08) The Fantastic Inventions of Nikola Tesla. Adventures Unlimited Press, გვ. 256–257. ISBN 9780932813190. ციტირების თარიღი: 2008-12-23. [მკვდარი ბმული]
  17. Choi, Charles Q. (1 ივლისი, 2008), Massive Tunguska Blast Still Unsolved 100 Years Later. Fox News. წაკითხვის თარიღი:2011-09-18
  18. AFP (28 ივნისი, 2008), 100 years on, mystery shrouds massive 'cosmic impact' in Russia. Agence France-Presse. წაკითხვის თარიღი:2011-09-18
  19. Morgan et al. (15 იანვარი, 2004), "Contemporaneous mass extinctions, continental flood basalts, and ‘impact signals’: are mantle plume-induced lithospheric gas explosions the causal link?" Earth and Planetary Science Letters 217. წაკითხვის თარიღი:2011-09-18
  20. Cowan, C., Atluri, C. R. & Libby, W. F. (29 მაისი, 1965), Possible Anti-Matter Content of the Tunguska Meteor of 1908. Nature 206, 861 – 865; DOI:10.1038/206861a0 წაკითხვის თარიღი:2011-09-18
  21. Meteoriten-Einschlag in Sibirien vor 100 Jahren. Neue Zürcher Zeitung, Online-Ausgabe (NZZ-Online) (2008-06-30). ციტირების თარიღი: 2010-02-23.
  22. “Was the Tungus Event due to a Black Hole?” Nature, vol. 245, 14 სექტემბერი, 1973, გვ. 88–89.
  23. 23.0 23.1 23.2 Shoemaker, Eugene (1983). „Asteroid and Comet Bombardment of the Earth“. Annual Review of Earth and Planetary Sciences. US Geological Survey, Flagstaff, Arizona: Annual Review of Earth and Planetary Sciences. 11 (1): 461. Bibcode:1983AREPS..11..461S. doi:10.1146/annurev.ea.11.050183.002333.
  24. The Tunguska object—A fragment of Comet Encke. Astronomical Institutes of Czechoslovakia.
  25. Nemtchinov, I.V.; C. Jacobs and E. Tagliaferri (1997). „Analysis of Satellite Observations of Large Meteoroid Impacts“. Annals of the New York Academy of Sciences. 822 (1 Near–Earth Ob): 303–317. doi:10.1111/j.1749-6632.1997.tb48348.x.
  26. Utyuzhnikov, S.V. and Rudenko, D.V. An adaptive moving mesh method with application to nontstationary hypersonic flows in the atmosphere Proceedings of the Institution of Mechanical Engineers, Part G, J. of Aerospace Engineering, 2008, 222 (5): 661–671
  27. Longo, G.; Serra R., Cecchini S. and Galli M., (1994). „Search for microremnants of the Tunguska Cosmic Body“. Planetary and Space Science. UK: Elsevier Science Ltd. 42 (2): 163–177. doi:10.1016/0032-0633(94)90028-0.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link) CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  28. Serra, R.; Cecchini S. and Galli M, and Longo G. (1994). „Experimental hints on the fragmentation of the Tunguska cosmic body“. Planetary and Space Science. UK: Elsevier Science Ltd. 42 (9): 777–783. doi:10.1016/0032-0633(94)90120-1.
  29. Florenskiy, K P (1963). „Preliminary results from the 1961 combined Tunguska meteorite expedition“. Meteoritica. 13. ციტირების თარიღი: 2007-06-26.
  30. Gasperini, L.; Bonatti, Enrico; Longo, Giuseppe; et al. (აპრილი, 2008). „Reply—Lake Cheko and the Tunguska Event: impact or non-impact?“. Terra Nova. 20 (2): 169–172. doi:10.1111/j.1365-3121.2008.00792.x. ციტირების თარიღი: 2008-05-27. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |first=-ში (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  31. Gasperini, L.; et al. (ივნისი, 2008). „The Tunguska Mystery“. Scientific American: 80–86. ციტირების თარიღი: 2008-06-08. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |first=-ში (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  32. Tunguska homepage of the University of Bologna. ციტირების თარიღი: 2011-09-19.
  33. Стругацкие А. и Б. «Понедельник начинается в субботу». История третья. Всяческая суета. Глава 5.
  34. Юрий Пернатьев. ч. 1: Что же упало на Тунгуску? // Великие загадки истории / ред. С. Силяр. — Харьков: Книжный клуб, 2006. — 416 с. — 20 000 экз. — ISBN 966-343-411-2
  35. Альтов Г. Летящие по Вселенной. Научно-фантастические рассказы. / Г. Альтов, В. Журавлева. — М.: АСТ, 2002. — 841 с.
  36. Canadian Meteorite Catalogue (pdf). turnstone.ca. ციტირების თარიღი: 2011-09-19.
  37. Greenland meteor on 9 December 1997 დაარქივებული 18 February 2013[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები . goes.gsfc.nasa.gov. წაკითხვის თარიღი: 2011-09-19
  38. Bailey, M. E.; Markham, D. J., Massai, S., & Scriven, J. E.. The 1930 August 13 'Brazilian Tunguska' event. adsabs.harvard.edu. ციტირების თარიღი: 2011-09-19.
  39. Борис Силкин, ბრაზილიური ტუნგუსკა Вокруг Света, № 6(2681), ივნისი, 1997. წაკითხვის თარიღი: 2011-09-19
  40. WINTER, Othon e LEITE, Bertília. Fim de milênio: uma história dos calendários, profecias e catástrofes cósmicas. რიო-დე-ჟანეირო: Jorge Zahar Editor, 1999. გვ. 119. წაკითხვის თარიღი: 2011-09-19
  41. ბრაზილიური ტუნგუსკა, ინფორმაცია და მისი ტუნგუსკის მეტეორიტთან შედარება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-24. ციტირების თარიღი: 2009-10-22.
  42. ვიტიმის მეტეორიტი. Nature.Web.Ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-10. ციტირების თარიღი: 2010-02-09.
  43. Мурашёв, Дмитрий. (29.07.2003) ვიტიმის მეტეორიტი, როგორც ჩანს, იყო კომეტა. ციტირების თარიღი: 2011-08-23.
  44. Tunguska-Asteroid. Feuerwerk über der Taiga. ციტირების თარიღი: 2010-02-23.
  45. Historische Explosion. Tunguska-Rätsel vor Lösung - Spur führt zum Krater. ციტირების თარიღი: 2010-02-23.