სპერმატოზოიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
განაყოფიერება
მცენარის სპერმატოზოიდი

სპერმატოზოიდი — მამრობითი სასქესო უჯრედი. აღმოაჩინა გამმა 1677 წელს. სპერმატოზოიდი წარმოიქმნება მამრობით სასქესო ჯირკვალში — სათესლეში. უფრო ხშირად გავრცელებულია სპერმატოზოიდის ძაფისებური ფორმები, რომელთა სამოძრაო აპარატია კუდი. კიბოსნაირებს, მრგვალი ჭიების, ტკიპებისა და ზოგი სხვა ცხოველის სპერმატოზოიდები უკუდოა. თითოეული სახეობისათვის დამახასიათებელია სპერმატოზოიდის განსაზღვრული ფორმა. სპერმატოზოიდის სიგრძე სხვადასხვაა და არ არის დამოკიდებული ცხოველის განვითარების დონესა და სხეულის ზომაზე. ცხოველთა უმრავლესობის სპერმატოზოიდები შედგება 2 ძირითადი ნაწილისაგან — თავისა და კუდისაგან. თავის ძირითადი ელემენტია ბირთვი და მის აპიკალურად მდებარე აკროსომა. კუდის მთავარი სტრუქტურული ელემენტია ღერძული ძაფი (აქსონემა), რომელიც იწყება შუა ნაწილში მოთავსებული ბაზალური სხეულიდან და მთელ კუდს გასდევს. ღერძული ძაფის ულტრასტრუქტურა წამწამების აგებულების მსგავსია. იგი შედგება ცენტრალური 2 მიკრომილაკისაგან, რომლის ირგვლივაც განლაგებულია 9 ორმაგი მიკრომილაკი. შუა ნაწილში, ღერძული ძაფის ირგვლივ, მოთავსებულია სპირალურად დალაგებული მიტოქონდრიები, რის გამოც სპერმატოზოიდის მეტაბოლური და ენერგეტიკული აქტივობა ამ უბანთანაა დაკავშირებული.

მცენარეთა სპერმატოზოიდი წარმოიქმნება ანთერიდიუმში. თესლოვანი მცენარეების უმრავლესობის სპერმატოზოიდები უშოლტოა და ამიტომაც აქტიურად ვერ მოძრაობენ. მწვანე და წაბლა წყალმცენარეების, ზოგიერთი უმდაბლესი სოკოების, ხავსების, სელაგინელების და სხვ. სპერმატოზოიდებს 2 და მეტი შოლტი აქვთ. სპერმატოზოიდს არ აქვს ცელულოზოვანი გარსი, მეტწილად ძალიან წვრილია, აქვს დიდი ბირთვი და მცირე რაოდენობით ციტოპლაზმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]