სულა კალმახის ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სულა კალმახის ერისთავიXI საუკუნის დიდი ქართველი ფეოდალი, საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის (1027—1072 წწ.) ერთგული ვასალი და მოხელე, კალმახის (ციხე ტაოში) ერისთავი. სახელის მიხედვით სავარაუდოა, რომ სულა ეკუთვნოდა სამცხის დიდ ფეოდალთა — ბაჰლაუნდების შთამომავლობას — ახალ ჩორჩანელთა ანუ ლაკლაკთა საგვარეუულოს (IX საუკუნეში ბაჰლაუნდების ფეოდალური სახლი დაეუფლა უშვილოდ გადაგებული სამცხის დიდი ფეოდალის გიორგი ჩორჩანელის მამულს და იწოდა ჩორჩანელად. შემდეგ ამ ახალ ჩორჩანელებს გამოეყო ლაკლაკთა საგვარეულო განშტოება. როგორც ახალ ჩორჩანელებში, ისე ლაკლაკებში გავრცელებული იყო სახელი „სულა“).

XI საუკუნის შუა წლებში სულა, ისევე როგორც სხვა მესხი დიდებულები, დაუპირისპირდა კლდეკარის მემამულეს ლიპარიტ ბაღვაშს, რომელიც ამ პერიოდში გაბატონდა სამხრეთ საქართველოში და დიდად შეავიწროვა საქართველოს მეფის ხელისიფლება. ამ ბრძოლის დროს ლიპარიტმა შეიპყრო სულა და გრიგოლ აბუსერისძე. სულა აწამეს და კალმახის დათმობა სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. შემდეგში ტყვეები გაექცნენ ლიპარიტს, თვით შეიპყრეს იგი და მიჰგვარეს ბაგრატ IV-ს. ჯილდოდ სულას მეფემ უწყალობა ციხისჯვარი და სამცხის ძველი ადმინისტრაციული ცენტრი — ციხე–ქალაქი ოძრხე. ამით საფუძველი ჩაეყარა სამცხეში გაბატონებულ ციხისჯვარელთა საგვარეულოს. სულას საგვარეულოს მეორე შტომ მამულად დაიმკვიდრა კალმახი და მიიღო კალმახელთა სახელწოდება. სამცხის დიდ ფეოდალთა მეორე — ჯაყელთა საგვარეულო XII საუკუნის მიწურულს დაემცრო, დაკარგა ჯაყის ციხე (და ამდენად ჯაყელობა) და დარჩა მხოლოდ ფოცხოვის მემამულედ (ამიერიდან იწიდებოდა ბოცოსძეებად). ჯაყის ციხე და მასთან ერთად ჯაყელობა მიიღეს ციხისჯვარელებმა. ამის შემდეგ ისინი იწოდებოდნენ (XIII საუკუნეში) ციხისჯვარელ–ჯაყელებად. მათ XIII საუკუნის 60-იან წლებში შექმნეს სამცხის სამთავრო (XIV საუკუნიდან — სამცხე–საათაბაგო). ამრიგად, სამცხის მთავართა — ჯაყელთა წინაპარი იყო სულა კალმახის ერისთავი.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 2, თბ., 1959;
  • მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]