სოციალური სამუშაო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალური სამუშაო (იგივე სოციალური მუშაობა) — პროფესია, რომელიც ემსახურება დაუცველთა, უმწეოთა, ღარიბთა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინირებულთა დაცვას. მისი დანიშნულებაა ინდივიდთა, ჯგუფებისა თუ საზოგადოების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა და ამაღლება. სოციალური ფუნქციონირება გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზაციას სოციუმში და საზოგადოების პროდუქტიულ წევრობას.

სოციალური სამუშაოს ამოცანაა დაეხმაროს ადამიანებს შესაძლებლობებისა და უნარების გაუმჯობესებაში, რესურსების ძიებაში, ასევე შეცვალოს სოციალური პოლიტიკა იმგვარად, რომ ადამიანებმა მიაღწიონ თვითრეალიზაციას.

სოციალური სამუშაო არ არის მეცნიერება, ეს არის პროფესიული საქმიანობა, რომელიც ეყრდნობა შემდეგ საზოგადოებრივ მეცნიერებებს: სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა, სტატისტიკა, ბიოლოგია, პედაგოგიკა, მედიცინა, ფსიქიატრია, პოლიტიკური მეცნიერება, იურისპრუდენცია, ანთროპოლოგია.

ისტორია[რედაქტირება]

სოციალური სამუშაოს ფესვები უძველეს ხანაში უნდა ვეძიოთ ღარიბთა მიმართ ქველმოქმედებაში, თუმცა როგორც, სტრუქტურირებული პროფესია, დაახლოებით საუკუნიდან იღებს სათავეს.

ვისთან მუშაობენ სოციალური მუშაკები[რედაქტირება]

ინდივიდს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, რომელთანაც მუშაობს სოციალური მუშაკი პროფესიულ ენაზე კლიენტი (ბენეფიციარი, სერვისის მომხმარებელი, სერვისით მოსარგებლე) ჰქვია. კლიენტი შესაძლოა იყო ნებისმიერი ასაკის ადამიანი - ჩვილი ბავშვებიდან დაწყებული ხანდაზმულით დამთავრებული. დღეს განვითარებულ ქვეყნებში სოციალურ მუშაკთა მოღვაწეობის არეალი ძალიან მრავალფეროვანია, ქვემოთ ჩამოთვლილია ძირითადი ჯგუფები, რომლებთანაც ისინი მუშაობენ:

  • სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახები და ინდივიდები
  • უმუშევრები
  • უსახლკარონი
  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები და მოძალადეები
  • ძალადობისა და უგულვებელყოფის მსხვერპლი ბავშვები
  • მეძავები (კომერციული სექს მუშაკები)
  • შიდსით დაავადებულნი და მათი ოჯახები
  • კანონდამრღვევი ინდივიდები და მათი ოჯახები
  • მარტოხელა მშობლები
  • ქორწინებაში არმყოფი ფეხმძიმე მოზარდები
  • ობლები, ქუჩის ბავშვები, გაშვილებული ბავშვები, განვითარების პრობლემების მქონე ბავშვები
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახები
  • ფსიქიკურად დაავადებულები
  • ემიგრანტები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები)
  • ხანდაზმულები
  • ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის პრობლემების მქონე ადამიანები
  • გარკვეულის სტრესის ქვეშ მყოფი ან შეგუების პრობლემების მქონე ინდივიდები

მიზანი[რედაქტირება]

პროფესია მიზნად ისახავს ისეთი გარემოებების ჩამოყალიბებას, რომელიც ინდივიდებს, ჯგუფებსა და საზოგადოებებს პოტენციალის სრული რეალიზაციის საშუალებას მისცემს (საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, 2006).

სოციალური სამუშაოს პრაქტიკა სამი ძირითადი გზით ხორციელდება: პრევენცია, რეაბილიტაცია და რემედიაცია.

