საქართველოს ფოსტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ფოსტა
Georgian Post-ka.jpg
ტიპი: შპს
დევიზი: გახადე ურთიერთობა ხელშესახები
მდებარეობა: თბილისი
მფლობელი: საქართველოს სახელმწიფო
პროდუქცია: უნივერსალური საფოსტო მომსახურება
თანამშრომელი: 3000
ვებგვერდი: http://www.gpost.ge

საქართველოს ფოსტა — სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორი, რომელიც ახორციელებს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას.

სერვისები[რედაქტირება]

შპს „საქართველოს ფოსტა“ ახორციელებს:

  • საფოსტო გზავნილთა (წერილები, ამანათები, ღია ბარათები, ბანდეროლები, ბეჭდვითი გამოცემები)

მიღებას, გადაგზავნას და ჩაბარებას ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, მსოფლიო საფოსტო კავშირისა და საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტის (EMS) ქსელის მეშვეობით;

  • კომუნალური მომსახურების გადასახადების მიღებას;
  • ფულადი გზავნილების გაგზავნას ქვეყნის შიგნით, ბელგიის, თურქეთის, იაპონიის,

საბერძნეთის, ლიტვის, ლატვიის და დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით;

  • სატელეგრაფო მომსახურებას - ქვეყნის შიგნით საქალაქო და რაიონულ ცენტრებამდე;
  • დაინერგა პირდაპირი ფოსტის მომსახურება, რაც გულისხმობს საინფორმაციო და

სარეკლამო ბუკლეტების საოპერაციო დარბაზებში გავრცელებას და საფოსტო გზავნილთა მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის ამ ბუკლეტების მიწოდებას;

  • გადასახადების სწრაფი და მომენტალური გადასახადების მიღება თბილისისა და აჭარის

საფოსტო განყოფილებებში - კომუნალური მომსახურების, კავშირგაბმულობის ქსელებით მომსახურების, მობილური კავშირგაბმულობით მომსახურების გადასახადების გადახდა.

საქართველოს ფოსტა თავის სტრუქტურაში აერთიანებს: „საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტას“, რომელიც დაარსდა 2001 წლის1 მარტს. იგი ჩართულია "Express mail services"-ის მსოფლიო ქსელში. განახორციელებს EMS წერილებისა და ამანათების გაგზავნას 200 ქვეყნის მასშტაბით.

მისია[რედაქტირება]

საქართველოს ფოსტის მისიაა თანამედრვე დაძაბულ ტექნოლოგიურ გარემოში, ადამიანური ურთიერთობების ოაზისი იყოს.

ხედვა[რედაქტირება]

ფოსტის მიზანია გახდეს ლიდერი ბრენდი საფოსტო გზავნილებში - ქვეყნის სახე, როგორც ქვეყნის შინგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ სერვის ცენტრებში მაღალკვალიფიციური მომსახურების შეთავაზებას, თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანას.

ისტორია[რედაქტირება]

ტფილისის საქალაქო ფოსტა
1872 წ.

საქართველოში ფოსტის არსებობას დიდი ხნის ისტორია აქვს. უძველესი დროიდან ცნობილია, რომ საქართველოში ცნობების სწრაფად გადაცემა ხორციელდებოდა ”შიკრიკთა” და ”მალემსბოლთა” მეშვეობით, რომლებიც არაერთხელ მოიხსენიებიან ”ქართლის ცხოვრებაში.” XIX საუკუნის დამლევს, ქართული ეკონომიკური აზროვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იოანე ბატონიშვილი, რომელმაც შეადგინა სახელმწიფო წესწყობილების რეფორმის კანონპროექტი, მიიჩნევდა, რომ ფოსტის სადგურების მოწყობა ფრიად სასარგებლო იქნებოდა ხალხისათვის და შემოსავალს მისცემდა ხაზინას. აღებ-მიცემობის გაფართოება ფოსტის გარეშე შეუძლებელი იყო და იგი მოითხოვდა ფოსტის დაწესებას და საფოსტო დაწესებულების შექმნას.

”ფოსტები ანუ ჩაფარხანა რაოდენ შეიძლებოდეს განწესდეს სამ ადგილას: ქართლსა, კახეთსა და თათრებში”... (იოანე ბატონიშვილი)

საქართველოში პირველი ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულია ქართული ურმის სახელი. ქართულმა ურემმა თავისი ადგილი დაიკავა მსოფლიოში ფოსტის გადაზიდვის პირველ საშუალებათა შორის.
პოპოვის სახელობის კავშირგაბმულობის ცენტრალურ მუზეუმში (სანქტ-პეტერბურგში) გამოფენილ უძველეს ფოსტის გადაზიდვის საშუალებებთან ერთად არის ქართული ურემი. ურემში შებმული ხარები მძიმედ ეწევიან ფოსტის დიდ ყუთს. ურემს წინ ორი ქართველი მიუძღვის. პოპოვის სახელობის მუზეუმის ერთ-ერთი კატალოგი გვამცნობს, ჩიკაგოში, 1893 წელს მოწყობილ მსოფლიოს საფოსტო გამოფენაზე, რუსეთის საფოსტო განყოფილებაში გამოფენილია ქართული საფოსტო ურმის მოდელი და კავკასიონზე ფოსტის გადატანის ნახატი. საქართველოში საფოსტო კავშირების განვითარება დაკავშირებული იყო კავკასიონის გავლით მიმოსვლის გაუმჯობესებასთან.
ბერლინის საფოსტო მუზეუმში დაცულია უნიკალური ექსპონატები: ორთვალიანი ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვის სურათები. ამის შესახებ მოხსენიებულია გერმანულიდან რუსულ ენაზე თარგმნილ წიგნში - ”ტექნიკა და მრეწველობა” (მეათე ტომი, 1900 წ.), სადაც აღწერილია ბერლინის მუზეუმის ექსპონატები.

