სიმონ ხუნდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხუნდაძე.

სიმონ ირაკლის ძე ხუნდაძე (დ. 15 ნოემბერი, 1897, სოფ. კალაგონი — გ. 21 აგვისტო, 1933, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, ქართველ სოციალ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1905-1914 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ჯერ კიდევ ყმაწვილმა მიიპყრო მასწავლებელთა ყურადღება. მეშვიდე კლასელს უკვე წაკითხული ჰქონდა ქართული და რუსული მხატვრული ლიტერატურა, იცნობდა საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის მკვლევართა ნაშრომებსა და პოლიტიკურ მოღვაწეთა ნარკვევებს. 1914-1917 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1915 წელს გამოაქვეყნა პირველი წერილი. სტუდენტობისას აქტიურად ებმება რევოლუციური წრეების საქმიანობაში. 1917 წელს იარაღით ხელში, რუს სტუდენტებთან ერთად იბრძოდა რევოლუციის ბარიკადებზე. იმავე წელს სრულიად ჩამოყალიბებული პუბლიცისტი და ჟურნალისტი სამშობლოში დაბრუნდა და ხელი მიჰყო ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის შესწავლასა და გამომზეურებას. 1922 წელს საქართველოს საბჭოების I ყრილობაზე აირჩიეს ცაკ-ის წევრად.

1924-1925 წლებში სწავლობდა მოსკოვის კომუნისტურ აკადემიაში. 1926 წლიდან მუშაობდა თსუ-ში ჯერ დოცენტად, შემდეგ პროფესორად. მისი პირველი ნაშრომი „ქართული ინტელიგენციის პროფილი XIX საუკუნეში“, რომელიც დაიბეჭდა 1927 წელს, საინტერესოდ აშუქებდა ჩვენი ინტელიგაენციის სოციალურ-პოლიტიკურ იდეალებს და მისი განვითარების გზებს. 1931 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1932 წლიდან იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ლიტერატურის ფაკულტეტის ახალი ისტორიის კათედრის გამგე. 1933 წლიდან იყო თსუ-ს ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი და ამავე ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ „ტრიბუნის“, ჟურნალ ქართული მწერლობის“ რედაქტორად, გამომცემლობების, „ქართული წიგნის“, „ფედერაციის“, „სახეგამის“ დირექტორად. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პანთეონში მასთან დასაფლავებულია მისი მეუღლე — თამარ ივლიანეს ასული კვერნაძე (დ. 27 ივნისი, 1908, თბილისი — გ. 13 აგვისტო, 1988, იქვე).

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მარქსის ინტერნაციონალი“ 1924
  • „ქართველი ინტელიგენციის პროფილი მეცხრამეტე საუკუნეში“, 1927
  • „ლევ ტოლსტოი და სოციალიზმი“ 1929
  • „ნ. გ. ჩერნიშევკი“ 1929
  • „აკაკი წერეთელი“ 1930
  • „პოეტი სარდალი“, 1934
  • „დიმიტრი ყიფიანი“ 1936

სიმონ ხუნდაძის კალამს ეკუთვნის მონოგრაფიები: „მასალები ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან“, „სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში“, „სოლომონ რაზმაძე“, „ივანე მაჩაბელი“, „გალაქტიონ ტაბიძე“, „არსენას ტიპი ქართულ მწერლობაში“ და სხვა.

აღსანიშნავია ხუნდაძის მოღვაწეობა, როგორც რედაქტორ-გამომცემლისა. მან გამოსცა დიმიტრი ყიფიანის „მემუარები“ (1930), ნიკო ნიკოლაძის „რჩეული ნაწერები“ I ტ (1931), II ტ. (1932), გ. წერეთლის თხზულებათა I ტომი, ეგნატე ნინოშვილის თხზულებათა სამტომეული (1927-1935)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 419, თბ., 1994
  • კოხრეიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 515.
  • აბაშელი ა. „უკანასკნელი მგზავრობა“ — „მნათობი“ N2 1959 წ.
  • გაფრინდაშვილი მ. „ქართული განმანათლებლური აზროვნების ზოგიერთი საკითხი ს. ხუნდაძის შრომებში“ — კრ: საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, თბილისი 1971
  • კოხრეიძე ა. „მქუხარე სიცოცხლე“ — თბილისი, 1985
  • ჯიბლაძე გ. „კრიტიკული ეტიუდები“ ტ. 5 — თბილისი, 1974