სომხები საქართველოში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომხები საქართველოში 2002 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის (4,661,500) დაახლოებით 5,7 %-ს, ანუ 248,900 ადამიანს შეადგენდნენ. სხვადასხვა ოდენობით ცხოვრობენ ქვეყნის ქალაქებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით მრავლად არიან თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში.

ისტორია[რედაქტირება]

საუკუნეთა განმავლობაში ქართულ-სომხური ურთიერთობა, ეპოქების შესაბამისად, სხვადასხვაგვარ ხასიათს ატარებდა. ურთიერთობათა გარკვეულ ეტაპებზე ხდებოდა სომხური ეთნოსის დასახლება საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე. ამ თვალსაზრისით, სომეხთა დასახლება საქართველოში შეიძლება რამდენიმე ეტაპად დაიყოს.

ანტიკური ხანა[რედაქტირება]

სომხური მოსახლეობის პირველი ტალღა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე ძვ. წ. II საუკუნის დამდეგს გაჩნდა, როდესაც სელევკიდური სირიის მეფის, ანტიოქ III-ის, სარდლებმა არტაქსემ და ზარიადრემ სომხური სახელმწიფოები შექმნეს და ისინი მეზობლად მდებარე ქართული მიწების ხარჯზე განავრცეს.

ადრე შუა საუკუნეები[რედაქტირება]

VII საუკუნეში, ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ ჩამოვარდნილი განხეთქილების შედეგად, საქართველომ ქალკედონური ანუ «ბიზანტიური» ქრისტიანობა (დიოფიზიტობა) აირჩია, სომხეთმა — ანტიქალკედონური (მონოფიზიტობა). სომეხთა კათალიკოსმა ქალკედონური ქრისტიანობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა გააჩაღა, ავანის მართლმადიდებელი საკათალიკოსო გააუქმა (605-607 წწ.) და მის მრევლს გარკვეული მოთხოვნა წაუყენა: ან უარი ეთქვათ დიოფიზიტობაზე და არაქალკედონურ მრევლს შეერთებოდნენ, ან საერთოდ დაეტოვებინათ სომხეთი. დიოფიზიტი სომხების ერთი ნაწილი, რომელმაც უარი თქვა მრწამსის შეცვლაზე, საქართველოში გადმოსახლდა.

განვითარებული შუა საუკუნეები[რედაქტირება]

უფრო მოგვიანებით დავით აღმაშენებელმა სომხები გორში ჩამოასახლა, რადგან მათ საქალაქო ცხოვრების გამოცოცხლებაში შეჰქონდათ მნიშვნელოვანი წვლილი. ასევე მრავლად იყვნენ სომხური წარმოშობის პირები საქართველოს შემდგომ მეფეთა სამსახურშიც.

გვიან შუა საუკუნეები[რედაქტირება]

საქართველოში სომხების დასახლება, ძირითადად, გვიან შუა საუკუნეებში, კერძოდ, XV-XVI საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდისთვის სომხებს სახელმწიფოებრიობა კარგა ხნის დაკარგული ჰქონდათ და მრავალი სომეხი ტოვებდა ისტორიულ სამშობლოს, ვინაიდან იქ მათ ეროვნულ-პოლიტიკური თუ რელიგიური ნიშნით ავიწროებდნენ და სხვა ქვეყნებში, უფრო ხშირად საქართველოში, ეძებდნენ თავშესაფარს. სომხები უპირატესად, მოსაზღვრე ქვემო ქართლში სახლდებოდნენ სომხეთთან სიახლოვის გამო, იმ იმედით, რომ ხელსაყრელ შემთხვევაში თავიანთ სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. ამასთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილი წერდა:

