სტახანოვური მოძრაობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტახანოველის ორდენი

სტახანოვური მოძრაობა, სსრ კავშირში, სოციალისტური წარმოების ნოვატორთა - მოწინავე მუშების, კოლმეურნეების, ინჟინერ-ტექნიკოსთა პერსონალის მასობრივი მოძრაობა ახალი ტექნიკის ათვისების ბაზაზე შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად; წარმოიშვა 1935 წელს, II ხუთწლედში როგორც სოციალისტური შეჯიბრების ახალი ეტაპი. იგი განაპირობა სოციალისტური მშენებლობის მთელმა მსვლელობამ - ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის წარმატებებმა, მშრომელთა კულტურულ-ტექნიკური დონისა და მატერიალური კეთილდღობის ამაღლებამ.

„სტახანოვური მოძრაობა“ ეწოდება მისი წამომწყების - „ცენტრალნაია - ირმინოს“ (დონბასი) შახტის მნგრეველის ა. სტახანოვის პატივისაცემად, რომლის მიღწეულ რეკორდს შემდგომ მისმა მიმდევრებმა გადააჭარბეს 1936 წელს. მაგ., ნ. იზოტოვმა შახტში „კოჩეგარკა“ (გორლოვკა) მოანგრია 607 ტ ნახშირი ერთ ცვლაში (1936). სტახანოვური მოძრაობა მოკლე დროში გავრცელდა მრეწველობის, ტრანსპორტის, მშენებლობიდა და სოფლის მეურნეობის დარგში.

საქართველოში პირველი სტახანოველები იყვნენ ჭიათურელი მაღაროელები ვ. სამხარაძე და ტ. ფოფხაძე. 1935 წლის 14 ოქტომბერს ვ. სამხარაძემ ერთ ცვლაში გეგმით გათვალისწინებული 9 ტ-ის ნაცვლად 51 ტ მანგანუმის მადანი მოანგრია, ხოლო ფოფხაძემ იმავე წლის 18 ოქტომბერს დროის ამავე მონაკვეთში - შვიდი კაცის ნორმა. პირველი სტახანოველები იყვნენ აგრეთვე თბილისის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი დ. ჭიჭინაძე, ტყიბულელი მეშახტე ა. კუბლაშვილი, ხარატი ს. ქსოვრელი, ზეინკალი შ. აკოფოვი, ფეიქარი ე. მაზანაშვილი და სხვები. ნოვატორთა შემოქმედებითი ინიციატივა ახალი ძალით გამომჟღავნდა დიდი სამამულო ომის წლებში - სტახანოვურ მეთოდებს იყენებდნენ სახალხო მეურნეობის ყველა სფეროში.

ლიტერატურა[რედაქტირება]