საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია — დამოუკიდებელ საწარმოო-შემოქმედებით ორგანიზაციად ჩამოყალიბდა თბილისში 1958 წლის ივლისში 1928 —1958 წლებში ქართული ქრონიკალურ-დოკუმენტურ და სამეცნიერო-პოპულარული ფილმებს იღებდნენ ჯერ „სახკინმრეწვთან“, ხოლო შემდეგ — კინოსტუდია „ქართულ ფილმთან“ არსებულ კინოქრონიკის სექტორის ბაზაზე). კინოსტუდია ყოველწლიურად უშვებდა 80-100 დასახელების ფილმსა და კინოჟურბალს, რომელთაგან 7 სამეცნიერო-პოპულარულია (მზადდებოდა საკავშირო ეკრანისათვის რუსულ ენაზე); 25 — დოკუმენტური (1 — სრულმეტრაჟიანი, დანარჩენი — მოკლემეტრაჟიანი); 12 — კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“ და 4 — ყოველკვარტალური თემატური კინოჟურნალი „ადამიანი და კანონი“. გარდა ამ გეგმური კინოფილმებისა, კინოსტუდია იღებდა სხვადასხვა უწყების (ძირითადად საკავშირო ტელევიზიისა და სახკინოს) მიერ დაკვეთილ სრულმეტრაჟიან და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ყოველწლიურად ამზადებდა კინომატიანის მასალას 4000 მ ოდენობით.

სტუდიაში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ საბჭოთა კინომატოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენლები: მიხეილ კალატოზიშვილი (სტუდიის ერთ-ერთი პირველი დირექტორი), ს. დოლიძე (კინოქრონიკის სექტორის ხელმძღვანელი), გ. ასათიანი და სხვები. სტუდიაში გადაიღეს თავიანთი პირველი ფილმები ო. იოსელიანმა, გ. შენგელაიამ, გ. კანდელაკმა და სხვებმა. 1979 წელს სსრკ კინომატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიამ III კატეგორიის სტუდიის სტატუსი მიიღო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]