საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონი (ფრანგ. Le Dictionnaire des idées reçues) — გიუსტავ ფლობერის სატირული ნაშრომი. მწერალი მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა ჩანაწერებს, რათა შეექმნა წიგნი „სადაც თავმოყრილი იქნებოდა ყველაფერი ის, რისი თქმაც საჭიროა საზოგადოებაში მის ღირსეულ წევრად გასახდომად“. წიგნის კითხვისას მკითხველი ვერ უნდა მიმხვდარიყო, მას დასცინოდნენ თუ სერიოზულ რჩევებს აძლევდნენ, მაგრამ ფლობერმა სიცოცხლეში ვერ შეძლო ამ სურვილის განხორციელება. მისი გარდაცვალების შემდეგ მწერლის პირად ნივთებში აღმოაჩინეს ორმოციოდე ფურცელი სათაურით „საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონი“. ეს ჩანაწერები პირველად გამოქვეყნდა 1913 წელს, მოგვიანებით კი იპოვეს სხვა ჩანაწერებიც და შესაძლებელი გახდა ლექსიკონის ვერსია უფრო სრულყოფილი გამხდარიყო.

მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საფრანგეთის აკადემია – რაც შეგიძლიათ აძაგეთ; მაგრამ თუ შესაძლებლობა მოგეცემათ, ეცადეთ როგორმე მისი წევრი გახდეთ.
  • არქიმედე – ამ სახელის გაგონებაზე წამოიძახეთ: ევრიკა! მომეცით საყრდენი წერტილი და მე გადავაბრუნებ დედამიწას! არსებობს კიდევ რაღაც არქიმედეს ხრახნი, მაგრამ კაცმა არ იცის რისთვის გამოიყენება.
  • მინისტრი – ადამიანური დიდების ბოლო ზღვარი.
  • მეხსიერება – ყოველთვის იწუწუნეთ საკუთარ მეხსიერებაზე. შეგიძლიათ, თავმოწონების მიზნით, ისიც კი თქვათ, რომ მეხსიერება საერთოდ არ გაქვთ; მაგრამ თუ ვინმე გეტყვით, რომ საღი განსჯის უნარი არ გაგაჩნიათ, გაფითრდით და ღრიალი მორთეთ.
  • ზამთარი – ყოველი ზამთარი განსაკუთრებით ცივია. ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე წელიწადის სხვა დროები.
  • ჰარამხანა – დედლებს შორის მოსიარულე მამალი შეადარეთ ჰარამხანაში მოსიარულე სულთანს. კოლეჯის მოსწავლეთა ოცნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიუსტავ ფლობერი, საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონი, ფრანგულიდან თარგმნა თინა ღარიბაშვილმა, „ჩვენი მწერლობა“, № № 2, 3, 4, 2008 წ.