საქართველო XII-XIII საუკუნეებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველო XII-XIII საუკუნეებში — XII-XIII საუკუნეები საქართველოს სამეფოს ოქროს ხანაა. ამ დროს მიაღწია სამეფომ საკუთარი ძლიერების პიკს, ხოლო ქართულმა კულტურამ კი განვითარების მაღალ საფეხურს. საქართველოს სამეფოს ოქროს ხანა XIII საუკუნეში მონღოლების გამოჩენის შემდეგ დასრულდა.

დავით IV აღმაშენებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გელათის მონასტრის ფრესკაზე გამოსახული დავით აღმაშენებელი ხელში საკუთარი ანდერძითა და ტაძრის მაკეტით.
დიდგორის ველი.
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა.
დავით აღმაშენებლის საფლავი.

დავითის მეფობის პირველი წლების შემდეგ, XI საუკუნის ბოლოს, მომზადებული იყო ნიადაგი საქართველოს სრული დამოუკიდებლობის აღსადგენად. დავითმა ისარგებლა სელჩუკთა სახელმწიფოს დასუსტებით, იერუსალიმის გასათავისუფლებლად დაწყებული ჯვაროსნული ლაშქრობებით და 1099 წელს მას ხარკის გადახდა შეუწყვიტა.

რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XII საუკუნე საქართველოში დაიწყო საეკლესიო რეფორმებით. საქართველოს ეკლესიაში ძლიერი იყო ფეოდალური არისტოკრატიის გავლენა. უმაღლეს საეკლესიო წოდებებს მხოლოდ მაღალი წოდების წარმომადგენლები იკავებდნენ. საეკლესიო რეფორმის გატარება XI საუკუნეში ბაგრატ IV-მ სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. დავით IV-მ 1104 წელს მოიწვია ადგილობრივი რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. კრებას ესწრებოდა მეფე, კათალიკოსი იოანე VI, ეპისკოპოსები და სხვა საეკლესიო პირები. კრებამ დიდგვაროვანი საეკლესიო იერარქები თანამდებობებიდან გადააყენა და მათ ნაცვლად მეფის ერთგული პირები დანიშნა. ფეოდალურ ოპოზიციას გამოეცალა დიდი იდეოლოგიური და მატერიალური ძალის მქონე საეკლესიო დასი. ამავე კრებაზე მიიღეს საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებელი დადგენილებები. რუის-ურბნისის კრებიდან ცოტა ხნის შემდეგ დავითმა შექმნა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა. მან გააერთიანა მწიგნობართუხუცესის საერო თანამდებობა ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსის, ჭყონდიდელის, თანამდებობასთან. ეს თანამდებობა დაიკავა გიორგიმ, რომელიც მეფის უახლოესი მრჩეველი და რუის-ურბნისის კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. საეკლესიო რეფორმამ განამტკიცა მეფის ძლიერი და ცენტრალიზებული ხელისუფლება.

დავითმა ასევე გაატარა სასამართლო რეფორმა. რეფორმამდე სასამართლო საქმეებს აწესრიგებდა მეფე. მას შემდეგ რაც მმართველობითი აპარატი გართულდა და საქმეებმა იმატა, მეფე ვერ აუდიოდა სასამართლო საქმეების გარჩევას. ამიტომ დავითმა შემოიღო სააჯო კარი, სასამართლო ინსტანცია, რომელიც კოლეგიურად განიხილავდა საქმეებს. სააჯო კარის შექმნა ქართული სამართლის დიდი წარმატება იყო. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მსტოვართა ინსტიტუტის შექმნას, რაც საშუალებას აძლევდა მეფეს ცოდნოდა ყველაფერი რაც ხდებოდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ამ საპოლიციო ინსტიტუტის სათავეში იდგა მანდატურთუხუცესი. დავითმა გაატარა ასევე სამონეტო რეფორმა. ვერცხლის კრიზისის გამო მან, სხვა ქვეყნების მსგავსად, დაიწყო სპილენძის მონეტების მოჭრა. მყარი მონეტის შემოღებამ ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

დავითმა ასევე დაიწყო სამხედრო რეფორმა, რომლის მიზანი იყო ლაშქრის რეორგანიზაცია და მეფის ხელისუფლების გაძლიერება. მან ლაშქარი სამ ნაწილად დაჰყო. ერთი იყო მეფის პირადი გვარდია, მონასპა, 5 ათასი კაცის შემადგენლობით. მეორე ნაწილს შეადგენდა ქალაქებსა და ციხეებში მდგარი გარნიზონები და მეციხოვნეები, ხოლო მესამე ნაწილს 60-ათასიანი მუდმივი ლაშქარი. სამხედრო რეფორმა დასრულდა 1118 წელს, როდესაც მეფემ საქართველოში გადმოასახლა 40 000 ყივჩაყის ოჯახი იმ პირობით, რომ თითო ოჯახიდან ერთი მეომარი უნდა გამოსულიყო. დავითმა ყივჩაყებთან მოკავშირეობისთვის ცოლად შეირთო ყივჩაყთა ერთ-ერთი მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი. ყივჩაყებებსა და ოსებს დავითი იყენებდა როქის სპაში, როგორც დაქირავებულ მეომრებს და დამხმარე ძალას და ისინი ძირითად დასაყრდენ ძალად არასდროს გამოუყენებია.

ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეფორმების შედეგად ჩამოყალიბდა ძლიერი, ცენტრალიზებული მონარქია, განმტკიცდა მეფის ხელისუფლება, დამყარდა წესრიგი ქვეყნის შიგნით. მეფემ ძალისხმევა მიმართა სამეფოს საზღვრებს გარეთ დარჩენილი ქართული მიწების დასაკავებლად. დავითმა მოქმედება დაიწყო კახეთ-ჰერეთის სამეფოს წინააღმდეგ. 1103 წელს მან კვირიკე IV-ს წაართვა ზედაზნის ციხე. ერთი წლის შემდეგ კი კვირიკეს მემკვიდრე აღსართან II შეიპყრეს და დავითს მიჰგვარეს მეფის მომხრე კახმა აზნაურებმა არიშიანმა, ბარამმა და ქავთარ ბარამის ძემ. 1104 წელს დავითმა კახეთ-ჰერეთის სამეფო გააუქმა და მის ტიტულს დაუმატა „მეფე რანთა და კახთა". კახეთ-ჰერეთის სამეფოს ყოფილ ტერიტორიაზე შეიქმნა კახეთის, ჰერეთისა და ხორნაბუჯის საერისთავოები. კახეთ-ჰერეთისთვის ბრძოლა ამით არ დასრულებულა. კახეთ-ჰერეთის საქართველოსთან შეერთებით უკმაყოფილო განძის ათაბაგმა იმავე წელს ილაშქრა საქართველოში. ერწუხის ბრძოლაში დავითმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

1110 წელს ქართველებმა აიღეს სელჩუკების მთავარი დასაყრდენი პუნქტი ქვემო ქართლში, სამშვილდე. მტრისთვის თვალის ასახვევად დავითი უშუალოდ არ მონაწილეობდა ციხის აღებაში და დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა, ხოლო ციხის აღებას ხელმძღვანელობდნენ გიორგი ჭყონდიდელი, მისი დისწული თრიალეთისა და კლდეკარის გამგებელი თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი. სამშვილდის დაკარგვამ იმდენად შეაშინა სელჩუკები, რომ მათ ახლომდებარე ციხეები და სოფლებიც მიატოვეს. იმავე წელს ქართველებმა აიღეს ძერნა. თურქ-სელჩუკებმა იმავე წელს მოაწყვეს საპასუხო ლაშქრობა, მაგრამ დავითმა ისინი თრიალეთში დაამარცხა. 1115 წელს დავითის მუხრანში ყოფნის დროს გიორგი ჭყონდიდელმა აიღო რუსთავი. 1116 წელს ქართველებმა თურქ-სელჩუკები განდევნეს ტაოდან. ამით საქართველოს საზღვარმა სამხრეთით ბასიანამდე გადაიწია. 1117 წელს დავით IV-მ ჰერეთის უკიდურესი აღმოსავლეთით მდებარე ციხე-ქალაქი გიში დაიკავა. 1118 წელს დავითმა სელჩუკებს წაართვა ქვემო ქართლის უკიდურესი პუნქტი ლორე. ივლისში აიღო აგარანი და თბილისს მიუახლოვდა. მეფის ხელისუფლება მხოლოდ თბილისსა და დმანისზე არ ვრცელდებოდა.

დავითმა ამის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების არეალი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაიტანა. 1120 წლის თებერვალში მან თურქ-სელჩუკები დაამარცხა ბოტორის ბრძოლაში, შემდეგ აიღო ქალაქი ყაბალა შირვანში, იმავე წლის ნოემბერში დაამარცხა თურქები აშორნიასა და სეგველამეჯში. 1121 წლის მარტში მან დაამარცხა თურქები ხუნანში, ხოლო ივნისში ბარდავში.

დიდგორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1110-1118 წლებში დავით IV-მ სხვადასხვა ციხე-ქალაქების აღებით თბილისი პრაქტიკულად ალყაში მოაქცია. თბილისი იმ დროს ქალაქ-რესპუბლიკას წარმოადგენდა, მას საკუთარი თვითმმართველობა ჰქონდა. ქალაქის ზედა ფენამ იგრძნო დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალური საფრთხე და ისლამურ სამყაროში დამახმარე ძალების ძებნა დაიწყო. მათ ჯერ განძისა და არანის მმართველ თოღრულ მუჰამედის ძეს მიმართეს, შემდეგ კი სელლჩუკებს დაუკავშირდნენ. სელჩუკები, თავისმხრივ, შეწუხებულნი იყვნენ საქართველოს გაძლიერებით. შეიქმნა კოალიციური ლაშქარი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სელჩუკი სარდალი ილღაზი.

სხვადსხვა წყაროებში კოალიციური ლაშქრის მეომართა სხვადასხვა რაოდენობაა დასახელებული, მათ შორის რამდენიმე ასეული ათასი, თუმცა ეს მონაცემები გაზვიადებულია. ფაქტია, რომ სელჩუკთა ლაშქრის რიცხვი ქართველებისას აღემატებოდა. ისინი მანგლისა და დიდგორში დაბანაკდნენ. დავითს ჰყავდა 60 ათასამდე მოლაშქრე, აქედან 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაყი, 500 ოსი და 200 ჯვაროსანი. ქართველთა ლაშქარი ნიჩბისის ხევში დაბანაკდა. 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში დავით აღმაშენებელის წინამძღოლობით ქართველებმა უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. დავითი არ დაკმაყოფილდა ბრძოლის ველზე მიღწეული გამარჯვებით და ფეხდაფეხ სდია მტერს. 1122 წელს დავითმა თბილისი აიღო, გააუქმა ქალაქის თვითმმართველობა და ის სამეფო ქალაქად გამოაცხადა — დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანა. 1123 წელს დავითმა აიღო დმანისი.

თბილისისა და დმანისის აღების შემდეგ დავითმა დაიწყო სელჩუკების განდევნა მეზობელი ქვეყნებიდან. მან სამჯერ ილაშქრა შირვანში და ის საქართველოს შეუერთა. ამავე პერიოდში იბრძოდა დარუბანდის საამიროს წინააღმდეგ და ისიც საქართველოს დაუმორჩილა. 1124 წელს მას ეახლა ანისის დელეგაცია და ქალაქის თურქ-სელჩუკებისგან გათავისუფლება სთხოვა. დავითმა დაიკავა ანისი, დაატყვევა ანისის ამირა, ხოლო მის გამგებლად აბულეთი და მისი ვაჟი ივანე დატოვა. დავითმა საქართველოს შეუერთა ვანანდისა და არარატის ოლქებიც. მეფის ტიტულებს დაემატა „მეფე სომეხთა“. საქართველოს საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან სპერამდე და არაგაწამდე შემოიფარგლა.

გარდა სამხედრო და პოლიტიკური წარმატებებისა, დავით IV-მ შთამომავლობას დაუტოვა გელათის აკადემია და პოეტური ქმნილება „გალობანი სინანულისანი“. დავით IV, რომელსაც მეტსახელად აღმაშენებელი უწოდეს, 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა და გელათის მონასტერში დაკრძალეს.

დავითიდან თამარამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემეტრე I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემეტრე I-ის მეფედ კურთხევა, მარცხვარიშის ფრესკა.
გიორგი III.
გიორგი III, თამარ მეფე და ლაშა-გიორგი ბეთანიის მონასტრის ფრესკაზე

დავით აღმაშენებელმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში დასვა მეფედ დემეტრე, ხოლო დავითის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე ერთპიროვნული მმართველი გახდა. დემეტრეს ერგო გაძლიერებული სახელმწიფო. ამ პერიოდში ერთიანი სელჩუკთა სახელმწიფო აღარ არსებობდა, მაგრამ საქართველოს სამხრეთით წარმოიქმნა რამდენიმე მაჰმადიანური სახელმწიფო. დემეტრეს მმართველობის დროს საქართველო აქტიურ საგარეო პოლიტიკას არ აწარმოებდა, ის დავითის შექმნილი სახელმწიფოს შენარჩუნებით იყო დაკავებული. დემეტრემ შეძლო საქართველოს იმ საზღვრებში შენარჩუნება, რაც დავითმა დაუტოვა, გარდა ორი გამონაკლისისა. ეს იყო ანისი და შირვანი. ეს მხარეები დემეტრემ მუსლიმ მფლობელებს დაუბრუნა საქართველოს მეფის ვასალობის პირობით. 1129-1130 წლებში შირვანი ორად გაიყო, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, ხოლო აღმოსავლეთში აღდგა შირვანშაჰის თანამდებობა. დემეტრემ შირვანშაჰობა ვასალობის პირობით მისცა სიძეს მანუჩაჰრ III-ს. დემეტრეს მეფობისას საქართველოს მეფის ვასალი იყო ასევე დარუბანდის საამიროც.

გამეფებისთანავე დემეტრეს მოუხდა დმანისის ხელახლა აღება. 1128 წელს მან ბრძოლით აიღო ხუნანი, ხოლო 1130 წელს დაამარცხა საქართველოში შეჭრილი ხლათის სულთანი სუქმან II. 1139 წელს დემეტრემ აიღო საქართველოში მუსლიმთა ბრძოლის მთავარი დასაყრდენი განძა. მან ქალაქს კარი მოხსნა და გელათის მონასტერში წაიღო.

