სონია განდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სონია განდი
სახლი იტალიაში, სადაც დაიბადა სონია განდი

სონია განდი (ჰინდი सोनिया गाँधी, 9 დეკემბერი 1946 წელი ლუიზიანა, პროვინცია ვიჩენცა, იტალია) — იტალიური წარმოშობის ინდოელი პოლიტიკოსი, ინდოეთის ნაციონალური კონგრესის ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაჯივ განდის ქვრივი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაბადების სახელი — სონია ანტონია მაინო (სხვა მონაცემებით ედვიგე ანტონია ალბინა მაინო). მშობლები — სტეფანო და პაოლა მაინო. მისი მამა მეორე მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში ტყვედ. ის რუსულ ისტორიას და კულტურას დიდ პატივის სცემდა. ამიტომ თავის სამ ქალიშვილს რუსული სახელები დაარქვა.. სონია გაიზარდა იტალიურ პატარა მყუდრო ქალაქ ორბასანოში (ტურინიდან 20 კმ.). იზრდებოდა კათოლიკურ ოჯახში და დადიოდა კათოლიკურ სკოლაში. მამა გარდაეცვალა 1983 წელს, დედა დანარჩენ ორ ქალიშვილთან ერთად დღემდე ცხოვრობს ორბასანოს მახლობლად. 1965 წელს ინგლისური ენის კურსის გავლისას სონია კემბრიჯში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს — რაჯივ განდის, რომელიც მაშინ კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1968 წელს გაიმართა მათი პატარა საქორწინო ცერემონია ნიუ-დელიში, რომლის შემდეგ სონია საცხოვრებლად გადავიდა დედამთილის ინდირა განდის (ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966—1977 და 1980—1984) სახლში. ამ გზით ის შევიდა ინდოეთის ისტორიაში ცნობილ ნერუ - განდის ოჯახში.

1970 წელს სონიას შეეძინა ვაჟი რაჰული, ხოლო 1971 წელს — ქალიშვილი პრიანკა. ინდირა განდი თავის პოლიტიკურ მემკვიდრეს ხედავდა უმცროს ვაჟ — სანჯაი განდიში, რადგან რაჯივ განდი პოლიტიკის მიღმა ცხოვრობდა. ის მსახურობდა პილოტად «ინდოეთის ავიახაზებზე». მხოლოდ 1980 წელს, სანჯაის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ რაჯივ განდიმ დაიწყო აქტიური პოლიტიკური ცხოვრება. 1984 წელს, მას შემდეგ, რაც მისი დედა ინდირა განდი იქნა მოკლული, რაჯივ განდი სათავეში ჩაუდგა მთავრობას.

სონია განდის როლი ინდოეთის პოლიტიკაში[რედაქტირება]

მისი მეუღლის, რაჯივ განდის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს 1984—1898 წლებში, სონია განდის, როგორც "პირველ ლედის" მოუწია საზოგადოებრივი მოღვაწეობის განხორციელება. თამილების მიერ განხორციელებული მეუღლის ტერორისტული მკვლელობის შემდეგ 1991 წლის 21 მაისს, ინდოეთის ნაციონალური კონგრესის ზოგიერთი წევრი სთხოვდა მას დაეწყო პოლიტიკური მოღვაწეობა, ძირითადად იმის გამო, რომ ის ეკუთვნოდა განდების ოჯახს. მაგრამ სონიამ უარყო ეს წინადადება და მთელი შემდგომი 6 წლის მანძილზე შორს იდგა პოლიტიკისგან.

მისი უარის შემდეგ პარტიის ლიდერი გახდა ჰარასიმჰა რაო. 1998 წელს სონიამ მაინც გადაწყვიტა დაეწყო პოლიტიკური კარიერა. თუმცა პოლიტიკური ოპონენტები მას მუდმივად ადანაშაულებდნენ იმის გამო, რომ ის უცხოეთში დაიბადა, დაქორწინებიდან 15 წლის განმავლობაში უარს ამბობდა ინდოეთის მოქალაქეობაზე და რომ ცუდად იცის ჰინდი.

1999 წელს ის არჩეულ იქნა მე-13 ლოკ-საბჰას ოპოზიციის ლიდერად, ხოლო 2004 წლის დასაწყისში მან დაიწყო აგრესიული საარჩევნო კამპანია ნაციონალური დემოკრატიული ალიანსის დასამხობად, რომელშიც მთავარ როლს თამაშობდა პარტია ბჰარატია ჯანატა პრემიერ-მინისტრ ატალ ბიჰარი ვაჯპაის მეთაურობით. აჩევნებზე ინდოეთის ნაციონალური კონგრესის სენსაციური გამარჯვების შემდეგ სონია განდი განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მაგრამ უცხოელის ქვეყნის სათავეში მოსვლის წინააღმდეგ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ გაჩაღებულმა ფართომასშტაბიანმა კამპანიამ სონიას უარი ათქმევინა თანამდებობაზე, რათა შეენარჩუნებინა ერის ერთიანობა. შედეგად პრემიერ-მინისტრი გახდა მანმოჰან სინგჰი, რომლის კანდიდატურა წარადგინა თავად სონია განდიმ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Sonia Gandhi – An Extraordinary Life, An Indian Destiny (2011), a biography written by Rani Singh.
  • S. R. ET AL. BAKSHI (1998) Sonia Gandhi, The President of AICC South Asia Books. ISBN 81-7024-988-0
  • Rupa Chaterjee (1999) Sonia Gandhi: The Lady in Shadow Butala. ISBN 81-87277-02-5
  • C. Rupa, Rupa Chaterjee (2000) Sonia Mystique South Asia Books. ISBN 81-85870-24-1
  • Moro, Javier "El sari rojo" (Ed. Seix Barral, 2008) "Il sari rosso" (Il Saggiatore, 2009)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]