ტრაკაი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ტრაკაი
Trakai
ტრაკაის ციხე
ტრაკაის ციხე
გერბი
გერბი
ქვეყანა ლიტვის დროშა ლიტვა
მაზრა ვილნიუსი
კოორდინატები 54°38′ ჩ. გ. 24°56′ ა. გ. / 54.633° ჩ. გ. 24.933° ა. გ. / 54.633; 24.933
დაარსდა XIII საუკუნე
პირველი ხსენება 1337
ფართობი 11,52 კმ²
მოსახლეობა 7 000 კაცი (2007)
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
ოფიციალური საიტი http://www.trakai.lt/

ტრაკაი მდებარეობა ლიტვა

Red pog.svg

ტრაკაი (ლიტვ. Trakai, პოლ. Troki, ბელარ. Трокі) — ქალაქი ლიტვაში, ტრაკაის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. იგი მდებარეობს ვილნიუსიდან დასავლეთით 28 კმ-ზე. ტრაკაის ტბებს შორის. მდებარეობის გამო ქალაქი ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა. 2007 წლის მონაცემებით ტრაკაის ფართობი 11,52 კმ², 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა 7 000 აღწევს. ტრაკაის მოსახლეობა ისტორიულად მრავალეროვანი არის. აქ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ ლიტველები, პოლონელები, რუსები, თათრები, ებრაელები, ყარაიტები.

სახელწოდება[რედაქტირება]

ტრაკაი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1337 წლით დათარიღებულ გერმანულ ჩანაწერში, როგორც Tracken, მოგვიანებით კი Traken. ეს სახელწოდება ნაწარმოებია ლიტვური სიტყვიდან trakai (მხოლობით რიცხვში: trakas ნიშნავს კორდს, მდელოს). რეჩ პოსპოლიტას არსებობის პერიოდში პოლონურის ზეგავლენით ტრაკაი მოიხსენიება როგორც ტროკი.

დემოგრაფია[რედაქტირება]

ტრაკაის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ ლიტველები (61%), პოლონელები (21%), აგრეთვე რუსები.

გეოგრაფია[რედაქტირება]

რეგიონში არის 200 ტბა, რომელთაგან ყველაზე ღრმაა (46,7) გალვეს ტბა. გალვეს ზედაპირის ფართობი არის 3,88 კმ² (ტბაში 21 კუნძულია), ვილკოკშნისის ტბის 3,37, სკაისტისის ტბის კი 2,94. იქვე მდებარეობს ტრაკაის ისტორიულ-ეროვნული პარკი და აუკშტადვარისის რეგიონული პარკი. ტრაკაი ძირითადად აშენებულია წყალზე. იგი შემოსაზღვრულია ტბებით - ლუკა, გალვე, ტოტორიშკესი, აკმიანა, გილუშისი. ქალაქში არის მთელი რიგი ისტორიული, არქიტექტურული და კულტურული ძეგლებისა. ტრაკაის ციხეში, რომელიც გალვეს ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს, 1962 წლიდან განთავსებული არის ისტორიული მუზეუმი.

ისტორია[რედაქტირება]

დასაწყისი[რედაქტირება]

პირველი დასხლება ტრაკაის ტერიტორაზე ჩნდება ქრისტეს შობიდან პირველ ათასწლეულში. ქალაქი და მისი შემოგარენი განვითარებას იწყებს XIII საუკუნიდან, სადაც დღეს მდებარეობს ძველი ტრაკაი. ლეგენდის თანახმად, დიდმა მთავარმა გედიმინასმა ნადირობისას აღმოაჩინა მშვენიერი ტბიანი ტერიტორია კერნავედან(მაშინ კერნავე ლიტვის დედაქალაქი იყო) არც თუ ისე შორს და გადაწყვიტა აეშენებინა ციხესიმაგრე ამ მიდამობში. ახლა ამ ციხეს ჰქვია ძველი ტრაკაის ციხე და მდებარეობს ძველ ტრაკაიში. ტრაკაი პირველად იხსენიება ტევტონურ ქრონიკებში 1337 წელს და ეს თარიღი ითვლება ტრაკაის დაარსების წლად. შემდგომში, როდესაც გედიმინასი დასახლდა ვილნიუსში ტრაკაი მემკვიდრეობით გადაეცა, თავის ვაჟს კეისტუტისს. აქედან საფუძველი ეყრება ტრაკაის სათავადოს, რომელიც მომდევნო ათწლეულებში ვითარდება.

