სენ-სულპისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სენ-სულპისი (ფრანგ. Église Saint-Sulpice), რომაულ-კათოლიკური ეკლესია პარიზში, საფრანგეთი, სენ-სულპისის მოედნის აღმოსავლეთ მხარეს, VI ოლქის ლუქსემბურგის კვარტალში. 113 მ სიგრძით, 58 მ სიგანითა და 34 მ სიმაღლით ის სულ მცირედით ჩამორჩება ნოტრ-დამს და, შესაბამისად, სიდიდით მეორე ეკლესიაა ქალაქში. ეკლესია სულპიტიუს პიუსის სახელობისაა. XVIII საუკუნეში აქ სენ-სულპისის გნომონი დადგეს.

დიდი ორგანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიას განთქმული ორგანისტების დიდი ხნის ტრადიცია აქვს, რომელიც XVIII საუკუნიდან მომდინარეობს. 1862 წელს არისტიდ კავაიე-კოლის აწყობილი ორგანი დაამატეს ეკლესიას. ეს კავაიე-კოლის მაგნუმ ოპუსად ითვლება და მას 101 ხმის არხი აქვს და უდავოდ ყველაზე თვალსაჩინო ინსტრუმენტია რომანტიკული საფრანგეთის სიმფონიურ-ორგანული ხანიდან.

ეს ორგანი დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და განთქმული ინსტრუმენტია. კავაიე-კოლმა მისი აწყობისას ეკლესიის ადრეული ფრანგული კლასიკური ორგანის ნაწილები გამოიყენა, რომელიც 1781 წელს კლიკოს მიერ იყო აგებული. სენ-სულპისის გრან-ორგი აწყობის პერიოდში მთელს ევროპაში მესამე 100-ხმიანი ორგანი იყო.

განთქმული იყვნენ მისი ორგანისტებიც, დაწყებული ნიკოლა სეჟანით XVIII საუკუნეში, გაგრძელებული შარლ-მარი უიდორით (1870-1933) და მარსელ დიუპრეთი (1934-91), ორივე უდიდესი ორგანისტი და კომპოზიტორი. შესაბამისად, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სენ-სულპისს მხოლოდ ორი ორგანისტი ჰყავდა და სწორედ მათი დამსახურებაა კავაიე-კოლის ამ ქმნილების დაცვა და შენახვა.