სერგეი ბაგაფში
ვიკიპედიიდან
სერგეი ბაგაფში (აფხ. Сергеи Багаҧшь) (დ. 1949, სოხუმი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტი 2005 წლიდან, ხოლო 1997-1999 წლებში - პრემიერ-მინისტრი.
პრემიერ-მინისტრობამდე იყო კერძო მეწარმე, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში, რუსეთი, და აფხაზეთის კომკავშირის ყოფილი პირველი მდივანი.
2004 წლის არჩევნებამდე ბაგაფში დე-ფაქტო მთავრობის ენერგეტიკის მინისტრი იყო. 2004 წლის 20 ივლისს ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ „ამწახარა“ და „გაერთიანებული აფხაზეთი“ ის სერთო კანდიდატად წამოაყენა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სერგეი შამბას ნაცვლად. არჩევნებში ბაგაფშის მთავარი ოპონენტი რაულ ხაჯიმბა იყო.
აფხაზეთის საარჩევნო კომისიამ თავდაპირველად ხაჯიმბა ცნო გამარჯვებულად, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მოგვიანებით გამოაცხადა, რომ ბაგაფშმა 50.3%-ით გაიმარჯვა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია შენობაში შემოვარდნილი ხაჯიმბას მხარდამჭერთა ზეწოლის ქვეშ. პარალელურად ბაგაფშის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობდა საარჩევნო კომისიის შენობის წინ, რომლებიც იმუქრებოდნენ რომ ბაგაფშის ინაუგურაციას მაინც ჩაატარებდნენ 2004 წლის 6 დეკემბერს. შინა არეულობის თავიდან ასაცილებლად ბაგაფში და ხაჯიმბა აღწევენ შეთანხმებას არჩევნების შედეგები გააუქმონ და ახალ არჩევნებში გაერთიანებული მანდატით იყარონ კენჭი.
ახალი არჩევნები 2005 წლის 12 იანვარს ჩატარდა, რომლის შედეგად გამარჯვებული ბაგაფშისა და ხაჯიმბას კოალიცია გამოდგა. შეთანხმების თანახმად ბაგაფში კენჭს იყრიდა პრეზიდენტად, ხოლო ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტად.

