სასარგებლო წიაღისეულის საბადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სასარგებლო წიაღისეულის საბადო — დედამიწის ქერქში არსებული სასარგებლო წიაღისეულის დანაგროვი, რომლებიც სიდიდის, ხარისხისა და განლაგების პირობების მიხედვით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სახალხო მეურნეობაში. სასარგებლო წიაღისეულის იმ მინიმალურ რაოდენობას და მის იმ უდაბლეს ხარისხს, რომლის ზევით შესაძლებელი ხდება სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ექსპლუატაცია სამრეწველო კონდიცია ეწოდება.

სასარგებლო წიაღისეულის საბადო შესაძლებელია გამოდიოდეს დედამიწის ზედაპირზე (ღია საბადო) ან დამარხული იყოს მის წიაღში (დახურული ანუ „ბრმა“ საბადო). წარმოქმნის პირობების მიხედვით განარჩევენ ენდოგენურ, ეგზოგენურ და მეტამორფოგენულ სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს.

  • ენდოგენური საბადოები ყალიბდება დედამიწის ქერქში ნივთიერების დიფერენციაციის და ლოკალიზაციის შედეგად, რაც განპირობებულია დედამიწის შიგა ენერგიით. ამ ტიპში გამოიყოფა საბადოთა შემდეგი ჯგუფები: მაგმური საბადოები, პეგმატიტური საბადოები, კარბონატიტები, სკარნები, პნევმატოლიზური საბადოები და ჰიდროთერმული საბადოები;
  • ეგზოგენური საბადოები ყალიბდება დედამიწის ზედაპირზე ან ზედაპირთან ახლოს მინერალურ ნივთიერებათა ქიმიური, ბიოქიმიური და მექანიკური დაგროვების შედეგად, რაც განპირობებულია დედამიწის გარეგანი ენერგიით. საბადოთა ამ ტიპში გამოიყოფა: გამოფიტვის საბადოები და დანალექი საბადოები.
  • მეტამორფული საბადოები ყალიბდება ქანების და მინერალების რეგიონული ან ლოკალური მეტამორფიზმის შედეგად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]