სკოპიეს მიწისძვრა (1963)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიწისძვრის ეპიცენტრი
გაჩერებული საათი სკოპიეს სადგურის ძველ შენობაზე
ამერიკის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლები სკოპიეში

მიწისძვრა სკოპიეში (მაკედ. Скопски земјотрес), მაკედონიის დედაქალაქში — 1963 წლის 26 ივნისის მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა შეადგენდა 6,1-ს (რიხტერის სკალით დაახლოებით 6,9 ბალი).[1][2] მიწისძვრამ ქალაქის უდიდესი ნაწილი გაანადგურა. მის შედეგად დაიღუპა 1 070 ადამიანი, ხოლო 3 000-ზე მეტი დაიჭრა. საცხოვრებელი სახლების დაახლოებით 75% განადგურდა ან სერიოზულად დაშავდა.[1][3]

მიწისძვრის შემდეგ 80-მდე ქვეყანამ იუგოსლავიაში გაგზავნა მაშველები, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება. იმავე წლის 14 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია №1882, რომელშიც აღნიშნა, რომ „სკოპიეს აღდგენა გახდა ხალხთა დამეგობრებისა და ძმობის ჭეშმარიტი სიმბოლო“.[4]

სეისმური მდგომარეობა რეგიონში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკედონიის სამხრეთი, მდინარე ვარდარის რეგიონი, ცნობილია, როგორც მაღალი სეისმური აქტივობის ზონა. სკოპიეს ისტორიაში XX საუკუნემდე ცნობილია ორი გამანადგურებელი მიწისძვრა: 518 წელს და 1555 წელს. მიუხედავად ამისა, ქალაქის დაგეგმარებისა და შენობების აგებისას არასდროს ითვალისწინებდნენ მონაცემებს სეისმური აქტივობის შესახებ.[1]

მიწისძვრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიძგები მოხდა 26 ივლისს, დილით და 20 წამის განმავლობაში გაგრძელდა.[2] ყველაზე ძლიერი ბიძგის ზუსტი დრო დააფიქსირა სკოპიეს სადგურზე არსებულმა საათმა, რომელიც დილის 5:17 საათზე გაჩერდა.[3] საერთო ჯამში განადგურდა და ძლიერ დაზიანდა საცხოვრებელი სახლების 75%, თითქმის ყველა სკოლა და საავადმყოფო, ასევე სადგურისა და ფოსტის შენობები, რის გამოც ქალაქი გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. ასევე განადგურდა მრავალი ადმინისტრაციული შენობა, მათ შორის მაკედონიის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შტაბ-ბინა, მერია და ეროვნული ბანკი. სამრეწველო შენობები უფრო ნაკლებად დაზიანდა, რადგან ისინი ეპიცენტრიდან შორს იყო განლაგებული, მათი კონსტრუქცია კი საშუალებას იძლეოდა, ბიძგებისთვის გაეძლო.[1] ყველაზე მეტად დაზიანდა აგურის ნაგებობები, მათ დანგრევას კი ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა.[1]

სამაშველო ოპერაცია და აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიწისძვრის შემდეგ მალევე სამხედროებმა, საქალაქო თავდაცვის რაზმებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს. დაიწყო მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის საერთაშორისო კამპანია. სკოპიეს აღდგენაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 80-მა ქვეყანამ, შემოწირულობებმა შეადგინა თანხა, რომელიც ეკვივალენტურია 37 000 000 დინარისა, ასევე შეგროვდა ნივთები, რომელთა საერთო ფასიც 121 000 000 დინარს შეადგენდა.[1] რამდენიმე ათეული ათასი ადამიანისთვის, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილი დაკარგეს, პირველ დღეებში გაიხსნა კარვიანი ბანაკები, ხოლო ერთი წლის განმავლობაში აშენდა დროებითი ხის სახლები. ქალაქის სრულმასშტაბიანი აღდგენა მიმდინარეობდა 1960-იან წლებში იაპონელი არქიტექტორის, კენძო ტანგეს ხელმძღვანელობის ქვეშ.

სიმბოლური მოვლენა გახდა 1970 წელს სკოპიეში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნა, რომლის კოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა მიწისძვრის შემდეგ სხვა ქვეყნების მიერ ნაჩუქარი ხელოვნების ნიმუშები. თვითონ მუზეუმის შენობა დაპროექტდა პოლონელი არქიტექტორების მიერ და პოლონეთის საჩუქარი გახდა.[5][6] ახალი მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი გახდა პაბლო პიკასოს სურათი „ქალის თავი“, რომელიც ქალაქს მხატვარმა აჩუქა.[7][8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Jakim T. Petrovski. Damaging Effects of July 26, 1963 Skopje Earthquake. Institute of Earthquake Engineering and Engineering Seismology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2009-06-10.
  2. 2.0 2.1 1963: Thousands killed in Yugoslav earthquake. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2009-06-10.
  3. 3.0 3.1 Marking the 44th anniversary of the catastrophic 1963 Skopje earthquake. მაკედონიის რადიო და ტელევიზია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2009-06-10.
  4. http://daccess-ods.un.org/TMP/2907826.htmlPDF (გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია № A/RES/1882 (XVIII) 1963 წლის 14 ოქტომბერი)
  5. სკოპიეს თანამედროვე ხლოვნების მუზეუმის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-01-16.
  6. სკოპიეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი იუნესკოს საიტზე
  7. პაბლო პიკასოს „ქალის თავი“ სკოპიეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-12. ციტირების თარიღი: 2014-01-16.
  8. Serbia, Macedonia and Romania Join Europe in the Night of the Museums. balcantravellers.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2009-06-14.