ვიკიციტატა
„საქართველო სომხებისათვის ყველაზე უფრო მახლობელი ქვეყანა იყო, სადაც მათ თავისუფლად შეეძლოთ ცხოვრება, — საქართველოში არასდროს არც ეროვნული, არც სარწმუნეობრივი დევნა არ ყოფილა, — და თანაც საქართველოში შემოხიზნულ სომხებს სულ უფრო მეტი იმედი ჰქონდათ, რომ თუ გარემოება მათთვის ხელსაყრელად შეიცვლებოდა, იქითგან თავიანთ სამშობლოში ადვილად დაბრუნებულიყვნენ სრულებით ბუნებრივია, რომ ისინი სახლდებოდნენ განსაკუთრებით იმ კუთხეში, რომელიც სომხეთის მოსაზღვრე იყო და სადაც თავისუფალი სამოსახლო ადგილი მოიპოვებოდა. ამიტომ არც გასაკვირველია, რომ ისინი შემოიხიზნებოდნენ ხოლმე სწორედ ქვემო ქართლში.“

XV საუკუნის პირველ ნახევარში ლორის პატრონმა პეგინ ორბელიანმა ოსმალეთიდან დევნილი უამრავი სომეხი შეიფარა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად თითქმის მთლიანად ამოჟლიტა 1440 წელს ლორეში შემოჭრილმა ყარა-ყოიუნლუს ფადიშაჰმა ჯეჰან-შაჰმა.

იმ ხანებში ხშირი შემოსევებით გაუკაცრიელებული აღმოსავლეთ საქართველოს სოფლების დასახლებით ქართველი მეფეებიც დაინტერესებული იყვნენ. XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის ვაჟი ბაგრატ მუხრანბატონი ყარაბაღში ჩავიდა, ყმა გლეხები შეიძინა და მუხრანში დაასახლა, სადაც მათი შთამომავლობა დღემდე ცხოვრობს.

თურქთა და ლეკთა შემოსევების შედეგად, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ამიერკავკასიაში სომეხთა საერთო რაოდენობა 17000 ოჯახამდე შემცირებულა. რუსეთის ხელისუფალთა დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, ერეკლე მეფეს სომხებს ქვემო ქართლში, კერძოდ ლორეში ასახლებდა. ყარაბაღის სომეხმა მელიქებმა, აბოვმა (ჰაბოვი) და მეჯლუმმა, მეფე ერეკლე II-ს საქართველოში დასახლების ნებართვა სთხოვეს. მეფემ აბოვის თხოვნა შეიწყნარა და თავისი ყმებიანად ქვემო ქართლში ჩამოასახლა, სოფელი ბოლნისი მისცა და კოლპის (კოლბი, ახლანდელი კოხბი) გზის დაცვა დაავალა.

ერეკლე II-ს, ასევე, სომხური კაპიტალის იმედი ჰქონდა და მისი საშუალებით ფიქრობდა ქვეყნის აღორძინებას. ამიტომ ფართოდ უღებდა კარს სომხებს. 1780 წელს ერევნიდან და 1787 წელს ყარაბაღიდან ერეკლემ 7000-ზე მეტი ადამიანი შემოიყვანა, თუმცა მათი ერთი ნაწილი მოგვიანებით განჯაში გადასახლდა. შემოდიოდნენ უფრო პატარა ჯგუფებიც, XVIII საუკუნის ბოლოს ირანელთა შემოსევებით შეწუხებული სომხების 50 ოჯახი ელიზავეტოპოლიდან და შუშიდან სურამის «უბანში» გადმოვიდა და სოფ. ვაკის საბატონო მიწაზე დასახლდა.

მეფე გიორგი XII-მ ქვემო ქართლში მელიქი ჯემშიდი ჩამოიყვანა გარკვეული პირობით: მას შეეძლო ეს ადგილი დაესახლებინა და მოეხმარა, «თუ არა და ისე სამეფო იყო, არა ჰქონდა ხელმწიფება გაყიდვისა».

ზოგადად, საქართველოს უკანასკნელი მეფეები ერეკლე II, გიორგი XII სომეხთათვის შეღავათებს აწესებდნენ. სწორედ ამიტომ უკუმიგრაციას უმნიშვნელო მასშტაბები ჰქონდა.