ოქროს ხანა[რედაქტირება]

ტრაკაის კუნძულის სასახლე 2 ლიტიან კუპიურაზე

დიდმა თავადმა კესტუტისმა გადაწყვიტა ძველი ტრაკაი გაეფართოვებინა და დაიწყო ახალი ხის ციხის მშენებლობა თან ამედროვე ტრაკაის ტერიტორიაზე, რომელსაც ახალ ტრაკაისაც უწოდებენ. ახალი ციხე აშენდა გალვესა და ლუკას ტბებს შორის არსებულ ვიწრო ნახევარკუნძულზე, მას ამჟამად ნახევარკუნძულის სასახლე ჰქვია. გარდა ამისა, კესტუტისმა ააგებინა კიდევ ერთი ციხე, გალვეს ტბის ერთ-ერთ კუნძულზე. ციხესიმაგრეებს შორის გაჩენილი დასახლება ნელ-ნელა იზრდებოდა, ხოლო მის დაცვას მეთავეობდა ძველი ტრაკაის, სტრევას, ბრაჟუოლეს, დანილიშკესის გორაკ-ციხეები. ტრაკაი გადაიქცა დაპირისპირების ეპიცენტრად, როდესაც კესტუტისი გადაემტერა ლიტვის დიდ მთავარ იაგაილოს. 1382 წელს იაგელოსა და კესტუტისის ჯარები ერთმანეთს შეხვდნენ ტრაკაისთან, თუმცა ომი არ შემდგარა. იაგელომ მოტყუებით შეიპყრო ბიძამისი და დააპატიმრა კრევას ციხეში. რამოდენიმეკვირიანი ტყვეობის შემდეგ კესტუტისი გარდაიცვალა, ტრაკაი კი გადაეცა იაგაილოს ძმას სკირგაილოს, რომელიც გახდა ლიტვის მმართველი. მისი მმართველობა დაემხო 1383 წელს, როდესაც კესტუტისის ძემ, ვიტაუტასმა და ტევტონებმა აიღეს ტრაკაი. 1392 წლის ასტრავას შეთანხმებამ ბოლო მოუღო შუღლს იაგაილოსა და ვიტაუტასს შორის. ამ შეთანხმების საფუძველზე ვიტაუტასმა მიიღო ლიტვის მთავრობა, მხოლოდ აღიარებდა იაგელოს ნომინალურ ძალაუფლებას. ვიტაუტასმა აგრეთვე დაიბრუნა მამამისის მიწები ტრაკაის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ მისი სამეფოს დედაქალაქი იყო ვილნიუსი, ვიტაუტასმა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ტრაკაიში გაატარა. ვიტაუტასის ბრძანებით ტრაკაის ხის ციხეები ქვით ააშენეს. არქიტექტურული თვალსაზრისით ციხეები ტევტონთა მშენებლობის სტილის ზეგავლენას განიცდიან, რადგანაც ვიტაუტასს ტევტონებთან მეკავშირეობისას გარკვეული პერიოდი მათთან ჰქონდა გატარებული. ტრაკაი გადაიქცა სამთავროს პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცენტრად, რის გამოც ტრაკაის ლიტვის დე-ფაქტო დედაქალაქს უწოდებდნენ. ქვით ნაშენი ციხეებისა და კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის დასრულების შემდეგ 1409 წელს ტრაკაიმ მიიღო მაგდებურგის სამართალი(იგი ერთ-ერთი პირველი ლიტვური ქალაქი იყო რომელსაც გააჩნდა საქალაქო კანონები). 1413 წლიდან ტრაკაი ტრაკაის სავოივოდოს რეზიდენცია იყო.

დაკნინება და აღდგენა[რედაქტირება]

