საქართველოს ფლორა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 - გვიმრისებურს, 600 - ხავსებს, 650 - მღიერებს, 5000 - სოკოვნებსა და 2000 - წყალმცენარეებს.

საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. მესამეულ პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. თანდათან, კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტყლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა.

კავკასიაში უძველესი ფლორის არსებობისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები შენარჩუნებული იქნა მხოლოდ კოლხეთსა და თალიშში (აზერბაიჯანი). სწორედ აქ, მიუხედავად მეოთხეულის გამყინვარებისა, შენარჩუნებულია შედარებით თბილი და ნოტიო ჰავა, შესაბამისი - სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეებით.

ადგილობრივი - ენდემურია მცენარეული სამყაროს 380 სახეობა, რომელთაგანაც ზოგი რელიქტურ მცენარეებსაც მიეკუთვნება. საქართველოს ენდემური მცენარეებიდან ცნობილია ბიჭვინთისა და ელდარის ფიჭვი, სამეგრელოს არყი, საქრთული ნუში და სხვ.

რელიქტური მცენარეები ფართოდაა გავრცელებული კოლხეთში (პონტოს მუხა, შქერი, წყავი და სხვ.). რელიქტები გვხვდება საქართველოს ხვა რაიონებშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს გეოგრაფია - წიგნი I, საშუალო სკოლის VIII კლასის სახელმძვანელო; ნიკო ბერუჩაშვილი, ნოდარ ელიზბარაშვილი; გამომცემლობა "საქართველოს მაცნე"; თბილისი; 2003; გვ. 64