1130 წელს მეფეს აუჯანყდა მისი ძმა ვახტანგი. მას მხარი დაუჭირა ივანე აბულეთისძემ. მეფემ შეთქმულები შეიპყრო და დასაჯა, ხოლო ვახტანგი დააბრმავა.

1150 წელს დემეტრეს აუჯანყდა შვილი დავით V. დემეტრემ დასაჯა შეთქმულები, მაგრამ სასჯელი არ შეხებია შვილს. 1153-1154 წლებში ანისის ხელში ჩაგდება სცადა არზრუმის ამირა სალდუხმა. ანისელებმა დახმარებისთვის დემეტრეს მიმართეს. დემეტრემ დაამარცხა ამირა და ტყვედ ჩაიგდო. 1155 წელს დემეტრე დამიანეს სახელით ბერად აღიკვეცა. მის ნაცვლად გამეფებული დავით V ექვს თვეში გარდაიცვალა. დემეტრე დაუბრუნდა საერო ცხოვრებას და სამეფო ტახტს და თანამოსაყდრედ დანიშნა უმცროსი ვაჟი გიორგი. 1156 წელს დემეტრე I გარდაიცვალა და გელათის მონასტერში დაკრძალეს.

გიორგი III[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემეტრე I-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი უმცროსი ძე გიორგი III (1156-1184). ამ დროისთვის დავით V-ის შვილი დემნა უფლისწული მცირეწლოვანი იყო. მამისგან განსხვავებით გიორგი III აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა და მეზობელი სახელმწიფოების ვასალობით არ კმაყოფილდებოდა. 1161 წელს მან ანისი კვლავ უშუალოდ საქართველოს სამეფოს შეუერთა. ანისის მმართველად მან ჯერ სადუნი დანიშნა, ხოლო ორგულობის გამო მისი გადაყენების შემდეგ ივანე ორბელი, რომელსაც თანაშემწედ სარგის მხარგრძელი დაუნიშნა. მეზობელი სასულთნოები ვერ ეგუებოდნენ ანისის საქართველოს შემადგენლობაში მოქცევას. ხლათის, არზრუმის და მარდინის მმართველებმა ანისზე გაილაშქრეს, მაგრამ გიორგიმ ისინი დაამარცხა, დვინიც აიღო და არზრუმზე გაილაშქრა. 1160-იან წლებში გიორგი III-მ საქართველოს მეზობელი მხარეები მოარბია. 1165 წლის ბოლოს და 1166 წლის დასაწყისში გიორგიმ დაიკავა განჯამდე ტერიტორიები. 1167 წელს მან შირვანშაჰ ახსითან I-ის დასახმარებლად გაილაშქრა დარუბანდზე, აიღო ქალაქები შაბრანი და დერბენტი და ისინი ახსითანს გადასცა. დარუბანდში ლაშქრობის შემდეგ გიორგიმ ილაშქრა ბასიანში. რათა 1167 წელს ანისი კვლავ მუსლიმ მმართველებს დაუბრუნდა, მაგრამ 1174 წელს ის ისევ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. ქვეყნის შიგნით გიორგი III ყურადღებას აქცევდა დანაშაულთან ბრძოლას. მან გააძლიერა სამპარავთმეძებლო სამართალი. 1180 წელს სპეციალური კრება მოაწყო დამნაშავეთა საწინააღმდეგო ღონისძიებების დაკანონებისთვის.

1177 წელს მეფეს ამირსპასალარმა ივანე ორბელმა აუჯანყა დემნა უფლისწული. ივანე ორბელი დემნას სიმამრი იყო. ორბელთა აჯანყებას შეუერთდნენ სხვა დიდებულებიც: მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, ანანია დვინელი, მემნა ჯაყელი და სხვები. აჯანყებულები კოჯორთან დაბანაკდნენ და შეეცადნენ ქალაქგარეთ მყოფი მეფე შეეპყროთ, მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა. გიორგიმ მოახერხა თბილისში გამაგრება. იქ მას მიუვიდა ყივჩაყების 500-კაციანი რაზმი ყუბასარის მეთაურობით. აჯანყებულებს 30 000-იანი ჯარი ჰყავდათ, მაგრამ მათ მერყეობა დაიწყეს და დრო დაკარგეს. ამით ისარგებლა მეფემ და აჯანყებულები განდევნა. მალე გიორგი III-მ სამშვილდე დაიკავა. აჯანყებულები ლორეს ციხეში გამაგრდნენ და დახმარება ხლათის სულთანს და აზერბაიჯანის ათაბაგს სთხოვეს. რამდენიმე შეთქმული მეფის მხარეს გადავიდა და შენდობა სთხოვა. ესენი იყვნენ გრიგოლ ანელი, მხარგრძელი, გამრეკელი. გიორგი III-მ ლორეს ციხეს ალყა შემოარტყა. ივანე ორბელი არ ნებდებოდა, მაგრამ დემნა დანებდა და მეფეს ეახლა. გიორგი III-მ აჯანყების თავკაცები სასტიკად დასაჯა. დემნა უფლისწულს თვალები დათხარა და დაასაჭურისა. დემნამ წამებას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. დემნას შვილი არ ჰყავდა და ბაგრატიონთა გვარში ტახტის პრეტენდენტი მამაკაცი აღარ დარჩა.