მეფის რუსეთის ოკუპაციის ხანა[რედაქტირება]

საქართველოში რუსეთის გაბატონების შემდეგ სომხური მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა ახალი მიგრაციების ხარჯზე მოხდა. 1804 წელს გენერალმა ციციანოვმა ქვემო ქართლში ერევნის სახანოდან 2000 ადამიანი ჩამოასახლა (მანამდე აქ 5000-მდე სომეხი ცხოვრობდა). 1807—1808 წლებში, თბილისის გუბერნიასა და ავლაბარში — 338 სომხური ოჯახი (1906 სული) ჩამოასახლეს, ხოლო მთავარმართებელ ტორმასოვის დროს 1809—1811 წლებში ყარაბაღიდან — 428 ოჯახი (2140 სული) ბოლნისში ჩამოასახლეს.

ცარისტულმა მმართველობამ XIX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ირანიდან და თურქეთიდან საქართველოში მრავალრიცხოვანი სომხური მიგრაციები განახორციელა. საქართველოში ირანიდან შემოსახლებული სომხები (5 ათასი) ქვემო ქართლში, ბორჩალოს მაზრაში დაასახლეს, თურქეთიდან (ყარსის, ერზრუმის და ბაიაზეთის ვიალიეთები) შემოყვანილნი კი, ძირითადად, სამცხე-ჯავახეთში, [ახალქალაქის მაზრა]]ში. 1828-29 წლებში რუსეთ-თურქეთს შორის დადებული ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების ძალით რუსებმა საომარი ოპერაციების დროს დაკავებული თურქეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი დატოვეს. იქ მცხოვრები სომხები მათ იარაღით უჭერდნენ მხარს, ახლა კი თურქების წინაშე მარტო დარჩენისა და ფიზიკური განადგურების საფრთხე დაემუქრათ. ამიტომ ისარგებლეს ადრიანოპოლის ხელშეკრულების იმ მუხლებით, რომელთა მიხედვითაც მეომარი მხარეების მოსახლეობას უფლება ეძლეოდა დაუბრკოლებლად გადასულიყო საცხოვრებლად ერთი ქვეყნიდან მეორეში, და რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე გადმოსახლდნენ. 34 ათასი ადამიანი (14000 ოჯახი) რუსეთის ხელისუფლებამ, ახლად შემოერთებულ ქართულ მიწაზე, სამცხე-ჯავახეთში ჩაასახლა.

თურქეთიდან სომხური მიგრაცია საქართველოში მთელი XIX საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პროცესმა განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო 1877-89 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ. იმ ხანებში საქართველოში უამრავი სომეხი ჩამოვიდა, და ძირითადად, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში დამკვიდრდა. 1895-96 წლებში თურქეთში მომხდარმა სომხების დევნამ ლტოლვილთა ახალი ნაკადი გამოიწვია. მთლიანად ამიერკავკასიაში შემოსული 25000 ლტოლვილიდან 19000 ქართულ რაიონებში დასახლდა. თურქეთიდან მრავალი სომეხი შემოვიდა 1915 წლის შემდგომაც, იქ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად. XIX საუკუნის 60-იანი წლებისათვის სომხები თბილისის გუბერნიის 267 დასახლებულ პუნქტში ცხოვრობდნენ. თითქმის ყველა სომხურ სოფელში იყო სომხური ეკლესია, ზოგან კი, მაგ., აგარაკში, ახპატში, სომხური სკოლებიც ჰქონდათ. მთლიანად სომხებით იყო დასახლებული მდ. დებედაჩაისა და ყაზახის მაზრას შორის მდებარე ველი. ძირითადად სომხებით იყო დასახლებული მდინარე დებედას აუზი და ლორეს სტეპი, თუმცა აქ ქართული, რუსული და ბერძნული სოფლებიც იყო.

ნარევი — ქართული-სომხური — იყო ახტალის მოსახლეობა, ხოლო დებედის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით ქართული მოსახლეობა თითქმის არ ჩანს. მდინარე მაშავერასა და ქციის ზემო წელი, რომელიც ყაფლანიშვილებს ეკუთვნოდა, გაპარტახებული ყოფილა. აქ სომხურ მოსახლეობაში, მცირე რაოდენობით, ქართველებიც სახლობდნენ.

