სასხორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
სასხორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი ნიჩბისი
კოორდინატები 41°50′30″ ჩ. გ. 44°33′19″ ა. გ. / 41.84167° ჩ. გ. 44.55528° ა. გ. / 41.84167; 44.55528
ცენტრის სიმაღლე 590
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 332[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
საფოსტო ინდექსი 3310
სასხორი — საქართველო
სასხორი
სასხორი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
სასხორი
სასხორი — მცხეთის მუნიციპალიტეტი
სასხორი

სასხორი[2]სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ნიჩბისისწყლის ხეობაში, ნიჩბისის სერის ძირას.[3] სოფელში გადის სასხორი-დიდგორის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა. სოფელი არის ძეგვის რკინიგზის სადგურიდან რამდენიმე კილომეტრში. სოფელში მდებარეობს კირქვის საბადო.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მდებარე წმინდა გიორგის ნიში

სასხორი მოხსენიებულია 1441 წელს, სიგელში „სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი სასხორის შეწირვის თაობაზე“.[5] აგრეთვე 1467 წლის საბუთში I.21. - მამულის წყალობის წიგნი ბაგრატ მეფისა ჯვარისმტვირთველ დანიელ ელიოზისძისადმი,[6] 1503 წლის საბუთში „აღთქმის წიგნი კოსტანტინე მეფისა კათალიკოს დოროთეოსისადმი“.

„1720 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ვიგებთ რომ სოფელი იხდიდა 5760 ისფენჯს.[7] უმბრის გადასახადი იყო 2400. მარცვლელულის გასახადები, ქილებით იყო 470, ხოლო ახჩებით – 8550. ღორსა და სკაზე გადასახადი იყო 120–120. გასახადი ცხვარზე იყო 250. თიზე გადასახადი იყო 90. ხილზე გადასახადი – 120. გადასახადი წისქვილზე იყო 60, დეშთიბანი და მიწაზე თაფუს გადასახადი – 120. არუსანე-საქორწინო იყო 180, ყველა დანარჩენი გადასახადი კი – 150. გადასახადების ჯამი ახჩებში იყო 18 190.

სასხორი მოსახლე სოფლის სახელით მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში.[8] 1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ილია, ნიკო და ლუარსაბ მერაბის ძე გედევანოვებს (გედევანიშვილები) თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, ქვემო ნიჩბისსა და სასხორში მდებარე სახნავი, საბოსტნე ადგილები, 53 დესეტინა და 1555 ოთხკუთხი საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.[9]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 332 ადამიანი (161 კაცი და 171 ქალი).[1] მოსახლეობის 16,9% არის 0-14 წლამდე, 15-64 წლამდეა მოსახლეობის 60,2%. მოსახლეობის 22,9% არის 65 წელს ზემოთ. სოფელში არის 100 კერძო შინამეურნეობება.

აღწერის წელი მოსახლეობა
1907 363[10]
2002 351[11]
2014 332 [1]

სოფელში ძირითადად სახლობენ გოჩიაშვილები, ირემაშვილები, ქიტუაშვილები, ლომოურები, კავთიაშვილები, კვერცხიშვილები, მერებაშვილები, პაპიაშვილები, ხიზანიშვილები, ქართველიშვილები, შავშიშვილები, ხიზანაშვილები, ჯავახიშვილები და ჯალაბაძეები.[12]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასხორის ეკლესიები, 2011

სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლი დგას.[13] მათ შორის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია; წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, სასხორის იოანე მახარებლის ეკლესია, მთავარანგელოზის სახელობის დარბაზული ეკლესია. ეს უკანასკნელი სამშენებლო წარწერის თანახმად ააშენა ნიკოლოზ მაღალაძემ 1704 წელს მისი დის, ხვარაშანის საფლავზე. სოფლის ტერიტორიაზე დგას საბრძოლო კოშკი. სოფლის გასასვლელთან მდებარეობს წმინდა გიორგის ნიში.

უკუღმა ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, ციცაბო ფერდობზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (7,5 × 4,8 მ), ნაგებია ღია ფერის კირქვისა და ქვიშაქვის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვებით. ეკლესია სამხრეთით კლდოვან ფერდობშია შეჭრილი, ამიტომ შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც - „უკუღმა ეკლესია“.

წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია (8,65 × 5,55 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით; შიგნიდან შეისრულთაღოვანი, გარედან კი სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ჩრდილოეთ კედლებში, აფსიდის მხართან სწორკუთხა ნიშია. სამხრეთით და დასავლეთით ეკლესიას მიშენებული აქვს სწორკუთხა სათავსები; ორივეს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ეკლესიის სამხრეთის ფასადზე, კარის ზემოთ მარმარილოს ქვაზე მხედრული წარწერაა.

მთავარანგელოზის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარბაზული ეკლესია (7 × 5,2 მ) მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთით (ნასოფლარში). შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით ეკლესია 1704 წელს აუგია ნიკოლოზ მაღალაძეს თავისი დის ხვარაშანის საფლავზე. ნაგებია ნატეხი ქვით და აგურით. აქა-იქ წყობაში თლილი ქვაც არის ჩართული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან შეისრულია, ხოლო გარედან კედლის ჩაღრმავებით მიღებულ სწორკუთხა ჩარჩოში ზის. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, სწორკუთხა ნიშებია, თითო სწორკუთხა ნიში საკურთხევლის ორივე მხართანაა.

იოანე მახარებლის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია (8,2 × 5,7 მ), ნაგებია დიდი ზომის რიყის ქვითა და ქვიშაქვით, გამოყენებულია აგურიც. ფასადებზე საპირე ქვები ალაგ-ალაგ ამოცვენილია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესია დგას სოფლის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესიის სარკმლის წირთხლის ქვაზე მხედრული წარწერაა.

ღვთისმშობლის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარბაზული ეკლესია (9,48 × 5,26 მ) მდებარეობს სოფლის სამხრეთით, მთავარი გზიდან 200 მეტრზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესიის ორი თაღოვანი სარკმელი სამხრეთის კედელშია. დარბაზის კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრებიდან ორივე მხარეს დეკორატიული თაღები გადადის. ეკლესიის სამხრეთ მინაშენს აღმოსავლეთით აფსიდი აქვს. ნაგებია ქვიშაქვით. ეკლესია დგას წინასწარ მომზადებულ სუბსტრუქციაზე. აქვს ორი შესასვლელი - დასავლეთით და სამხრეთით.

კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხსართულიანი არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხეობაში, სოფ. ნიჩბისისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს. დღესდღეობით კოშკი დაზიანებულია.

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 151.
  3. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  4. matsne.gov.ge
  5. 1441 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი სასხორის შეწირვის თაობაზე
  6. 1467 წ. I.21. - მამულის წყალობის წიგნი ბაგრატ მეფისა ჯვარისმტვირთველ დანიელ ელიოზისძისადმი
  7. საციციანოს ისტორია, ნაწილი 1
  8. იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 30 — თბილისი 1986
  9. society.iliauni.edu
  10. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 247.
  11. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2016-09-22.
  12. Georgian Genealogy
  13. სასხორი - ძეგლთა აღწერილობა
  14. ვანო ჯავახიშვილის ბავშვობა