სოლიფლუქცია
სოლიფლუქცია (ლათ. solum — ნიადაგი, მიწა და fluctio — ამოწურვა) — პლასტიკურ-ბლანტი ჭარბტენიანი ნიადაგებისა და წვრილდისპერსიული გრუნტის დაცურება ციცაბო ფერდობებზე. დინების სიჩქარე ჩვეულებრივ აღწევს რამდენიმე სანტიმეტრს წელიწადში; ზოგჯერ სწრაფი კატასტროფული ჩამოწვენის შედეგად — ასეულ მ/სთ-ს. სოლიფლუქციის განვითარების მიზეზია ფერდობებზე გრუნტის სიმყარის დაქვეითება. იგი ხელს უწყობს თოვლის დნობასა და ზვავის წარმოქმნას, რის გამოც ქვეითდება გრუნტის სიმყარე კალთებზე.
სოლიფლუქცია მეტწილად გავრცელებულია მრავალწლოვანმზრალი ქანების არეებსა და ლოკალურად — სეზონური გამყინვარების მხარეებში. პროცესი მეტად აქტიურად მიმდინარეობს საშუალოდ დახრილ ფერდობებზე (8-15°), სადაც ადგილი აქვს დისპერსიული დანალექების ფენას, რომლის სიმძლავრე უდრის არა ნაკლებ 1,0-2,0 მ-ს.
ნელი სოლიფლუქცია ვითარდება უმეტესწილად ტყის საზღვრის ზემოთ და კალთებზე ქმნის თავისებურ მიკრორელიეფურ ფორმებს — დინებებსა და ტერასებს, რომლებსაც გააჩნიათ ენისებრი პარაბოლის ფორმა. სოლიფლუქციის გავლენით წარმოიქმნება მრავალი კრიოგენულ სოლიფლუქციური რელიეფის მეზო- და მიკროფორმები, ესენია: სოლიფლუქციური ნაკადი და საფარი, სოლიფლუქციური ტერასები, „ენები“, სერები, ხაზები, მთის ტერასები და ა.შ.
ეგზოგენურ პროცესებთან კომპლექსში სოლიფლუქცია ავითარებს რელიეფის მრავალ ფორმას: კურუმებს, ქვიურ გირლანდებს და სხვ. სოლიფლუქციის განვითარების კლასიკური რაიონებია ურალი, ციმბირი, ჩუკოტკის ნახევარკუნძული, შპიცბერგენი, კანადა, ალასკა და სხვ.
- სოლიფლუქციის შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა სახის სპეციფიკური ფორმებია:
- სოლიფლუქციური ხეობა — მცირე ზომის ხეობა, რომელიც წარმოიქმნება სოლიფლუქციური ნაკადის შედეგად;
- სოლიფლუქციური ზოლი — გრუნტის ზოლისებრი ფორმა; მისი სიგრძე 20 მ და მეტს აღწევს;
- სოლიფლუქციური ზვინული — ზვინული, რომელიც აგებულია ფხვიერი ქანებით;
- სოლიფლუქციური ტერასები — საფეხურებისებური წარმონაქმნები ფერდობებზე;
- სოლიფლუქციური ნაპირი — ნაპირი, რომელიც აგებულია მზრალი თიხოვანი დანალექებით;
- სოლიფლუქციური კონუსი — აკუმულაციური ტიპის კონუსი, რომელიც წარმოიქმნება კალთების ქვედა ნაწილში;
- სოლიფლუქციური ნაკადი — ნელი სოლიფლუქციის შედეგად განვითარებული ფორმა;
- სოლიფლუქციური რელიეფი — რელიეფის ტიპი, რომელიც წარმოიქმნება სოლიფლუქციის შედეგად;
- სოლიფლუქციური ფერდობი — ნარნარად დაწვენილი ფერდობი, რომლის დახრილობა უდრის 2-25°-ს.
- სოლიფლუქციური შლეიფი — გეგმაში ტრაპეციის ფორმის დახრილი ზედაპირი;
- სოლიფლუქციური ენა — იზოლირებული ენისებრი შვერილი, რომლის სიგრძე 150 მ, ხოლო სიგანე 25 მ აღწევს.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Каплина Т. Н., Криогенные склоновые процессы, М., 1965;
- Жигарев Л. А., Причины и механизм развития солифлюкции, М., 1967;
- Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. Под редакцией К. Н. Паффенгольца и др.. 1978.
- Геоморфологический словарь-справочник, Под редакцией П. Г. Шевченкова; Составитель Ахромеев Л.М., Брянск, 2002.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სოლიფლუქცია – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- სოლიფლუქცია – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
- სოლიფლუქცია (რუსული)