აჯანყების ჩახშობის შემდეგ მეფემ დააწინაურა ერთგული პირები. ამირსპასალარად დანიშნა ნაყივჩაღარი ყუბასარი, ხოლო მსახურთუხუცესი გახდა აზნაურის ნაყმევი აფრიდონი. იმავე 1178 წელს გიორგი III-მ თანამოსაყდრედ ტახტზე აიყვანა ქალიშვილი თამარი. გიორგი III გარდაიცვალა 1184 წელს. მეფე გელათში დაკრძალეს.

საქართველო თამარის მეფობის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარი გამოსახული ვარძიის მონასტრის ერთ-ერთ ფრესკაზე.
საქართველოს იმპერია 1228 წლამდე.
თამარ მეფის დროს აგებული ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
დაშლილი ბიზანტიის იმპერია 1204 წელი.
ქართული ჯარის საბრძოლო გეგმა ბასიანის ბრძოლაში.

1184 წლიდან, გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ, თამარმა დაიწყო ერთპიროვნული მმართველობა (1184-1213). საქართველოს ისტორიაში ქვეყნის მმართველი პირველად გახდა ქალი. ზოგიერთ დიდებულს ქალური სისუსტის იმედი ჰქონდა და თამარს გამეფებისთანავე წაუყენეს მოთხოვნები. ამ მოთხოვნებს შორის იყო გიორგი III-ის დროს დაწინაურებული დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლების ამირსპასალარ ყუბასარისა და მსახურთუხუცეს აფრიდონის გადაყენება. ეს მოთხოვნები თამარმა შეასრულა. უფრო რთული მოთხოვნები ჰქონდა მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანს. ის ითხოვდა სამეფო ხელისუფლების შეზღუდვას ისანში, სამეფო სასახლის გვერდით კარვის დაარსებით. კარავს უმაღლესი საკანონმდებლო და სასამართლო ფუნქციები უნდა ჰქონოდა. მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება რჩებოდა და ის კარვის სხდომებს არც უნდა დასწრებოდა. ისტორიკოსთა აზრი კარვის შესახებ ორად იყოფა. ერთი ნაწილი მას პარლამენტის მსგავს ორგანოდ და იმ დროისთვის პროგრესულ იდეად მიიჩნევს. მეორე ნაწილის აზრით კი კარვის დაარსება ყუთლუ-არსლანისა და სხვა დიდებულების ცდა იყო მათი გავლენის გასაფართოებლად. მეფის გადაწყვეტილებით ყუთლუ არსლანი დააპატიმრეს. მეჭურჭლეთუხუცესს მრავალი მომხრე ჰყავდა. მათ თავიანთი მეთაურის გათავისუფლება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისნის სასახლეზე იერიშით იმუქრებოდნენ. თამარმა მათთან მოსალაპარაკებლად გაიგზავნა ორი ქალი, კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი, ხოლო ყუთლუ არსლანი გაათავისუფლა. მოლაპარაკებამ შედეგები გამოიღო. კარვის იდეა ჩაიშალა, სამაგიეროდ გაუფართოვდა უფლებები სამეფო დარბაზს.

თამარ მეფეს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქ მიქელ IV-სთან. პატრიარქმა მიიტაცა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა. თამარ მეფემ მოიწვია საეკლესიო კრება მიქელის გადასაყენებლად, მაგრამ უშედეგოდ. 1184 წელს მიქელი გარდაიცვალა და მის შემდეგ პატრიარქი გახდა თეოდორე II, ხოლო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა დაუბრუნდა ანტონ გნოლისთავისძეს.

უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თამარის გათხოვების საკითხი. მისი მეუღლე, მეფის შემდეგ, ყველაზე გავლენიანი პირი იქნებოდა. დიდებულებმა გადაწყვიტეს თამარის გათხოვება ვლადიმირ-სუზდალის სამთავროს ტახტის მემკვიდრე იური ბოგოლიუბსკიზე, რომელიც ბიძისგან დევნილი იყო და ყივჩაყებს აფარებდა თავს. დიდებულთა ერთ ნაწილს თამარის მეუღლედ შერჩეული ჰყავდა ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე I-ის ვაჟი ალექსი. თამარი წინააღმდეგი იყო სწრაფი ქორწინებისა, მაგრამ მაინც დაჰყვა დიდებულების გადაწყვეტილებას. იურის ჩასაყვანად თბილისიდან გაიგზავნა დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი. 1185 წელს იური, რომელსაც საქართველოში გიორგი რუსი შეარქვეს, თამარზე დაქორწინდა.

1185 წელს ხლათის სასულთნო შაჰ-არმენ სუქმან II-ის გარდაცვალების შემდეგ მმართველის გარეშე დარჩა. დაიწყო ბრძოლა სასულთნოს დაკავებისთვის, რაში საქართველოც ჩაერთო. ხლათის სასულთნოს დაკავებას ასევე ცდილობდა ეგვიპტის სულთანი სალადინი. აალი ძლიერი სახელმწიფოს გამოჩენამ საქართველოს საზღვართან ახლოს შეშფოთა საქართველოს მმართველი წრეები. ქართველებმა ილაშქრეს ხლათის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ დროს მათ უკვე გიორგი რუსი სარდლობდა. საქართველოს სამეფოსთან ომი ჯერ არ შედიოდა ეგვიპტის ინტერესებში, რადგან ის იერუსალიმის აღებას აპირებდა. დაიდო ხელშეკრულება საქართველოსა და ეგვიპტეს შორის, საქართველომ დადო პირობა, რომ ხლათის სასულთნოზე არ გაილაშქრებდა.

1187 წელს საქართველოდან ბიზანტიაში გააძევეს გიორგი რუსი ცუდი პიროვნული თვისებებისა და სოდომური ცოდვის ბრალდებით. 1188 წელს თამარმა ხელმეორედ იქორწინა. ამჯერად კანდიდატები იყვნენ არზრუმის ამირას ძე მუტაფრადინი, შარვანშაჰი აღსართანი, ბიზანტიის იმპერატორის ვაჟი და სხვები. თამარმა იქორწინა დავით სოსლანზე. გიორგი რუსისგან განსხვავებით დავით სოსლანს ქართველები კარგად იცნობდნენ. ის იყო ოსი, მაგრამ აღზრდილი იყო თამარის მამიდის - რუსუდანის მიერ. ქართული წყაროების მიხედვით დავით სოსლანი დემეტრე უფლისწულის შთამომავალი იყო.

ბიზანტიაში გაძევებული გიორგი რუსი არ აპირებდა შეგუებოდა მის ბედს. 1191 წელს ის საქართველოში დაბრუნდა. მას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავდა, განსაკუთრებით დასავლეთ და სახმრეთ საქართველოს დიდებულები. იური ანდრიას ძის აჯანყების ორგანიზატორები იყვნენ გუზან აბულასანის ძე ტაოელი, ბოცო ჯაყელი, ვარდან დადიანი. დიდებულებმა გიორგი რუსი გეგუთში მეფედ აკურთხეს. მათი ჯარი ორად გაიყო, ერთი ჯავახეთში შევიდა, მეორე კი შიდა ქართლში. თამარმა მომხრეებად შემოიკრიბა მხარგრძელები, ახალციხელები, სურამელები და დაამარცხა აჯანყებულები. გიორგი რუსი საქართველოდან გააძევა, მის თანამმზრახველებს კი თანამდებობები ჩამოართვა. 1193 წელს გიორგი რუსმა კიდევ სცადა საქართველოში შემოჭრა, ამჯერად ჰერეთის მხრიდან, მაგრამ მას მხარი აღარავინ დაუჭირა და ხორნაბუჯის პატრონმა საღირ მახატლისძემ ის მარტივად დაამარცხა.

ქვეყანაში მშვიდობის დამყარების შემდეგ თამარმა აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო. 1191 წელს აზერბაიჯანის ათაბაგი გახდა აბუ-ბექრი. მისმა ძმამ ამირ-მირმანმა, რომელიც ასევე ათაბაგობისთვის იბრძოდა, თავი შეაფარა შირვანშაჰს. შირვანი საქართველოს ვასალური სახელმწიფო იყო და შირვანშაჰმა დახმარება საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვა. 1193 წელს ტახტის მემკვიდრის, გიორგი ლაშას დაბადების აღსანიშნავად ქართველებმა ბარდავი დალაშქრეს. აბუ-ბექრმა დახმარებისთვის ბაღდადის ხალიფა ალ-ნასირს მიმართა. 1195 წელს შამქორის ბრძოლაში ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს აბუ-ბექრი. ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ძმებმა შალვა და ივანე ახალციხელებმა. შალვამ ხალიფას გამოგზავნილი დროშა იგდო ხელთ, რომელიც შემდგომ გელათის მონასტერს შესწირეს. ქართველებმა განჯაც აიღეს და მმართველად ამირ-მირმანი დატოვეს. ამირ-მირმანმა მხოლოდ 22 დღეს გაძლო თანამდებობაზე, აბუ-ბექრმა ის მოაკლვევინა და ქალაქს დაეუფლა, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ აღარ უმოქმედია. ამ გამარჯვებამ განამტკიცა საქართველოს პოზიციები სამხრეთ-აღმოსავლეთით. 1199 წელს ქართველებმა ხელახლა შემოიერთეს ანისი, 1201 წელს კი ბიჯნისის ციხესიმაგრე დაიკავეს.

