სუმბატ დავითის ძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუმბატ დავითის ძე
დაიბადა სუმბატ დავითის ძე ბაგრატიონი
XI საუკუნის პირველი ნახევარი
გარდაიცვალა XI საუკუნის პირველი ნახევარი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ქართველი ისტორიკოსი

სუმბატ დავითის ძე (ბაგრატიონი), XI საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი ისტორიკოსი. ავტორია ისტორიული ქრონიკისა "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა ჩუენ ქართუელთა მეფეთასა, თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანი რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა".

ბიოგრაფიული ცნობები სუმბატ დავითის ძის შესახებ არ მოგვეპოვება. როგორც ე. თაყაიშვილმა გაარკვია, ის უნდა იყოს ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. სუმბატ დავითის ძის ნაშრომი ადამიდან იწყება და მთავრდება 1030/1031 ამბებით. ავტორის მიზანი იყო ეჩვენებინა ბაგრატიონთა წარმომავლობა, მათი საქართველოში მოსვლა, გამეფება და მეფეთა ისტორია.

ნაშრომის დასაწყისი ნაწილი ემყარება ბიბლიას. სუმბატ დავითის ძეს ბაგრატიონები ებრაელთა მეფისა და წინასწარმეტყველის დავითის შთამომავლებად გამოყავს. მისი აზრით, ისინი პალესტინიდან საქართველოში VI საუკუნეში მოვიდნენ და ერთი მათგანი გუარამი - ქართლის ერისმთავარი გახდა. ნაშრომის ის ნაწილი, რომელშიც მოთხრობილია ამბები ამ გუარამიდან აშოტ I-მდე, ემყარება "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ცნობება. აშოტ I-იდან ბაგრატ III-მდე პერიოდის შესახებ სუმბატ დავითის ძეს ხელთ ჰქონის ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა საგვარეულო მატიანეები. ეს ნაწილი შეიცავს უხვ და სარწმუნო ქრონოლოგიურ ცნობებს. ბაგრატ III-ის მეფობის ბოლო წლებიდან სუმბატ დავითის ძე აღწერს თავის თანადროულ მოვლენებს.

სუმბატ დავითის ძე ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების მომხრეა. მისი ქრონიკა ძვირფასი ისტორიული წყაროა განსაკუთრებით VIII-XI საუკუნის I ნახევრის საქართველოს ისტორიისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება]