საქართველოს ეროვნული ბანკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეროვნული ბანკის შენობა

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს ცენტრალური ბანკი. კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ მიღებული იქნა 1991 წლის 2 აგვისტოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს მიერ.

საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.

პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს შეიქმნა. იგი დღევანდელი სახით, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკი, 1991 წლიდან არსებობს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება. საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად. იგი ფლობს, მართავს და განკარგავს ქვეყნის ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს. საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, მის ხელთ არსებული მარეგულირებელი და მონეტარული ინსტრუმენტებით უზრუნველყოს მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ძირითადი ფუნქციებისა და მიზნების შესრულება.

საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობისათვის, სექტორის მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორს. საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ მეშვეობით ეროვნული ბანკი ატარებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ღონისძიებებს. ამასთანავე, საქართველოს ეროვნული ბანკი არის მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი.

საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლო­გიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორის სტატისტიკა, აგრეთვე, უზრუნველყოს ქვეყანაში საგადახდო სისტემების ეფექტიანი და გამართული ფუნქციო­ნირება. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების, როგორც გადახდის კანონიერი საშუალების, ემისია, ასევე, მიმოქცევისათვის ან ნუმიზმატიკური მიზნებისათვის სამახსოვრო მონეტების მოჭრა.

საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საბანკო მომსახურება გაუწიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, ცენტრალურ ბანკებსა და ფულად-საკრედიტო ორგანოებს, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მონაწილეობს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, რომელთა მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გზით ფულად-საკრედიტო სფეროში ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა.

ეროვნული ბანკის საბჭო[რედაქტირება]

ეროვნული ბანკის საბჭო საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც შვიდი წევრისაგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

საბჭოს წევრები:

  • გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
  • არჩილ მესტვირიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი
  • ოთარ ნადარაია, ვიცე-პრეზიდენტი
  • ლაშა ჯუღელი
  • ვაჟა ჯანყარაშვილი
  • ნიკოლოზ გონგლიაშვილი
  • არჩილ მამათელაშვილი

საქართველოს კონსტიტუცია[რედაქტირება]

მუხლი 95

  • 1.საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას.
  • 2.ეროვნული ბანკი არის ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი.
  • 3.ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება ორგანული კანონით.
  • 4.ფულის სახელწოდება და ერთეული განისაზღვრება კანონით. ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნულ ბანკს.

მუხლი 96

  • 1.საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით 64-ე მუხლის შესაბამისად.
  • 2.ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ბანკის საბჭოს წევრთაგან ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
  • 3.ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და ყოველწლიურად წარუდგენს მას თავისი საქმიანობის ანგარიშს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]