ფოსტის ძველი შენობა
ტისცკიევიჩის სასახლე გალვეს ტბის ნაპირას

პოლონეთისა და ლიტვის გაერთიანების შემდეგ, 1569 წელს ციხეები რჩებოდნენ სამეფო მფლობელობაში, თუმცა ქალაქის მნიშვნელობა რამდენადმე შემცირდა. მიუხდავად ამისა, იგი მაინც რჩებოდა ადგილობრივი სეიმიკის რეზიდენციად. 1477 წელს ტრაკაიში შეხვდა პოლონეთის მეფე კაზიმირ IV ვენეციელ დესპანს. ამის შემდეგ ტრაკაის ციხე გადაიქცა პოლიტიკურად არასაიმედო პირთა სატუსაღოდ. აქ დააპატიმრა სიგიზმუნდ I-მა მოხუცმა გოშტაუტაის ოჯახი, სწამდა რა, რომ ეს უკანასკნელი შეკრული იყო მიხაილ გლინსკისთან. აგრეთვე ელენა, ალექსანდრე პოლონელის ქვრივი, დაატყვევეს, რათა არ გაქცეულიყო მოსკოვის სამთავროში. ციხე განახლდა სიგიზმუნდ I მოხუცის მიერ, რომელმაც ტრაკაიში გადაიტანა საზაფხულო რეზიდენცია, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ციხე ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. ამას დაემატა ისიც, რომ 1654 და 1667 წლებში რუსეთ-პოლონეთის ომის დროს ქალაქი გაიძარცვა და გადაიწვა. რუსეთთან ომის შემდეგ ტრაკაის ციხეები დაიქცა და ბოლო მოეღო ტრაკაის კეთილდღეობას. ჩრდილოეთის ომის დროს ტრაკაი კვლავ გაიძარცვა, შიმშილი და შავი ჭირი დაატყდა თავს. პოლონეთის დაშლის შემდეგ, 1795 წელს ტრაკაი რუსეთის იმპერიას შეუერთდა. I მსოფლიო ომის შემდეგ ტრაკაი ოკუპირებული ჰქონდა პოლონეთის რესპუბლიკას. 1929 წელს კი პოლონელებმა დაიწყეს ტრაკაის ციხეის რეკონსტრუქცია. 1939 წლისთვის ზემო ციხე უკვე აღდგენილი იყო, როდესაც პოლონეთმა თავდაცვით ომში ჩაება, რაც დასრულდა იმით, რომ ეს ტეროტორია დაიკავეს ჯერ საბჭოთა ჯარებმა, შემდეგ კი ნაცისტურმა გერმანიამ. ომის დროს ტრაკაის 5 000 ებრაელი მოქალაქე მოკლეს ნაცისტებმა. 1944 წელს ქალაქი გაათავისუფლეს საბჭოთა პარტიზანებისა და პოლონეთის ეროვნულმა არმიამ. II მსოფლიო ომის შემდეგ ტრაკაი კვლავ დაიკავა საბჭოთა კავშირმა და მოაქცია ლიტვის სსრს საზღვრებში მოაქცია. 1961 წლისთვის ზემო ციხისა და კოშკის მშენებლობა დასრულებული იყო და ქვემო ციხის ჯერი იყო. მოულოდნელად 1960 წლის 21 დეკემბერს ნიკიტა ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ ციხის აღდგენა განდიდება იქნებოდა ლიტვის ფეოდალური წარსულისა. ამიტომაც, ციხის განახლება შეწყდა 1980-იან წლებამდე და დასრულდა 1990-იანი წლების დასაწყისისთვის.

ყარაიტების თემი[რედაქტირება]

ყარაიტების კენესა
ყარაიტების ტრადიციული ხის სახლი

ყარაიტები არიან მცირერიცხოვანი თურქულენოვანი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ტრაკაიში ყირიმიდან გადმოასახლა დიდმა მთავარმა ვიტაუტასმა 1397-1398 წლებში, ერთ-ერთი წარმატებული ლაშქრობის შემდეგ ოქროს ურდოს წინააღმდეგ. ორივე, ქრისტიანულ და ყარაიტების თემს ჰყავდა თავისი ხელისუფალნი, მაგდებურგის კანონების თანახმად. მოძალებული პოლონიზაციის მიუხედავად ტრაკაი ინარჩუნებდა ყარაიტების მნიშვნელოვან კულტურულ და რელიგიური ცენტრის ფუნქციას. XVI-XVII საუკუნეებში ტრაკაიში მოღვაწეობდა ზოგიერთი ისეთი ისტორიკოსი, როგორიცაა ისააკ ბენ აბრაამ ტრაკაიელი(1533-1594?), იოსებ ბენ მორდეკაი მალინოვსკი, ზერა ბენ ნათანი, სალომონ ბენ აარონი, ეზრა ბენ ნისანი. ზოგიერთი ყარაიტი გამდიდრდნენ და წოდებაც მიიღეს. ადგილობრივი ყარაიტების თემი აღმოჩნდა ტრაკაის ეკონომიკის ხერხემალი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ხმელნიცკის აჯანყების დროს 1648 წელს. 1680 წლისთვის ქალაქში ყარაიტების მხოლოდ 30 ოჯახი დარჩა. XVIII საუკუნის დასაწყისის ომმა, შიმშილმა და სახადმა ყარაიტები სამ ოჯახამდე დატოვა. 1765 წლისთვის მათი რაოდენობა 300-მდე გაიზარდა. ტრაკაის ყარაიტების კენესა არის იშვიათი შემორჩენილი მაგალითი შიდა გუმბათიანი ხის სინაგოგისა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

სახელოვანი მოქალაქეები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: