სასანიანები
| მუქი მწვანე: სასანიდების იმპერია; საშუალო მწვანე: დაქვემდებარებული ტერიტორია; ღია მწვანე: დროებით ოკუპირებული VII ს.-ში ბიზანტიის იმპერიასთან ომის პერიოდში. | |
| ოფიც. ენები | შუა სპარსული |
| დედაქალაქები | ქტეზიფონი, იმპერიის ადრეულ წლებში - ფირუზაბადი |
| მთავრობა | მონარქია |
| მეთაური | შაჰანშაჰი شاهنشاه |
| აღმასრულებელი ორგანო | მინისტრთა საბჭო |
| შეიქმნა | 226 |
| დაიშალა | რაშიდთა სახალიფოს შემოჭრა მუსლიმთა დაპყრობების დროს და იაზდეგერდ III-ის გარდაცვალება მერვში 651 წელს. |
| პირველი შაჰი | არდაშირ I (226-241) |
| ბოლო შაჰი | იაზდეგერდ III (632-651) |
| წინამორბედი | პართიის იმპერია |
| მომდევნო | სახალიფო |
| ფული | დრახმა |
სასანიანები (სპარს.: ساسانیان Ṣāṣānīyān) — სამეფო დინასტია ირანში (226— 651); წარმოშობით ფარსიდან იყვნენ. სახელი ეწოდა სასანის მიხედვით, რომელიც ქალღმერთ ანაჰიტას ტაძრის ქურუმი იყო და ფარსის სამეფო საგვარეულოს ეკუთვნოდა, მისი შვილი პაპაკი ისთახრის მმართველი იყო (მას მეფის ტიტული ჰქონდა). პაპაკის შვილმა არდაშირ I-მა დაამარცხა უკანასკნელი პართელი მეფე არტაბან V და თავისი ძალაუფლება გაავრცელა მთელ რიგ ოლქებზე, რომლებიც ადრე პართიიდ სახელმწიფოში შედიოდა. სასანიანების ხელმწიფეებს შაბურ I-იდან (241–272) მოყოლებული ირანის და არა ირანის მეფეთმეფის (შაჰინშაჰის) წოდებულება ჰქონდათ. III საუკუნეში სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მიზნით ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა ზოროასტრიზმი, რომლის გავრცელებასაც სასანიანები IV საუკუნიდან იბერიასა და სომხეთშიც ცდილობდნენ, მაგრამ ამ ცდას წარმატება არ მოჰყოლია. სასანიანების დროს ირანში მიმდინარეობდა ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვა-განვითარების პროცესი. გაბატონებული კლასი შედგებოდა ქურუმთა, მხედართა და „მწერალთა“ (მოხელეთა) პრივილეგირებული წოდებისაგან. სასანიანების ირანის ეკონონომიკური ცხოვრების საფუძველი მიწათმოქმედება იყო, ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ხელოსნობა და სატრანზიტო ვაჭრობა ინდოეთ-ჩინეთსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან. ძირითადი მწარმოებლები — გლეხები — ფეოდალურად თანდათან დამოკიდებული ხდებოდნენ დიდებულებისაგან. სასანიანების წინააღმდეგ მიმართული სახალხო მოძრაობები რელიგიურ საბურველში იყო გახვეული. III საუკუნეში ირანსა და შუა აზიაში ფართოდ გავრცელდა მანიქეველთა მოძრაობა.
V საუკუნის ბოლო წლებში, კავად I-ის დროს იფეთქა დიდმა ანტიფეოდალურმა მოძრაობამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მაზდაკი, მაზდაკელთა მოძრაობის ობიექტური შედეგი იყო ქურუმებისა და დიდებულების გავლენის შესუსტება, სახელმწიფოს ცენტრალიზაცია, ფეოდალურიურთიერთობის შემდგომი განვითარება სასანიანების ირანში მაღალ დონეზე იყო კულტურა. სასანიანები საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ რომს (ბიზანტიას) სომხეთის, იბერიის, ლაზიკის, ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და არაბეთის ნახევარკუნძულის ხელში ჩასაგდებად, გაუთავებელი ქიშპი ჰქონდათ შუა აზიის მომთაბარე და ბინადარ ხალხებთან (ხიონიტები, კიდარიტები, ეფტალიტები). 484 წელს ეფტალიტებთან ბრძოლაში დაიღუპა პეროზი. სასანიანებმა დაკარგეს უზარმაზარი ტერიტორია მარVის აღმოსავლეთით. შუააზიელი და ამიერკავკასიელი ხალხები თავგამოდებით იბრძოდნენ დამპყრობთა წინააღმდეგ: 451 წელს სომხეთში იფეთქა დიდმა აჯანყებამ, 481-84 წლებში ვახტანგ გორგასლის მეთაურობით სასანიანების წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოდნენ ქართველები, სომხები და ალბანელები, 571 წელს სომხეთში კვლავ დიდი აჯანყება მოხდა. ხანგძლივმა ომებმა, რომლებმაც გააღარიბეს სახელმწიფოს რესურსები, გადასახადების მკვეთრმა ზრდამ, სოციალური უთანასწორობის გაძლიერებამ დაასუსტა სასანიანების ირანი, რითაც ისარგებლეს არაბებმა და ბოლო მოუღეს მას.
სექციების სია |
სასანიანი შაჰების სია [რედაქტირება]
- არდაშირ I – 224-241
- შაპურ I – 241-272
- ჰორმიზდ I (ჰორმიზდ-არდაშირი) – 272-273
- ბაჰრამ I — 273-276
- ბაჰრამ II — 276-292
- ბაჰრამ III — 292-293
- ნარსე — 293-302
- ჰორმიზდ II — 302-309
- შაპურ II — 309-379
- არდაშირ II — 379-383
- შაპურ III — 383-388
- ბაჰრამ IV — 388-399
- იეზდიგერდ I — 399-421
- ბაჰრამ V გური — 421-438
- იეზდიგერდ II — 438-457
- ჰორმიზდ III— 457-459
- ჰეროზი — 459-484
- ბალაში — 484-488
- კავად I — 488-496, 498-531
- ჯამასპი — 496-498
- ხოსრო I ანუშირვანი — 531-579
- ჰორმიზდ IV — 579-590
- ბაჰრამ ჩუბინი — 590-591 (არასასანიანთა საგვარეულოდან)
- ხოსრო II ფარვიზი — 591-628
- კავად II — 628-629
- არდაშირ III — 629-630
- ფარუხან შაჰრვარაზი — 630 (არასასანიანთა საგვარეულოდან)
- ბორანი (დედოფალი) — 630-631
- აზარმედუხტი (დედოფალი) — 631
- ხოსრო III — 631
- ჰორმიზდ V — 631-632
- ფაროჰზად-ხოსრო (ქტესიფონის მმართველი) — 631-632
- იეზდიგერდ III — 632-651[1]
წყარო [რედაქტირება]
- არდაშირ პაპაკის ძის საქმეთა წიგნი. ფალაურიდან თარგმნა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო თ. ჩხეიძემ, თბ., 1975
ლიტერატურა [რედაქტირება]
- გაბაშვილი ვ., სასანური ირანის სახელმწიფო, კრ.:ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ., 1957;
- История Ирана с древнейших времен до конца ХVIII века , Л., 1958;
- Луконин В. Г., Иран в III веке, М., 1979;
- Christensen A., L’ Iran sous les Sassanides, 2 ed., Cph., 1944;
- Nöldeke Th., Geschichte der Perser und Araber zur Zeit der Sasaniden, Leyden, 1879
- კაციტაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 116-117, თბ., 1985 წელი.
სქოლიო [რედაქტირება]