მნიშვნელოვანი თარიღები[რედაქტირება]

საქართველოს ფოსტის შენობა რუსთაველის გამზირზე (სასტუმრო ივერიის ფონზე), 1981 წ..
  • 1804 წელი - ფოსტა ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის მხოლოდ ცხენიანი ესტაფეტით გადაჰქონდათ.
  • 1805 წელი - თბილისში გაიხსნა პირველი საფოსტო კანტორა;
  • 1826 წელი - ფოსტის გადასატანად დამატებით 120 ცხენი გამოეყო;
  • 1832 წლიდან, საქართველოს ზოგიერთ საფოსტო ტრაქტებზე ფოსტის სადგურები კერძო პირებს ეკუთვნოდათ;
  • 1836 წლიდან დაიწყო სადგურების საფოსტო უწყებისათვის გადაცემა;
  • 1840 წელი - შეიქმნა XII საფოსტო ოლქი, რომლის გამგეობაში შევიდა ”ქართლ-იმერეთის” და კასპის ოლქი;
  • 1857 წელი - საფოსტო ოლქის მმართველის (ნ.კახანოვი) ინიციატივით თბილისში საფოსტო კანტორასთან გაიხსნა ფოსტის განყოფილება. მასვე მიაწერენ ”ტფილისის მარკის” ამჟამად ლეგენდარული ტფილისის უნიკის გამოშვებას;
  • 1862 წელი - თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის 11 ახალი სადგურის აგება დაიწყო.
  • 1870 წელი - თბილისის, მცხეთის, დუშეთის, ფასანაურის, მლეთის, გუდაურის, ყაზბეგის, ლარსის, ბალტას და ვლადიკავკაზის საფოსტო სადგურებში ცხენების რაოდენობა 652-მდე გაიზარდა. ქართველი მოწინავე საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საფოსტო მიმოსვლას საქართველოს სამხედრო გზაზე. ამ მხრივ საგულისხომოა რუსეთის ტექნიკური საზოგადოების კავკასიის განყოფილების მოღვაწეობა საქართველოს სამხედრო გზაზე ფოსტის მიმოსვლის გაუმჯობესებისათვის. ამ განყოფილების თავმჯდომარის, რუსეთსა და საქართველოში ცნობილმა მეცნიერმა და ინჟინერმა მ. გარსევანიშვილმა 1876 წელს წინადადებით მიმართა პეტერბურგს, რომ თუ 5 დღით შეფერხდებოდა თბილისში ფოსტის გამოგზავნა, მაშინ იგი თემურ-ხან-შურაზე, დერბეტზე, ბაქოზე, ელიზავეტოპოლზე გავლით უნდა გამოეგზავნათ 200 ვერსის ნაცვლად, 1211 ვერსის შემოვლით.
  • 1879 წელი - გაზეთი დროება წერდა:
”მომეტებულ ნაწილს საქართველოს ადგილებში, გარდა იმ ქალაქ-დაბებისა, რომლებიც რკინიგზაზე მდებარეობენ, კვირაში მხლოდ ორჯერ და სამჯერ მოდის ფოსტა. .. მგონია დრო არის ფოჩტის გამგეობამ და ჩვენმა უმაღლესმა მთავრობამ ამ გარემოებას ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაქციოს, რაც ამ ოცი წლის წინ იყო, ის აღარ არის დღეს ჩვენი ცხოვრება : მუდამდღე მატულობს ჩვენს ქვეყანაში ვაჭრობა და წარმოება, მუდამდღე მრავლდებიან შკოლები, მრავლდება წერა-კითხვის მცოდნე ხალხი, რომელთაც სურთ ფოსტის ამბები შეიტყონ, ერთი-ორად უფრო ხშირია ახალი სხვადასხვა მაზრების ხალხების ერთმანეთში მისვლა-მოსვლა და კავშირი. ამას გარდა, თვით მმართველობისთვისაც აუცილებლად საჭიროა გამართული ფოჩტის გზა და კორესპოდენდენცია”. მას მიაჩნდა, რომ სჯობდა გაძვირებულიყო ფოსტის გაგზავნა, სამაგიეროდ გაუმჯობესებულიყო მისი ორგანიზაცია. ... ”ოღონდ კი იყოს ფოჩტა, ოღონდ კი შეიძლებოდეს ფოჩტის დროზე და რიგიანად წიგნებისა და გაზეთების მიღება და მომეტებულ ხარჯს უეჭველია არავინ დაზოგავს”. (ს. მესხი, სტატია ”უპოჩტობა”)
”ფოსტის გზას დიდი მხიარულობით ეგებება ხალხიო”.
  • 1886 წელი - მცხეთაში დაარსდა ფოსტის განყოფილება.
  • 1894 წლიდან ფოსტის საშუალებით შესაძლებელი იყო ფულის გაგზავნა (არა უმეტეს 1000 მანეთისა). ფულის გაგზავნა ხორციელდებოდა შემდეგნაირად: გამგზავნი ფულს მიიტანდა ფოსტაში, ფოსტა მიღების ქვითარს აძლევდა გამგზავნელს და ხოლო ადრესატს - უგზავნიდა ტალონს, რომლითაც ის ფოსტიდან ფულს მიიღებდა.
  • 1913 წლის მდგომარეობით კი საქართველოში 108 საფოსტო განყოფილება ფუნქციონირებდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]