სიმონ დე სანტ-კვენტინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმონ დე სანტ-კვენტინი (XIII ს.) — დომინიკანელი ბერი. შედიოდა დელეგაციაში, რომელიც რომის პაპმა ინოკენტი IV-მ ბერ ასცელინის მეთაურობით მონღოლთა ყაენთან გააგზავნა. 1247 წელს მათ მონღოლთა მხედართმთავრის ბაიჯუს ბანაკს მიაღწიეს. ამის შემდეგ ისინი უნდა შეხვედროდნენ ყაენს ყარაყორუმში, მაგრამ ასცელინის მხედართმთავრებთან დაპირისპირების გამო ეს შეუძლებელი გახდა. სიმონ დე სანტ-კვენტინი 1247 წელს იმყოფებოდა საქართველოში და საინტერესო ცნობები დატოვა ქვეყნის შესახებ. მისი ინფორმატორი თბილისში შვიდი წლის განმავლობაში მცხოვრები დომინიკანელი ბერი გიშარ დე კრემონა იყო.

სიმონ დე სანტ-კვენტინის ცნობები საქართველოს შესახებ[რედაქტირება]

სიმონ დე სანტ-კვენტინის ნაწარმოები „თათრების ისტორიის“ სრული ტექსტი დაკარგულად ითვლება. მისი ნაშრომის ნაწილები შესულია ვინსენტ დე ბოვეს წიგნში „Speculum Historiale“. კვენტინის ცნობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ის დღემდე ცნობილ ევროპელ ავტორებს შორის ერთადერთია, „რომელიც XIII საუკუნეში თვითონ იმყოფებოდა საქართველოში და თვითმხილველია იმ ფაქტებისა, რომელსა იგი გადმოგვცემს“.[1]

კვენტინის ნაშრომში მოთხრობილია საქართველოში მონღოლთა ბატონობის შესახებ. ის მონღოლებს მიიჩნევს კავკასიის მთებს იქეთ ჩაკეტილი ხალხის – გოგისა და მაგოგის შთამომავლებად. ის ამბობს, რომ მონღოლთა ყაენის გუიუქ I-ის სახელი გოგისგან წარმოდგება.

დომინიკანელ ბერს საინტერესო ცნობები მოეპოვება საქართველოს ეკლესიის შესახებაც. მისი თქმით, ქართველებს კათალიკოსის გარდა, ჰყავთ 18 მთავარეპისკოპოსი და ეპისკოპოსი, საქართველოს ეკლესიაში ადგილი აქვს სიმონიას და მევახშეობას. მისი აზრით, ქართველები და სომხები ცუდად ეწყობიან ერთმანეთში.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ბეჟან ჯავახია, XIII დამდეგის დომინიკანელი ბერი საქართველოს შესახებ, გვ. 65

ლიტერატურა[რედაქტირება]

ბეჟან ჯავახია, XIII დამდეგის დომინიკანელი ბერი საქართველოს შესახებ, შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, VII, თბ., 2005, გვ. 62-67