საქართველოს საფონდო ბირჟა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოგოტიპი

სს „საქართველოს საფონდო ბირჟა“ (სსბ) — საქართველოში მოქმედი ერთადერთი ლიცენზირებული საფონდო ბირჟა. სსბ დაფუძნდა 1999 წლის 12 იანვარს წამყვანი საბროკერო კომპანიების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდების ინიციატივით. სსბ-ის წესები, პროცედურები და სისტემები შემუშავდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, წამყვანი ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე. 2000 წლის 14 იანვარს ფასიანი ქაღალდების ბაზრის სახელმწიფო მარეგულირებელმა ორგანომ განახორციელა სსბ-ის ლიცენზირება და იმავდროულად მიანიჭა მას საქართველოში პირველი თვითრეგულირებადი ორგანიზაციის სტატუსი. 2000 წლის 23 მარტიდან სსბ-ზე მიმდინარეობს რეგულარული საბირჟო ვაჭრობები. 2000 წლის 15 სექტემბერიდან არის ევრაზიის საფონდო ბირჟების ფედერაციის (FEAS) ნამდვილი წევრი. 2010 წლიდან სსბ-ზე სავაჭროდ დაშვებული 10 კომპანიის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციის საფუძველზე იანგარიშება საქართველოს საფონდო ბირჟის GSX ინდექსი.

2013 წლის ბოლოს მდგომარეობით სსბ-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს 1.9 მილიარდ ლარს (1.2 მილიარდ აშშ დოლარს). სსბ-ზე სავაჭროდ დაშვებულია 129 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, მათ შორის A და B ლისტინგის კატეგორიაში, შესაბამისად, „საქართველოს ბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ აქციები.

სსბ-ზე ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგებების კლირინგსა და ანგარიშსწორებას ახორციელებს სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“.

სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“ დაფუძნდა სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ მიერ 1999 წლის 1 ნოემბერს. მისი ძირითადი ფუნქციებია: ა) გახსნას, ამოქმედოს და დახუროს ფასიანი ქაღალდების ანგარიშები; ბ) მიიღოს ფასიანი ქაღალდები და უზრუნველყოს მათი შენახვა; გ) განახორციელოს საბირჟო გარიგებების კლირინგი და ანგარიშსწორება; დ) უზრუნველყოს მის ნომინალურ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვის მთლიანობა და უსაფრთხოება; ე) განახორციელოს ფასიანი ქაღალდებზე დადებული გარიგებების ანგარიშსწორება და ფასიანი ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები;

სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარზე“ მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზია გაიცა 2000 წლის 1 მარტს და, იმავდროულად მიანიჭა მას თვითრეგულირებადი ორგანიზაციის სტატუსი. მისი წესები, პროცედურები და სისტემები შემუშავდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, წამყვანი ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე. [1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-23. ციტირების თარიღი: 2009-09-02.