ვიტალი (სიდორენკო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო))
მამა ვიტალი წირვისას

სქიარქიმანდრიტი ვიტალი (ერისკაცობაში — ვიტალი სიდორენკო; დ. 4 ივლისი, 1928 — გ. 1 დეკემბერი, 1992) — მართლმადიდებელი ეკლესიის სქიარქიმანდრიტი.

ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა ვიტალი დაიბადა სოფ. ეკატერინკოვაში, კრასნოდარის მხარეში 1928 წელს, ნიკოლოზ და ალექსანდრა (შემდგომში - მონოზონი ანდრონიკა) სიდორენკოების ღარიბ ოჯახში. გადმოცემის თანახმად, ყრმა ვიტალი ხორცს საერთოდ არ იღებდა, ხოლო ოთხშაბათ-პარასკევს მარხვას ინახავდა და რძესაც კი არ აკარებდა პირს. ვიტალიმ ბავშვობიდანვე შეიყვარა სახარება. ზარების რეკვის ხმას როგორც კი გაიგებდა, მიატოვებდა სამუშაოს და ეკლესიაში გარბოდა. 16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია. 1948 წ. ვიტალი გაემგზავრა სამების სერგიევის ლავრაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიხსნა. აქ იგი მონაწილეობას იღებდა ლავრის აღმშენებლობაში. უსაბუთოდ მყოფ ვიტალის ბერებმა ურჩიეს გლინის უდაბნოში გამგზავრებულიყო. 1948 წ. ვიტალი გლინის უდაბნოში გადავიდა მორჩილად. აქ მის სულიერ ცხოვრებას ხელმძღვანელობდენ სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ამელინი), სქემიგუმენი ანდრონიკი (ლუკაში) და მღვდელმონოზონი სერაფიმე (რომანცოვი).

დევნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლინის უდაბნო ხელმეორედ 1961 წელს დაიხურა. მამა ვიტალი ერთი პერიოდი ტაგანროგში გადავიდა საცხოვრებლად, შემდგომ კი მოგზაურობა დაიწყო რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. საბჭოთა მილიციას უყურადღებოდ არ რჩებოდა მამა ვიტალის გადაადგილება. მას ხშირად იჭერდნენ და სცემდნენ. ერთხელ მას იმდენად უმოწყალოდ სცემეს, რომ, ეგონათ შემოაკვდათ და მორგში გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, მამა ვიტალი არასდროს არ უწყრებოდა თავის მტანჯველებს და პირიქით, დიდი სიყვარულით ექცეოდა მათ.

მოღვაწეობა საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში ეკლესიის დევნა უკიდურესად გაძლიერდა. მამა სერაფიმეს კურთხევით მამებმა ვიტალი ბერად აღკვეცეს და აფხაზეთის მთებში გაამგზავრეს. აფხაზეთის მთებში მოსაგრე ბერებს ძლიერ შეუყვარდათ ახალგაზრდა ბერი, რომელზეც ამბობდნენ - ”ერთი ნაკლი აქვს - ყველაფრის გაცემა უყვარსო”. 1969 წ. სსრკ-ის_სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი-ის აგენტებმა შვეულმფრენიდან მოიძიეს ბერთა ადგილსამყოფელი და სპეცოპერაციის შედეგად ყველანი დააპატიმრეს. თუმცა ბერი ვიტალი იმ დროს სხვაგან იმყოფებოდა და დაპატიმრებას გადაურჩა. მამა სერაფიმემ გადაწყვიტა მამა ვიტალი თბილისში, წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში გაემგზავრებინა, სადაც იმ პერიოდში მოღვაწეობდა მეუფე ზინობი (მაჟუგა) (ზინობმა ბერად აღკვეცა უწმინდესი და უნეტარესი ილია II). მამა ვიტალის ძლიერ უყვარდა ქართული ღვთისმსახურება, გალობა და დიდად აფასებდა ქართველ წმინდანებს. მას ძლიერ უხაროდა საქართველოში რწმენის აღორძინება, „რუსეთს კი სძინავსო“, - ამბობდა სინანულით.

