ტიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტიკი, ტიკჭორა, გუდა-თხიერითხის ან ხბოს ტყავისაგან დამზადებული სითხის ჩასასხმელი ჭურჭელი. დაკლულ თხას ან ხბოს ოთხში ამოიღებდნენ, ნედლ ტყავს თრიმლში გამოიყვანდნენ, ბეწვიან მხარეს შიგნით მოუქცევდნენ, წინა მარჯვენა ფეხის დაბოლოებაზე ხის მასრას გამოაბამდნენ, ჭიპისა და კუდის ადგილას ხის სარქვლებს ანუ პოჭოჭიკებს გაუკეთებდნენ, დანარჩენი სამი ფეხის დაბოლოებას შიგნიდან მაგრად გაკვანძავდნენ, შემდეგ ყელიდან თბილ კუპრს ჩაასხამდნენ და მოთელავდნენ. მოკუპრულ ტიკს გაბერავდნენ, რამდენიმე ხანს მზეზე გაკიდებდნენ და შემდეგ უკვე შეიძლებოდა მისი გამოყენება.

ტიკი შუა საუკუნეების საქართველოში ღვინის გამოსაღებ ერთეულადაც მოიხსენიება. ძველ აღმოსავლეთის ქვეყნებში ტიკს მდინარეებზე გადასასვლელადაც იყენებდნენ. ხმარობდნენ აგრეთვე სამხედრო საქმეში. საქართველოში რამდენიმე ტიკზე დაბმული ფიცრებით ნავტიკებს ამზადებდნენ და სათევზაოდ და მდინარეზე გადასასვლელად იყენებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნანობაშვილი ი., ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, თბ., 1973;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტიკი&oldid=4645220“-დან