საქართველოს სიძლიერით შეშინებული იყო რუმის სასულთნო. მისი მმართველი რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად. მან შეურაცხმყოფელი წერილი მისწერა თამარ მეფეს. აღშფოთებულმა ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა სილა გააწნა ელჩს. ქართველთა ჯარი დავით სოსლანის მეთაურობით დაიძრა მტრის წინააღმდეგ. მეფემ ჯარი პირადად გააცილა ვარძიამდე. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 1202 წელს მოხდა ბასიანში. თავდაპირველად მტერს ქართველთა მეწინავე რაზმა შეუტია შალვა და ივანე ახალციხელების, ზაქარია გაგელის და ივანე მხარგრძელის სარდლობით. თურქები თავდაპირველად აირივნენ, მაგრამ რუქნ ად-დინმა მოახერხა საბრძოლო წყობის შენარჩუნება. ქართველთა მეწინავე ნაწილს გაუჭირდა, მაგრამ ამ დროს თურქებს ორი მხრიდან შეუტია ქართველთა ფლანგებმა მარჯვნიდან ზაქარია მხარგრძელის და მარცხნიდან დავით სოსლანის მეთაურობით. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა შეტევას და სასტიკად დამარცხდა. ქართველებმა დიდი ნადავლი იგდო ხელთ. ტყვეთა შორის იყო რუქნ ად-დინის ძმაც, რომელიც ქართველებმა ჯორის ერთ ნალში გაცვალეს. ბასიანის ბრძოლის შემდეგ ქართველებმა განაგრძეს შეტევები და 1203 წელს აიღეს ქალაქი დვინი.

XIII საუკუნის დასაწყისში იძაბება ვითარება ბიზანტიის იმპერიაში. 1204 წელს ჯვაროსნებმა იერიშით აიღეს კონსტანტინოპოლი. მათ გაძარცვეს და დაარბიეს ქალაქი. ბიზანტიის იმპერია რამდენიმე ნაწილად დაიშალა. ბიზანტიის დასუსტებით ისარგებლეს ქართველებმა და 1204 წელს მოაწყვეს ლაშქრობა ხალდეაში. ქართველებმა დალაშქრეს ტრაპიზონი, ლიმნია, სამსუნი, სინოპი, კერასუნტი, კოტიორა, ჰერაკლია და სხვა ქალაქები. ამ ტერიტორიებზე შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია, რომელსაც სათავეში საქართველოში აღზრდილი, ბიზანტიის იმპერიაში დამხობილი კომნენოსთა კანონიერი დინასტიის წარმომადგენელი ალექსი ჩაუდგა. ტრაპიზონის იმპერია საქართველოს გავლენის სფეროში მოექცა. 1205 წელს ქართველებმა აიღეს კარი და მის მმართველად ივანე მხარგრძელი დაინიშნა. 1205-1206 წლებში ქართველებმა რამდენჯერმე დალაშქრეს ხლათის სასულთნო და ქალაქ მანასკერტამდე მიაღწიეს.

1206 წელს გარდაიცვალა დავით სოსლანი, თამარმა იმავე წელს თანამოსაყდრედ დასვა ლაშა-გიორგი. 1207-1208 წლებში ხლათის სასულთნო ეგვიპტის აიუბიდების დინასტიამ დაიპყრო. ქართველებისთვის მიუღებელი იყო ხლათის დაუფლება ეგვიპტის მიერ და განაახლეს მასზე შეტევები. 1209 წელს საქართველომ აიღო არჭეში. 1210 წელს ქართველთა ლაშქარმა ზაქარია და ივანე მხარგრძელების მეთაურობით ხლათს ალყა შემოარტყა, მაგრამ ალყის დროს ტყვედ ჩავარდა ივანე მხარგრძელი. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ქართველებმა დაცალეს 27 ციხე, გაათავისუფლეს 5000 ტყვე და გადაიხადეს საფასური. საქართველოსა და ეგვიპტეს შორის დაიდო ოცდაათწლიანი ზავი, რომლითაც საზღვარმა ორ სახელმწიფოს შორის მდინარე არაქსზე გაიარა.