რუსეთში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წ. მამა ვიტალის რუსეთიდან ეწვივნენ სტუმრები და სთხოვეს დახმარებოდა ტაძრის აღდგენაში. მეუფე ზინობის კურთხევით მამა ვიტალი რუსეთში, ლიპეცკის ოლქის სოფ. ბუდრინოს ამაღლების ტაძრის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას. სახელმწიფო სტრუქტურებს, მართალია არ მოსწონდათ ეს პროცესი, მაგრამ ხელის შეშლა ვერ შეძლეს. 1979 წ. მამა ვიტალი მოსკოვის სამების სერგიევის ლავრაში გადავიდა, სადაც 2 წელი მოღვაწეობდა. სწორედ ამ პერიოდიდან ხდება ცნობილი მამა ვიტალის სახელი. მასთან სულიერი რჩევის მისაღებად მრავალი ადამიანი მიდიოდა.

მოღვაწეობის ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა ვიტალის საფლავი

მამა ვიტალი 1980-იან წლებში ისევ დაბრუნდა სააქართველოში. მისთვის საქართველო ყოველთვის „წმინდა ივერია“ იყო.სამოქალაქო ომი მან 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მონოზონთა თქმით, თბილისს ყოველ საათს ოთხივ კუთხივ აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა აფხაზეთის ომამდე რამდენიმე წლით ადრე აფრთხილებდა გარშემო მყოფთ: „იქნება მიწაზე საშინელი სისხლისღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილნი იქნებით. შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვებისა“. 1992 წელს ძმათამკვლელი ომის დროს მამ ვიტალის გაამკაცრა მარხვა და ლოცვა; მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა. საღამოობით კი ანთებდა უამრავ სანთელს, მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეიტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს.

მეტრო „დიდუბესთან“ იარაღით დატვირთული ვაგონების აფეთქებისას, მამა ვიტალი ღვთისმშობლის ხატით ხელში ლოცულობდა და გამოტყორცნილ ჭურვებს აკურთხებდა. საოცარია, მაგრამ ინცინდენტის დროს არავინ დაღუპულა.

მამა ვიტალი დიდად აფასებდა მის თანამებრძოლს სულიერ ბრძოლაში — მამა გაბრიელს და ამბობდა: „გაბრიელ ბერი - უდიდესი ბერია“.

მამა ვიტალი გარდაიცვალა 1992 წლის 1 დეკემბერს. მიცვალებულს წესი უწმინდესმა და უნეტარესმა, პატრიარქმა ილია II-მ აუგო. მონაზონთა გადმოცემით, მამა ვიტალის უთქვამს: „მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებით“. მამა ვიტალი დასაფლავებულია თბილისში, წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში. მის საფლავზე ყოველდღიურად მოდიან მორწმუნეები, მოაქვთ ყვავილები და ანთებენ სანთლებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება მამა ვიტალის დაკრძალვაზე 1992 წლის 5 დეკემბერი:

„დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს უდიდეს ბერს, სქემარქიმანდრიტ ვიტალის. ვინც მას იცნობდა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, იცის, რაოდენ წმიდა იყო ამ გასაოცარი ბერის ცხოვრება. გასაოცარი და წმიდა რწმენა, განუზომელი სიყვარული, სამაგალითო თავმდაბლობა და მორჩილება - ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასთვის, ვისაც მისგან ნუგეშის მიღება ჰქონდა. ეს იყო წმიდა ბერი, მე არაერთხელ მინახავს ეს სიწმიდე, რომელსაც იგი თავის გარშემო აფრქვევდა. დღეს, ძმანო და დანო, ჩვენ ვაცილებთ მას, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარადჟამს ჩვენთანაა და იმისათვის, რომ ყველას ყოველდღიურად გვქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ, იგი წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დავკრძალოთ. ეს ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხშირად მივიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კურთხევა. ისევე, როგორც სიცოცხლეში, იგი ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ. უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ერთ-ერთია იმ ბერთაგან, რომლებიც განსაცდელის მძიმე ჟამს სიყვარულით მიიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთივკურთხეულმა ივერიამ...“

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო). საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა. 2007
  • ”საპატრიარქოს უწყებანი“, № 47 (255), 2003

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]