ტელეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტელეცი
Телец
ბულგარეთის მე-9 ხანი
მმართ. დასაწყისი: 762
მმართ. დასასრული: 765
წინამორბედი: ვინეხი
მემკვიდრე: საბინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დინასტია: უგაინი

ტელეცი (ბულგ. Телец) (გ. 765) — ბულგარეთის პირველი სამეფოს ხანი 762-765 წლებში. უგაინის გვარის წარმომადგენელი. იგი ქვეყანას მართავდა ბულგარეთის სახელმწიფოს კრიზისის დროს VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ტელეცის ზუსტი წარმომავლობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ იგი იყო ახალგაზრდა, მამაცი და შეუპოვარი.

ბიზანტიელი ისტორიკოსების, ნიკიფორესა და თეოფანეს ცნობით, ტელეცი ხელისუფლებაში აჯანყების შედეგად მოვიდა. ძველი მმართველობისა და ძველი დინასტიის მომხრეები ჩანან ქვეყნის სლავური მოსახლეობა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტელეცმა სლავების უდიდესი ნაწილი ბითინიაში გადაასახლა, სადაც 688-689 წლებში იუსტინიანე II-მ უკვე გადაასახლა ისინი.

ტელეცმა ილაშქრა ბიზანტიის პროვინციებში, რის პასუხადაც კონსტანტინე V-მ გადაწყვიტა თავნება ხანის მორჯულება. 763 წლის 16 ივნისს კონსტანტინეს ჯარი კონსტანტინოპოლიდან დაიძრა და ანხიალოს ციხესიმაგრის მახლობლად დაბანაკდა. ზღვიდან მას ზურგს უმაგრებდა ბიზანტიის ფლოტი. ტელეცმა თავისი ჯარი ბალკანეთის გასასვლელებში გაამაგრა და ბიზანტიელებთან შეტაკება იმ ადგილზე დაგეგმა. ბრძოლა 30 ივნისს გაიმართა. სლავების ნაწილი ბიზანტიელთა მხარეზე გადავიდა, რამაც ბრძოლის ბედი გადაწყვიტა, ტელეცი ბრძოლის ველიდან გაიქცა. კონსნტინე ტრიუმფით დაბრუნდა დედაქალაქში.

ამ მარცხის შემდეგ ბულგარელები აჯანყდნენ და ტელეცი მოკლეს. ხანის თანამდებობას იკავებს საბინი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Андреев, Й. Българските ханове и царе (VII—XIV в.). София, 1987
  • Свод древнейших письменных известий о славянах — М.: Наука. Главная редакция восточной литературы, 1991. Том 2.