სასტუმრო რიცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სასტუმრო რიცი

სასტუმრო რიცი (ინგლ. The Ritz Hotel London), 133-ნომრიანი სასტუმრო პიკადილიზე, დიდი პარკის წინ, ლონდონში.

ისტორია[რედაქტირება]

განთქმულმა შვეიცარიელმა ოტელიემ სეზარ რიცმა სასტუმრო 1906 წლის 24 მაისს გახსნა. შენობა ნეოკლასიკურია ლუი XVI-ის სტილში, აგებული ე.წ. მშვენიერი ეპოქის პერიოდში რივოლის ქუჩის სტილიზებული პარიზული ბინების კვარტლების მსგავსად. შენობის არქიტექტორები იყვნენ შარლ მევზი, რომელმაც მანამდე რიცის პარიზის სასტუმრო დააპროექტა, და ართურ დევისი, შვედ ინჟინერ სვენ ბილანდერთან თანამშრომლობით. ეს იყო პირველი მასშტაბური ლითონის კარკასიანი კონსტრუქცია ლონდონში.

რიცი პირადად მართავდა სასტუმროს მრავალი წლის მანძილზე. მან დაიქირავა მსოფლიოში განთქმული შეფი ოგუსტ ესკოფიე, რომელსაც სასტუმროს ფუფუნების შესადარი სამზარეულო უნდა შეექმნა. შესასვლელში მან სპეციალური ზარი დაამონტაჟებინა, რომელიც სასტუმროს პერსონალს სამეფო გვარის სტუმრების მოსვლას ატყობინებდა. პერსონალის მომსახურების უმაღლესი სტანდარტები და განსაკუთრებული ფუფუნება, რომლითაც ის სტუმრებს ანებივრებდა ვიქტორიანელი ლონდონელებისთვის უცხო იყო, რამაც სენსაცია მოახდინა მთელს სასტუმროს ინდუსტრიაში.

გარკვეული პერიოდი სასტუმროს ფლობდა ბრეიუელ-სმითის ოჯახი. თუმცა 1970-იანების ნავთობის კრიზისის გამო ოჯახი იძულებული გახდა საკუთარი წილი ტრაფალგარის სახლისთვის მიეყიდა 1976 წელს £2.75 მილიონად. კრიზისში მყოფი სასტუმრო ტრაფალგარის სახლისგან 1995 წლის ოქტომბერში დევიდ და ფრედერიკ ბარკლაიმ შეიძინეს £80 მილიონად. მათ რვა წელი და £40 მილიონი დასჭირდათ სასტუმროსთვის ყოფილი გრანდიოზულობის დასაბრუნებლად.