მალე ანისი დალაშქრა არდებილის სულთანმა. ქართველებმა საპასუხოდ დალაშქრეს არდებილი, დაატყვევეს და მოკლეს მისი სულთანი. 1210 წელს ზაქარია მხარგრძელმა თამარს ირანში ლაშქრობა შესთავაზა. ლაშქრობა წარმატებული გამოდგა ქართველებმა აიღეს თავრიზი, ყაზვინი, ზენჯანი და სხვა ქალაქები და ირანის შუაგულამდე მიაღწიეს. ალაფით და ნადავლით დამძიმებულმა ჯარმა წინსვლა ვეღარ შესძლო და უკან დაბრუნდა. ეს იყო ფეოდალური სამყაროსთვის ჩვეულებრივი მარბიელი ლაშქრობა. ლაშქრობის მიზანი იყო საქართველოს სიძლიერის დემონსტრირება და ალაფის მოპოვება. ის ამავდროულად ხვარაზმის მზარდი სახელმწიფოს წინააღმდეგაციყო მიმართული.

ქართულ ისტორიოგრაფიაში არ არსებობს შეთანხმებული აზრი თამარის გარდაცვალების შესახებ. სახელდება სხვადასხვა თარიღები 1207, 1210, 1213 და 1215 წლები. ქართული წყაროების მიხედვით ის გელათში დაკრძალეს. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც ვარაუდობენ, რომ თამარის ნეშტი შესაძლოა იერუსალიმის ჯვრის ქართულ მონასტერში გადაასვენეს. საქართველოს ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა.

გიორგი IV ლაშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ლაშა დაიბადა 1192-1193 წლების მიჯნაზე. მას დაარქვეს პაპის სახელი გიორგი და მეტსახელად უწოდეს ლაშა. ის პატარაობიდანვე აქტიურად იყო ჩაბმული სახელმწიფოს საქმეებში. 1201 წლიდან იყო საუფლისწულო მამულის მფლობელი ჯავახეთსა და თრიალეთში და ჭრიდა საკუთარ მონეტას „ჯავახთუფლის“ სახელით. გამეფების შემდეგ მან ცოლად მოიყვანა ველისციხელი გათხოვილი ქალი, ხოლო მასთან შეძენილი შვილი აღიარა კანონიერ მემკვიდრედ. ამას სამეფო კარის და საეკლესიო იერარქიის მძაფრი პროტესტი მოჰყვა. მათთვის ასევე მიუღებელი იყო მეფის ურთიერთობა რინდებთან. გიორგის მხარდამჭერი ფეოდალები იყვნენ სარგის თმოგველი, შალვა და ივანე ახალციხელები, სულა სურამელი, ბოცო და მემნა ჯაყელები. ლაშას მოწინააღმდეგეთა დასში იყვნენ ივანე მხარგრძელი და ვარამ გაგელი.

გიორგი IV ლაშას საგარეო პოლიტიკაში გამორჩეული ადგილი ეკავა დასავლეთთან ურთიერთობას და იერუსალიმის გათავისუფლების საკითხს. მას გამეფებისთანავე რომის პაპმა ინოკენტი III-მ გაუგზანა ეპისტოლე და სთხოვდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში ჩართვას. თუმცა ლაშას თამარის მიერ დადებული ოცდაათწლიანი ზავი ხელ-ფეხს უკრავდა აიუბიდების აგვიპტის წინააღმდეგ ომის დასაწყებად. გიორგი ლაშას ეპისტოლეთი მიმართა ჰონორიუს III-მაც. სულთან სალადინისგარდაცვალების შემდეგ აიუბიდების სახელმწიფო ოთხ ნაწილად დაიშალა და გიორგიმ ამით ისარგებლა, 1219 წელს დალშქრა ნახიჭევანი, ერზურუმი და ხლათი.

საქართველოს სამეფოს ამბიციები შეაჩერა მონღოლების გამოჩენამ. 1220 წელს კავკასიაში გამოჩნდა მონღოლი ნოინების, ჯებესა და სუბუდაის მარბიელი ლაშქარი. ქართველებისა და მონღოლების პირველი შეტაკება 1220 წლის გაზაფხულზე მოხდა. ბრძოლაში ქართველებმა 6-8 ათასი მხედარი დაკარგეს. გიორგი შეეცადა ანტიმონღოლური კოალიციის შექმნას, მაგრამ არ გამოუვიდა და 1220 წლის დეკემბერში მარტოს მოუხდა მონღოლებთან შებმა. გაგის ციხის მახლობლად გამართულ ბრძოლაში ქართველთა ჯარი 60-დან 90 ათასამდე კაცს ითვლიდა, ხოლო მონღოლებს 20 ათასზე მეტი ჰყავდათ. ბრძოლა მონღოლთა გამარჯვებით დასრულდა. მონღოლებმა საქართველო 1221 წლის გაზაფხულზე დატოვეს. 1222 წელს მათი მეორე, უფრო დამაზიანებელი შემოსევა მოხდა. ბრძოლაში 30 ათასი ქართველი დაიღუპა. 1223 წლის 18 იანვარს გიორგი IV ლაშა გარდაიცვალა მონღოლებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]