პრევენცია (შემთხვევის დაბლოკვა) გულისხმობს დაუცველი ადამიანებისთვის სერვისების მიწოდებას მანამ, სანამ თავს იჩენენ დისფუნქციები და მოიცავს ისეთ პროგრამებსა და მომსახურებებს, როგორიცაა, ოჯახის დაგეგმვა, მშობლების განათლება, კონსულტაციები ქორწინებამდე და პენსიაზე გასვლამდე.

რეაბილიტაცია ეხმარება იმ ადამიანებს, რომელთა ფუნქციონირება ფიზიკური თუ ფსიქიკური პრობლემების გამო უკვე დაქვეითებულია. ასეთ კლინტებს მიეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ნარკოტიკებზე დამოკიდებულნი და სხვ.

რემედიაცია - არსებული პრობლემების შემცირებას ან აღმოფხვრას გულისხმობს, მაგალითად, სახელმწიფო პოლიტიკის მიღება გარკვეული პრობლემების შესახებ, რათა ფენომენი მასობრივად აღმოიფხვრას.

მიმართულებები[რედაქტირება]

სოციალური მუშაკები მუშაობენ შემდეგი მიმართულებით:

ინდივიდებსა და ოჯახებთან (ინდივიდუალურ შემთხვევებზე მუშაობა)

ჯგუფებთან (ჯგუფური მუშაობა)

თემებთან (სათემო მობილიზაცია და განვითარება)

ორგანიზაციებთან (ადმინისტრირება)

ინდივიდუალურ შემთხვევებზე მუშაობის დროს სოციალური მუშაკი ინდივიდუალურად ეხმარება კლიენტს პირადი და სოციალური პრობლემების მოგვარებაში. ინდივიდუალური მუშაობა შეიძლება მიზნად ისახავდეს დაეხმაროს კლიენტს გარემოსთან შეგუებაში ან სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისგან გამოწვეული პრობლემების გადალახვაში (მაგალითად, საჭირო სოციალური დახმარების მოძიება კლიენტისათვის, ფიზიკური შეზღუდვებისა და ფსიქიური აშილილობის მქონე ინდივიდებთან მუშაობა, სამართალდამრღვევ პირებთან მუშაობა, ბავშვების შვილობილობასა და შვილად აყვანის პროცესზე მუშაობა) ინდივიდუალური შემთხვევათა მენეჯერები მუშაობენ ორგანიზაციებში და კლიენტების სახელით კლიენტთათვის აუცილებელი დახმარების მოძიებას ახდენენ.

ჯგუფური მუშაობა კონკრეტული პრობლემის ირგვლივ ხდება. სოციალური მუშაკი ჯგუფთან მუშაობის დროს მიზნად ისახავს ამა თუ იმ საკითხთან/პრობლემასთან დაკავშირებით მოცემული ჯგუფის დამოკდებულების გაგებას და პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლებელი გზების მოძიებას (მაგალითად, ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებით მშობელთა ჯგუფთან მუშაობა).

სათემო მობილიზაცია არის პროცესი, რომლის დროსაც სოციალური მუშაკი ეხმარება ადგილობრივ თემს შეაფასოს საკუთარი რესურსები, დასახოს სამოქმედო გეგმა და ძალისხმევა მიმართოს თემისათვის აუცილებელი პრობლემების მოგვარებისაკენ. სოციალურ მუშაკს ამ პროცესში სხვადასხვა როლის შესრულება შეუძლია: მხარეებს შორის ურთიერთობის კოორდინირება, მოქალაქეთა ამ პროცესში ჩართვისა და მონაწილეობისათვის ხელის შეწყობა, გამოკვლევა, დაგეგმვა და თემის სამოქმედო გეგმის შემუშავება თემის წევრებთან ერთად.

ორგანიზაციებთან მუშაობა გულისხმობს სოციალური მომსახურების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ორგანიზაციებისთვის დახმარების აღმოჩენას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ მასალები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]