საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქალაქთაშორისო ბაზრობების თასი (ინგლ. Inter-Cities Fairs Cup) — ევროპული საფეხბურთო შეჯიბრი 1955-71 წლებში. ამ შეჯიბრის დაარსების იდეა სამ ადამიანს - შვეიცარიელ ერნსტ ტომენს, იტალიელ ოტორინო ბარაზის და ინგლისელ სერ სტენლი როუზს ეკუთვნის. 1955 წლის 18 აპრილს ეს სამი პატივცემული ჩინოსანი ბაზელის შორიახლოს მდებარე რაიფელდენში შეიკრიბა და ტურნირის დაარსება გადაწყვიტა. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის გაიმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა. ასეთი ქალაქები მალე შეირჩა. ეს პატივი 12 ქალაქს - ბარსელონას, ბაზელს, ბირმინგემს, ვენას, ზაგრებს, კიოლნს, კოპენჰაგენს, ლოზანას, ლაიფციგს, ლონდონს, მილანსა და მაინის ფრანკფურტს ხვდა წილად. ამ შეჯიბრის გამართვით ტურნირის ორგანიზატორებს ორი კურდღლის დაჭერა სურთად; ერთი მხრივ ისინი ფეხბურთს გაუწევდნენ პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი ბაზრობაზე ხალხს მიიზიდავდნენ, გააფართოვებდნენ ტურიზმის ინფრასტრუქტურას და დიდ ფინანსურ მოგებასაც ნახავდნენ.[1]

ბაზრობათა თასის პირველი გათამაშება მთელი სამი წელი გაგრძელდა და ბარსელონას ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ასეთი გაწელილი სეზონი იმით იყო განპირობებული, რომ ორგანიზატორებს, იმ დღეებში როდესაც ბაზრობა არ იმართებოდა, მატჩების ორგანიზაცია უჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირში მონაწილეობის უფლება 12 ქალაქის გუნდს ჰქონდა, 1955-1958 წლებში გათამაშებაში მხოლოდ 10 ნაკრები იღებდა მონაწილეობას და მათ ერთმანეთში სულ 23 მატჩი გამართეს. ფინალში კატალონიელებმა ლონდონის ნაკრები დაამარცხეს.

მომავალი სეზონი ერთი წლით ნაკლებ დროში ჩატარდა. 1958-1960 წლების ბაზრობათა თასის გათამაშებაში უკვე 16 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირისადმი ინტერესი დღითი დღე იზრდებოდა. შეჯიბრის ორგანიზატორებმა სულ მალე ახალი წესი შემოიღეს, რომლის თანახმადაც, ბაზრობათა თასზე ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ოთხი გუნდის დაშვება შეიძლებოდა. კიდევ ერთ წელიწადში გუნდების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, ხუთი წლის შემდეგ ბაზრობათა თასისთვის უკვე 48 გუნდი იბრძოდა, ხოლო 1969-1970 წლების სეზონში მათი რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. დღესდღეობით უეფას თასზე 100-ზე მეტი კლუბი გამოდის რაც რეკორდია ნებისმიერი საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ტურნირისათვის.

გათამაშების პირველ წლებში ტურნირზე ესპანური და ინგლისური კლუბები დომინირებდნენ. ”რეალის” ევროტრიუმფით გამწარებული ბარსელონას ნაკრები სრული სერიოზულობით ეკიდებოდა აღნიშნულ შეჯიბრს და სამჯერ პირველობაც მოიპოვა. კატალონიელებს ოდნავ ჩამორჩნენ ვალენსიელები, რომლებმაც ტიტული ორჯერ მოიგეს. სამხრეთული კლუბების უპირატესობას ბოლო ”ლიდსმა” მოუღო, და პირველი ჩრდილოური გუნდი გახდა რომელმაც ოქროს მედლები მოიპოვა. ეს 1968 წელს მოხდა. სწორედ მაშინ დაიწყო ინგლისური კლუბების ექვსწლიანი ჰეგემონია.

შეჯიბრი-კონკურსი თავდაპირველად მხოლოდ იმ გუნდებისთვის იყო გახსნილი, რომელთა ქალაქებში სავაჭრო ბაზრობები ტარდებოდა და რა ადგილი ეჭირათ ამ გუნდებს მათ ეროვნული ლიგებში მნიშვნელობა არ ჰქონდა. ადრეულ კონკურსებში ასევე მოქმედებდა წესი "ერთი ქალაქი - ერთი გუნდი". 1968 წლიდან მას ხშირად უწოდებდნენ "დამწევთა თასს" და მასში შედიოდნენ გუნდები, რომლებსაც ლიგაში მაღალი პოზიცია ეჭირათ. 1971 წელს ეს შეჯიბრი უეფას თასმა შეცვალა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ჟურნალი ”ფეხბურთი”. #19(325), 2005 წელი. გვ.14;