სიმინდის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სიმინდის კუნძული“

სიმინდის კუნძულის პოსტერი
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
სცენარის ავტორი ნუგზარ შატაიძე
გიორგი ოვაშვილი
როლოფ იან მინებუ
როლებში ილიას სალმანი
მარიამ ბუთურიშვილი
ირაკლი სამუშია
ტამერ ლევენტი
მუსიკა იოსებ ბარდანაშვილი
მხატვარი არიუნსაიხან დავახუ
გამოსვლის თარიღი 9 ივლისი 2014 (კარლოვი)
24 სექტემბერი 2014 (საქართველო)
ხანგრძლივობა 100 წთ.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული

„სიმინდის კუნძული“ — 2014 წლის ქართული ფსიქოლოგიურ-დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია გიორგი ოვაშვილი. ფილმი აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე მოგვითხრობს. ფილმში დიალოგი მინიმუმამდეა დაყვანილი. მთავარ როლებს თურქი მსახიობი ილიას სალმანი და არაპროფესიონალი დამწყები მსახიობი მარიამ ბუთურიშვილი ასრულებენ.[1] ეს არის ადამიანისა და ბუნების ბრძოლა და ჰარმონიული თანაცხოვრების მცდელობა, იდეალების დაცვა და შენარჩუნება, ჩაკეტილი სივრცის გარღვევის სურვილი, სიყვარულის ისტორია და აფხაზურ–ქართული ურთიერთობები.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება მდინარე ენგურზე, გაზაფხულის წვიმების შედეგად წარმოქმნილ პატარა კუნძულზე ვითარდება, სადაც გლეხები გაზაფხულის წყალდიდობის შემდეგ წარმოქმნილ კუნძულებზე სიმინდის მოსაყვანად ნოყიერი ნიადაგის მოძებნას ცდილობენ. მთავარი გმირები კი ფილმში აფხაზი პაპა, მისი შვილიშვილი გოგონა და ქართველი ჯარისკაცი არიან. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საზღვარზე, მდინარე ენგურის მიერ შექმნილ პატარა კუნძულზე მოხუცი აფხაზი სახლდება თავის მოზარდ შვილიშვილთან ერთად, ფიცრულ ქოხს აშენებს და სიმინდს თესავს. აფხაზი პაპა და მისი შვილიშვილი ფერმერობას მისდევენ და სიმინდი მოჰყავთ. ერთხელაც მათთან მოულოდნელად მოხვდება დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი, რის შემდეგაც მათ ცხოვრება მთლიანად შეიცვლება.[2]

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული”, არის 2014 წლის კარლოვი ვარის ფესტივალის გამარჯვებული. ფილმს კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება მოყვა, ხოლო "Variety" მას აღწერს, როგორც “უზომო მოკრძალებით წარმოდგენილ გამაოგნებელ კინემატოგრაფიულ ნამუშევარს”, Hollywood Reporter წერს, რომ ეს ფილმი არის: “ემოციურად დამუხტული მინიმალიზმის მასტერ-კლასი”. ფილმი მოგვითხრობს ორ ფერმერზე – პაპასა (ილიას სალმანი) და შვილიშვილზე (მარიამ ბუთურიშვილი), რომლებიც ცდილობენ სიმინდი დათესონ და მოსავალი აიღონ. ფილმში ასკეტური ესთეტიკა შერწყმულია თითქმის უხმო თხრობასთან ტარკოვსკისა და ტერენს მალიკის სტილში. მოქმედება აქაც ვითარდება 1992 წლის კონფლიქტის ფონზე, რომელსაც შეეწირა 20 000 ადამიანის სიცოცხლე, ხოლო 250 000 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ.[3]

„სიმინდის კუნძულმა“ კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა გრან-პრი „ბროლის გლობუსი“. სან-მარინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო პრიზი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის და პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო მთავარი პრიზი „ოქროს ანტიგონე“; კრიტიკის პრიზი; პრიზი საუკეთესო მუსიკისთვის; მაყურებლის პრიზი. საქართველოს მიერ წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.[4]

ფილმი ხელოვნურად შექმნილ კუნძულზეა გადაღებული. ხელოვნური კუნძული ტყიბულის წყალსაცავზე აშენდა, რომლის აგება განსაკუთრებულ ტექნიკურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.[5] სცენარი ფილმისათვის სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა, ხოლო მოქმედება 2008 წელს ვითარდება.[6]

„სიმინდის კუნძულის“ ბიუჯეტმა 1,5 მილიონი ევრო შეადგინა. ფილმი 6 ქვეყნის: საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ყაზახეთისა და უნგრეთის ერთობლივი პროდუქციაა.[5][7]

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია, რომ „სიმინდის კუნძული“ ქართველი პოლიტიკოსების კრიტიკის საგანი გახდა. დეპუტატებმა პარლამენტში დახურულ ჩვენებაზე ნახეს და შენიშვნა სურათის რეჟისორს პარლამენტის დერეფანშივე მისცეს. დეპუტატებიდან ყველაზე უკმაყოფილო გია ვოლსკი აღმოჩნდა, რომელიც მხატვრულ ფილმში „არასრულწლოვნის სექსუალობის ხაზგასმამ“ გააღიზიანა. ფილმის ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ მმართველმა გუნდის, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები.[8]

აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჩათვალეს, რომ ფილმში აფხაზეთის პრობლემა არასწორად არის დანახული, ქართველი კაცის სახე კი უარყოფითად არის წარმოჩენილი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ ფილმში პედოფილიის ნიშნებიც დაინახა, მაშინ, როცა მთავარ გმირს ნავში მსხდომი ქართველი მებრძოლები შეამჩნევენ.[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფსიქოლოგიური დრამა აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-02-15.
  2. საქართველომ ოსკარებზე გიორგი ოვაშვილის ფილმი „სიმინდის კუნძული“ გაგზავნა
  3. http://allmovies.ge/qartuli-kino-yofili-sabchota-qveyana-axla-kinematografis-cxeli-wertilia-cnobili-britanuli-gamocema-the-independent-qartuli-kinos-shesaxeb/
  4. ყველაფერი ქართული კინოს შესახებ[მკვდარი ბმული]
  5. 5.0 5.1 დღეიდან საქართველოს კინოთეატრებში — „სიმინდის კუნძული“
  6. „სიმინდის კუნძული“ — გიორგი ოვაშვილის ახალი ფსიქოლოგიური დრამა[მკვდარი ბმული]
  7. პარლამენტის კინოდარბაზში „სიმინდის კუნძულის“ ჩვენება გაიმართა
  8. ხელისუფლებას „სიმინდის კუნძული“ არ მოსწონს[მკვდარი ბმული]
  9. „პედოფილია არა, ფარშევანგი“ - გიორგი ოვაშვილი „სიმინდის კუნძულზე“ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს