სოფიერო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფიეროს ციხესიმაგრე

სოფიერო (შვედ. Sofiero) შვედეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი სასახლე იყო; მდებარეობს ჰელსინბორგიდან 5 კილომეტრში ჩრდილოეთით. თავდაპირველად ეს იყო ჰემანი სახელწოდებით სკაბელუკე, რომელიც 1864 წელს შვედეთის კრონპრინცმა ოსკარმა (მომავალმა მეფე ოსკარ II-მ) და მისმა ცოლმა სოფია ნასაუმ შეიძინეს. სასახლის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო. თანამედროვე სახე 1876 წელს მიიღო, როდესაც მეფედ ოსკარი აკურთხეს.

ისტორია[რედაქტირება]

1905 წელს ოსკარ მეორის შვილიშვილმა, უფლისწულმა ადოლფმა, შემდგომში გუსტავ VI ადოლფმა და მისმა მეუღლემ, კრონპრინცესა მარგარიტა კონაუტელმა ეს სასახლე საქორწილო საჩუქრად მიიღეს. მათ განაახლეს სასახლე და როდოდენდრონების ბაღი გააშენეს, რამაც სოფიეროს მსოფლიო აღიარება მოუტანა. უფლისწული გუსტავ ადოლფი შვედეთის მეფე 1950 წელს გახდა და სასახლეც 1973 წლამდე მეფისა და მისი მეორე მეუღლის ლედი ლუიზა მაუნტბეტენის ოფიციალურ საზაფხულო რეზიდენციად ითვლებოდა. მიიჩნეოდა, რომ ეს მეფის უსაყვარლესი სასახლე იყო; ჰელსინბორგში მისი გარდაცვალების შემდეგ, სოფიერო, გვირგვინოსნის სურვილით, ქალაქს ეანდერძა, რათა როგორც ადგილობრივნი, ისე ქალაქის სტუმრები მამულის სილამაზით დამტკბარიყვნენ, როგორც ოდესრაც მეფე ტკბებოდა.

დღევანდელობა[რედაქტირება]

ჰელსინბორგიდან სოფიერომდე ავტობუსი საათში რამდენიმეჯერ დადის. მთავარი ღირსშესანიშნაობა დღეისათვის დიდებული ბაღებია, სადაც წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა ადგილებიდან შეტანილი ფლორა. პარკში თანამედროვე ხელოვნების მცირე გამოფენაა. ზაფხულობით დიდი ბალახოვანი ველები ცოცხალი კონცერტების გასამართად გამოიყენება. სასახლეში განთავსებულია რესტორანი და კაფე; დარბაზს კი ხანდახან საგამოფენო გალერეის სახითაც იყენებენ.