1948-49 წლებში ალგეთის ხეობაში ჩატარებული ეთნოგრაფიული კვლევების დროს პატარა ენაგეთში, ვარდისუბანში, ვაშლოვანსა და სხვა სოფლებში დაფიქსირდა ქართულად მოლაპარაკე მოსახლეობა, რომლებიც აღმსარებლობით არაქალკედონელები იყვნენ. ამ მასალაზე დაყრდნობით, შეიძლება დავუშვათ ორი ვარიანტი: ესენი ან ქვემო ქართლში მოსახლე უძველეს ქართველთა შთამომავლები არიან, რომლებმაც ქალკედონური მრწამსი შეიცვალეს, ან შედარებით გვიან მოსული სომხები, რომელთაც მშობლიური ენა დაკარგეს. შერეულ სოფლებში საურთიერთობო ენას ქართული წარმოადგენდა.

რუსეთის ხელისუფალთა შემწეობით, საქართველოში სომეხთა ჩამოსახლებების შედეგად, მათი მატების დინამიური პროცესი შემდეგ სურათს იძლევა: 1865 წელს საქართველოში ცხოვრობდა — 122,6 ათასი სომეხი, 1886 წელს — 172,9 ათასი, 1897 წელს მისი რაოდენობა — 197,0 ათასამდე გაიზარდა. 1897—1902 წლებში საქართველოში 55 ათასი სომეხი ჩამოასახლეს. აღნიშნული პროცესებიდან გამომდინარე, თბილისში სომხების რაოდენობა 46,7 ათასიდან 124,9 ათასამდე გაიზარდა, რომელთაგან 68 ათასი ახლად მოსული იყო.

საქართველოს ტერიტორიაზე სომეხთა ჩამოსახლების ეს პროცესი, წინასწარ გამიზნულ პოლიტიკას წარმოადგენდა და შემთხვევითობით არ იყო განპირობებული. სომხური მოსახლეობის საზღვრისპირა რაიონებში კომპაქტურად დასახლება, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით ანექსიას ითვალისწინებდა. ქართველთა წინააღმდეგ XIX საუკუნიდან დაწყებული ეს შეფარვითი პროცესი, XX საუკუნეშიაც მძლავრობდა. თურქეთის მიერ 1915—1916 წლებში დარბეული სომხების დიდი ნაწილის (100 ათასი კაცი) საქართველოს ტერიტორიაზე განსახლდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა[რედაქტირება]

ოსმალური თურქეთისაგან 1918 წელს დევნილი სომხური მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აფარებდა თავს და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მძიმე ტვირთად აწვა.

საბჭოთა ოკუპაციის ხანა[რედაქტირება]

საქართველოს მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობდა:

  • 1926 წელს 307,018 სომეხი;
  • 1939 წელს — 414,182;
  • 1959 წელს — 442,9;
  • 1970 წელს — 452,3;
  • 1979 წელს — 448,0;
  • 1989 წელს — 437,2.

დამოუკიდებელი საქართველო[რედაქტირება]

საქართველოს მოსახლეობის უკანასკნელი, 2002 წლის აღწერის მიხედვით, ქვეყანაში სომეხთა რაოდენობა იყო 248,929, რომელთაგან 82,586 თბილისში ცხოვრობდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ეთნოსები საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, თბილისი, 2008
  • შოთა თეთვაძე, ოთარ თეთვაძე, სომხები საქართველოში (უძველესი დროიდან დღემდე), საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთიერთობათა აკადემია, თბ., 1998
  • ლავრენტი ჯანიაშვილი, ირინე ჯუკაშვილი, სომხები სამცხე-ჯავახეთში ჟურნ. "ქართული ფოლკლორი", თბ., 1995
  • Г. Майсурадзе. Отношения грузинского и армянского народов в XIII-XVII вв., 1982

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]