სოხთის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოხთის სამაროვანი, სოხოს სამაროვანი — II-IV საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს მდინარე ფაწის ხეობაში, ისტორიულ შიდა ქართლის მთიან ზოლში (ჯავის რაიონი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი), შიდა ქართლიდან ერწოს უღელტეხილით რაჭაში გადასასვლელ გზაზე გათხარეს 1926 წელს (ვ. ფჩელინა). 1974, 1976-1977 წლებში (ა. სლანოვი).

1926 წელს მოპოვებული მასალა პირველად გამოაქვეყნა ბ. კაფტუნმა. გათხრილია 40-მდე სამარხი. სამაროვანი ერთფენიანია. მიცვალებულები ესვენენ ოვალურ ორმოებში, მარცხენა გვერდზე, მოკუნტული, თავით ჩრდილოეთისკენ. სამარხებში აღმოჩენილია კერამიკული ნაწარმი (წითელკეციანი, სხვადასხვა ფორმის დოქები, გამომწვარი ტოლჩები და სხვა), მინის ჭურჭელი, ბრინჯაოს ნივთები (ჭვირული ბალთები, რკალური, ორწილადი და ბუდეაბმული ორწილასი მშვილდსაკინძები, ცხოველების გამოსახულებიანი საკიდები, ზარაკები და სხვა), ცხენის ლაგმები, ტანსაცმელთან დაკავშირებული და სარიტუალო ნივთები. უმეტესობა ადგილობრივი ნაწარმია. იმპორტული ნივთებიდან აღსანიშნავია ფაცეტებიანი მინის ჭურჭელი, პიპოკამპის გამოსახულებიანი მომინანქრებული ფიბულა, გემები, მონეტები (ოქტავიანე ავგუსტუსის დენარები და პართული დრაქმები — ოროდე I-ის, ფრაატე IV-ის, გოტარზ I-ისა). აღმოჩენილი მასალა სოხთის მახლობლად ძველ სავაჭრო გზის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

სოხთის სამაროვანი გვიანდელი ანტიკური ხანის ტიპური ძეგლია და მიუთითებს იმ დროის იბერიის მთისა და ბარის სულიერი და მატერიალური კულტურის ერთგვაროვნებაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]