სვიატოსლავ რიხტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვიატოსლავ რიხტერი

სვიატოსლავ რიხტერი (რუს. Святосла́в Теофи́лович Рихтер; დ. 20 მარტი [7 მარტი], 1915 – გ. 1 აგვისტო, 1997) — საბჭოთა პიანისტი, საყოველთაოდ აღიარებული, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი. განთქმული იყო ვირტუოზული ტექნიკითა და ვრცელი რეპერტუარით.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

რიხტერი დაიბადა ჟიტომირში წარმოშობით გერმანელი პიანისტი და კომპოზიტორი თეოფილე რიხტერის ოჯახში. გაიზარდა ოდესაში. ძირითადად თვითნასწავლი იყო, თუმცა მამამისი მას დროდადრო მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა. ბავშვობიდანვე რიხტერი ოპერითა და კამერული მუსიკით იყო გატაცებული. 1930-32 წლებში რიხტერი პიანისტ-კონცერტმეისტერად მუშაობს ოდესის მეზღვაურთა სახლში, შემდეგ კი — ოდესის ფილარმონიაში. რიხტერის პირველი სოლო კონცერტი, შოპენის ნაწარმოებებით, 1934 წელს შედგა. მალე ის ოდესის საოპერო თეატრში აკომპანიატორის ადგილს იღებს.

სამი წლის შემდეგ რიხტერი მოსკოვის კონსერვატორიაში ჩაირიცხა ფორტეპიანოს კლასში ჰენრიხ ნეიჰაუზთან, თუმცა შემოდგომაზევე გაირიცხა, ზოგადი საგნების შესწავლაზე უარის თქმის გამო, და ისევ ოდესაში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, ნეიჰაუზის მოთხოვნით რიხტერი ისევ აღადგინეს კონსერვატორიაში და მოსკოვში დააბრუნეს. პიანისტის მოსკოვის დებიუტი 1940 წლის 26 ნოემბერს შედგა კონსერვატორიის მცირე დარბაზში, საბჭოთა კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებით. ხოლო ერთ თვეში რიხტერი პირველად გამოდის ორკესტრთან ერთად.

ომის პერიოდში რიხტერი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა, გასტროლებით საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში, მათ შორის ბლოკადაში მყოფ ლენინგრადშიც. აქ მან პირველად შეასრულა სერგეი პროკოფიევის მეშვიდე საფორტეპიანო სონატა.

ომის შემდეგ რიხტერი სწრაფად იხვეჭს სახელს, იმარჯვებს რა მუსიკოს-შემსრულებელთა მესამე სრულიად საკავშირო კონკურსზე (პირველი პრემია გაიყო ვიქტორ მერჟანოვთან) და ერთ-ერთი წამყვანი საბჭოთა პიანისტი ხდება. მისი კონცერტები საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა დასავლეთში რიხტერს გამოსვლის საშუალება მრავალი წლის განმავლობაში არ ჰქონია. სავარაუდოდ ეს გამოწვეული იყო მისი მეგობრობით "გარიყულ" პიროვნებებთან, მათ შორის ბორის პასტერნაკთან და სერგეი პროკოფიევთან. ამ კომპოზიტორის მუსიკის შესრულების აკრძალვის პერიოდში რიხტერი ხშირად ასრულებდა მის ნაწარმოებებს, ხოლო 1952 წელს პირველად და ერთხელ მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე გამოვიდა დირიჟორის როლში, სადაც შეასრულა სიმფონია - კონცერტი ვიოლონჩელოსთვის ორკესტრთან (სოლისტი მსტისლავ როსტროპოვიჩი).

1960 წელს რიხტერის გამოსვლა ლონდონსა და ნიუ-იორკში ნამდვილი სენსაცია გახდა. მას შედეგად მრავალი ჩანაწერი მოჰყვა, რომელთაგან ბევრი დღემდე შესრულების ეტალონად ითვლება. იმავე წელს მუსიკოსს "გრემი" მიანიჭეს (ის პირველი საბჭოთა შემსრულებელი იყო, რომელსაც ეს ჯილდო ერგო) ბრამსის მეორე საფორტეპიანო კონცერტის შესრულებისთვის.

1960-80-იან წლებში რიხტერი აგრძელებს აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, თითქმის 70 კონცერტით წელიწადში. მრავალს მოგზაურობს, თუმცა დიდ საკონცერტო დარბაზებს მცირე, კამერულ ოთახებს ამჯობინებს. სტუდიურ ჩანაწერებს პიანისტი თითქმის არ აკეთებდა, თუმცა შემონახულია მისი დიდი რაოდენობით "ცოცხალი" ჩანაწერი.

რიხტერის დაფუძნებულია რამდენიმე სამუსიკო ფესტივალი, მათ შორის განთქმული "დეკემბრის საღამოები" პუშკინის მუზეუმში (1981 წლიდან), სადაც ის მსოფლიოს მრავალ წამყვან მუსიკოსებთან გამოდიოდა, მათ შორის მევიოლინე ოლეგ კაგანთან, ალტისტ იური ბაშმეტთან, ვიოლონჩელისტ მსტისლავ როსტროპოვიჩთან და ნატალია გუტმანთან, მომღერალ ნინა დორლიაკთან (რიხტერის პარტნიორი). მის თანამედროვეთაგან განსხვავებით რიხტერი პედაგოგობით არასდროს დაკავებულა.

ცხოვრების ბოლო წლებში რიხტერი ავადმყოფობის გამო კონცერტებს ხშირად აუქმებდა, თუმცა გამოსვლებს მაინც აწყობდა. შესრულების დროს სცენაზე მისი თხოვნით თითქმის სრული სიბნელე იყო და მხოლოდ ფორტეპიანოს პიუპიტრზე დადგმული ნოტები იყო ლამპით განათებული. პიანისტის აზრით ეს პუბლიკას საშუალებას აძლევდა კონცენტრაცია მუსიკაზე მოეხდინა, ნაცვლად შემსრულებლის მიხვრა-მოხვრასა და მიმიკაზე. პიანისტის ბოლო კონცერტი ლიუბეკში შედგა. ორ წელიწადში რიხტერი გულის ინფარქტით გარდაიცვალა.

ჯილდოები[რედაქტირება]

ვირტუოზული შესრულებისა და მუსიკის დარგში გაწეული წვლილისთვის რიხტერი მრავალი საბჭოთა და საერთაშორისო პრემიით იყო დაჯილდოებული, მათ შორის:

  • სტალინის პრემია (1950);
  • გრემი (1960);
  • ლენინის პრემია (1961);
  • საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოედება (1961);
  • სტრასბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1977);
  • ლეონი სონინგის პრემია (1986);

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • (რუსული) Цыпин Г. М. С. Рихтер. Творческий портрет, М., 1987;
  • (რუსული) Башкиров Д. Безграничность ощущения музыки, «СМ», 1985, № 6;
  • (რუსული) Нейгауз С. Нравственная высота, величие духа, «СМ», 1985, № 6;
  • (რუსული) Коган Г. Гордость советского искусства. В кн.: Избранные статьи, в 3, М., 1985.
  • (ინგლისური) Bruno Monsaigeon, Sviatoslav Richter: Notebooks and Conversations (Princeton University Press, 2001)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]