სოლომონ იორდანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოლომონ იორდანიშვილი
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1898
დაბ. ადგილი თელავი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 26 სექტემბერი, 1953
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა ენათმეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოლომონ გიორგის ძე იორდანიშვილი (დ. 24 ოქტომბერი, 1898, თელავი — გ. 26 სექტემბერი, 1953, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი, რუსთველოლოგი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სახალხო მასწავლებლის ოჯახში. სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ენათმეცნიერების განხრით).

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლიდან სოლომონ იორდანიშვილი ს. კაეშნიშვილის ფსევდონიმით რუსული ენიდან თარგმნილ წერილებს ბეჭდავდა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“. 1919 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, სადაც სამეცნიერო საბჭოს მდივანი იყო. 1933 წლიდან იგი ცენტრალურ სატერმინოლოგიო კომიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. 1935-1936 წლებში იყო „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მდივანი.

მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტში (1935-1938), 1933 წლიდან კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში რუსთველოლოგიისა და ქართული მწერლობის შესახებ. იყო ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის მდივანი (1935-1937), განაგებდა საქართველოს სსრ განსახკომის სამუზეუმი სექტორს. მისი გამოკვლევისა და პროექტის მიხედვით 1936 წელს დადგინდა ქართული კომპოზიტების დაწერილობა, რომელიც მიღებულ იქნა სავალდებულო ნორმად სალიტერატურო ენაში. 1945 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი ნაშრომისათვის "ვეფხისტყაოსნის ბალმონტისმიერი რუსული თარგმანი" (ცალკე წიგნად გამოვიდა 1964). 1946 წელს სოლომონ იორდანიშვილი მიიწვიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგედ. ამავე წლიდან ის აქტურად მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" შედგენაში, როგორც მისი ერთ–ერთი რედაქტორი და კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

რუსთველოლოგიაში სოლომონ იორდანიშვილი ეწეოდა კვლევით, მთარგმნელობით და ორგანიზაციულ მუშაობას. იყო "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენის დამდგენი კომისიის მდივანი. მრავალი ნაშრომი უძღვნა ვეფხისტყაოსნის ხელნაწერებსა და ტექსტის დადგენის საკითხებს. სოლომონ იორდანიშვილის მიერ შესრულებული "ვეფხისტყაოსნის" რუსული პწკარედი (1933, გადამუშავებული სახით გამოქვეყნდა 1966)–პოემის სრული სიტყვა–სიტყვითი თარგმანი. ამ პწკარედით არაქართველთა მიერ სარგებლობას აადვილებდი ის გარემოება, რომ მასში პოემის ყოველი სტროფი, ყოველი წინადადება ლათინური ტრანსკრიფციითა და ასევე რუსული თარგმანით იყო მოცემული. პწკარედი საფუძვლად დაედო პოემის მხატვრულ თარგმანებს სხვადასხვა ენებზე: ინგლისურზე, იაპონურზე, მონღოლურზე, და ასევე საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე. ელისაბედ ორბელიანთან ერთად ფრანგულად თარგმნა ვეფხისტყაოსანი (გამოქვეყნდა 1977), 1938 წელს კი მისი და ელისაბედ ორბელიანის რედაქციითა და შესწორებებით გამოვიდა "ვეფხისტყაოსნის" მარჯორი უორდროპისეული ინგლისური თარგმანი. ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად მეცნიერულად გამოსცა დავით გურამიშვილის "დავითიანი", რომელსაც დაურთო ლექსიკონი (1931). შეადგინა გერმანული –ქართული ლექსიკონი, რომელიც არ გამოცემულა. 1925 წელს ელისაბედ ორბელიანთან ერთად გამოსცა "ფრანგული ენის სახელმძღვანელო სტუდენტთათვის". გამოსცა აგრეთვე სულხან-საბა ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში" (1940) და სხვა. ნაყოფიერად იღვწოდა ლექსიკოლოგიის დარგში. მონაწილეობდა ქართულ სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში. 1930-1935 წლებში გამოსცა "რუსულ-ქართული ლექსიკონის" ორტომეული (გიორგი ახვლედიანთან ერთად), 1949 - სულხან-საბა ორბელიანის "ქართული ლექსიკონის" ერთ-ერთი ხელნაწერი. თარგმნიდა რუსულ და ევროპულ ენებიდან, აგრეთვე ქართულიდან რუსულ ენაზე ("ვისრამიანის" რუსული თარგმანი - 1949).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]