სოციალური დასწავლის თეორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალური დასწავლის თეორია არის პერსპექტივა,რომელიც აცხადებს, რომ ადამიანი სწავლობს, იძენს ცოდნას სოციალურ კონტექსტში, ადამიანის მიერ მოვლენათა დაკვირვების და მისი უშუალო გამოცდილების საფუძველზე. აღნიშნული თეორია შემოგვთავაზა ფსიქოლოგმა ალბერტ ბანდურამ (დაიბადა 1925წ. კანადაში). ეს თეორია აგებულია შემდეგ ძირითად პრინციპებზე:

ურთიერთდეტერმინიზმის პრინციპი[რედაქტირება]

ა.ბანდურას მიხედვით, ადამიანი არც ავტონომიურ და არც მხოლოდ გარედან მართვად სისტემას წარმოადგენს, მას მომავალში განსახორციელებელი მოვლენების გათვალისწინების და მასზე მოქმედი სტიმულების კონტროლის უნარი გააჩნია. ადამიანი მხოლოდ შინაგანი ფსიქიკური აქტივობით არ იმართება, ამავე დროს, ის გარე ზემოქმედებაზე უშუალოდ არ რეაგირებს. მისი ქცევა მასში მიმდინარე შემეცნებითი პროცესების და გარემოს მახასიათებლების ურთიერთმოქმედებით განისაზღვრება. ა.ბანდურას ადამიანის ქცევის მადეტერმინირებელ ფაქტორებად ურთიერთდაკავშირებული შინაგანი და სიტუაციური ცვლადები მიაჩნია. პიროვნული (მრწამსი, მოლოდინი, თვითაღქმა) და სიტუციური (წახალისება, დასჯა) ცვლადები არა მხოლოდ ქცევას განსაზღვრავენ, არამედ, როგორც მთლიანი სისტემის ნაწილები, ერთმანეთზეც გავლენას ახდენენ. ქცევაზე გარემო მოქმედებს, ამავე დროს, გარკვეულ ფარგლებში, ის მისივე მოქმედების შედეგს წარმოადგენს. ადამიანი თავისი საქციელით გარკვეულ სიტუაციას ქმნის, რომელიც, თავის მხრივ, მისივე ქცევის მარეგულირებელ ფაქტორად გვევლინება. გარემოს ქცევა ცვლის. გარდა ამისა, ადამიანს სიმბოლოების გამოყენების უნარი გააჩნია, მას მომავლის დაგეგმარება შეუძლია, რაც მის ღია ქცევაში მჟღავნდება. რეალური ქცევის შიგა და გარე პირობების ურთიერთქმედების შედეგად, ადამიანი ერთდროულად სიტუაციის პროდუქტიცაა და შემქმნელიც.

განმტკიცების სპეციფიკის პრინციპი[რედაქტირება]

ა.ბანდურა ქცევის დეტერმინაციაში გარე განმტკიცებას სათანადო ანგარიშს უწევს, მაგრამ მას ერთადერთ ფაქტორად არ მიიჩნევს. ადამიანის შემეცნებით აქტივობას (კითხვა, მოსმენა, სხვათა ქცევაზე დაკვირვება) დასწავლის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. წარსული გამოცდილების საფუძველზე ადამიანი განსახორციელებელი ქცევის დადებით და უარყოფით შედეგებს ითვალისწინებს, რაც მისი ქცევის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს.

თვითკონტროლის პრინციპი[რედაქტირება]

ა.ბანდურას მიხედვით, ადამიანს თვითკონტროლის უნიკალური უნარი გააჩნია.ითვალისწინებს რა ქცევიდან გამომდინარე შედეგებს, ამით ადამიანი თავის ქცევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სიმბოლოებით ოპერირების უნარი გარემოზე გავლენის უნიკალურ საშუალებას წარმოადგენს.მეხსიერებითი და წარმოსახვითი წარმოდგენების მეშვეობით ადამიანში მისივე გამოცდილება აისახება. სასურველი შედეგების გათვალისწინება მათი მიღწევის ქცევითი სტრატეგიების შემუშავებას ედება საფუძვლად. სიმბოლოებით ოპერირების უნარი ცდისა და შეცდომის მოქმედებების გამეორების გარეშე, ადამიანს პრობლემების გადაჭრის, ქცევის მოდიფიკაციის საშუალებას აძლევს.

მოდელირების პრინციპი[რედაქტირება]

სოციალური დასწავლის თეორიის თანახმად, ადამიანის ახალი ქცევის ფორმირება გარე განმტკიცების გარეშეც შეიძლება მოხდეს. ადამიანის მიერ გამოვლენილი ქცევის შინაარსს გარკვეული ნიმუში, ანუ მოდელი განსაზღვრავს. ის სხვების ქცევას აკვირდება და მას შემდგომ წაბაძვის მექანიზმის გამოყენებით იმეორებს. ბანდურას აზრით, დასწავლა არაეფექტური იქნებოდა, ადამიანი მხოლოდ საკუთარი ქცევის შედეგებით რომ შემოფარგლულიყო და სხვისი ქცევის შედეგებიც არ გაეთვალისწინებინა. რასაც პიროვნება აქტივობის პროცესში ქცევითი გამოცდილების სახით იძენს, სხვებზე დაკვირვების შედეგს წარმოადგენს. მოდელირების პროცესს შემდეგი ფაქტორები განსაზღვრავენ:

  1. ყურადღების ფაქტორი — სხვისი მოქმედების მოდელირებას მისი შინაარსისადმი და მისგან გამომდინარე შედეგებისადმი ყურადღების მიპყრობა განაპირობებს. მოდელი ადამიანზე დიდ გავლენას მაშინ ახდენს, როდესაც ის მისთვის მნიშვნელობის მქონეა და მასთან ურთიერთობა შედარებით ადვილი ხელმისაწვდომია.
  2. მეხსიერების ფაქტორი — მოდელის ზემოქმედების შედეგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შესწევს დამკვირვებელს მისი ქცევის დამახსოვრება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას მასთან რეალური ურთიერთობა არ ჰქონია.
  3. მოტორული რეპროდუქციის ფაქტორი — მოდელებზე დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაცია დამკვირვებლის მიერ წარმოსახულ მოქმედებაში უნდა გარდაიქმნას, ხოლო ეს უკანასკნელი, შემდგომ, მისი რეალური ქცევის განხორციელებას დაედება საფუძვლად.
  4. განმტკიცების ფაქტორი — ადამიანს მოდელის ქცევის გამეორების მოტივაცია მაშინ გააჩნია, როდესაც ის ამისთვის დადებით წახალისებას იღებს. ქცევა, რომელსაც დაჯილდოება თან ახლავს, ადამიანის ყურადღებას იპყრობს, დასწავლას უფრო ადვილად ექვემდებარება და ხშირად ხორციელდება.

სოციალური დასწავლის თეორიის თანახმად, მოდელის ქცევაზე დაკვირვების მეშვეობით, ადამიანი საკუთარი ქცევის კოგნიტურ ხატს ქმნის, შემდგომ ეს კოდირებული ინფორმაცია, რომელსაც ხანგრძლივი მეხსიერება ინახავს, მისი ღია ქცევის ორიენტირი ხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დ. ჩარკვიანი, ფსიქოლოგია ინდუსტრიულ ორგანიზაციებში, თბ., 2001

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]