სარწმუნოების სიმბოლო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარწმუნოების სიმბოლო — მოკლე, მაგრამ ზუსტი სიტყვით გადმოცემული სწავლება იმის შესახებ, თუ რა უნდა სწამდეთ ქრისტიანებს. მისი ტექსტის შემუშავება მოხდა პირველ და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებების დროს, ამიტომაც ის „ნიკეა–კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო“–დაც მოიხსენიება. ქართულ ენაში ეს სიმბოლო ცნობილია „მრწამსის“ სახელწოდებით.

„სარწმუნოების სიმბოლოს“ ტექსტი[რედაქტირება]

საეკლესიო ტრადიციით, ტექსტის უკეთ გასაგებად და განსამარტავად, მიღებულია მისი დაყოფა თორმეტ წევრად. ტექსტი სწორედ ამგვარი დაყოფითაა მოცემული:[1]

  1. „მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ, ყოვლისა-მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთაჲ
  2. და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არაქმნილი, თანაარსი მამისაჲ, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
  3. რომელი ჩუენთვის, კაცთათჳს და ჩუენისა ცხოვრებისათჳს გარდამოჴდა ზეცით, და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. -
  4. და ჯუარს-ეცვა ჩუენთჳს პონტოელისა პილატეს ზე და ივნო, და დაეფლა.
  5. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
  6. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
  7. და კუალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
  8. და სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ.
  9. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
  10. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
  11. მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
  12. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.“[2]

ისტორია[რედაქტირება]

ისტორიულად საწრმუნოების სიმბოლო კათაკმეველთა ანუ ახალმოქცეულთა მოსამზადებლად წარმოიშვა, რომლებიც ეკლესიის წევრობის, ნათლისღების საიდუმლოსათვის ემზადებოდნენ. იგი ყოველ მოსანათლს უნდა წაეკითხა და ამით თავისი რწმენა გამოეხატა. წევრებს, ანუ სიმბოლოს შემადგენელ ნაწილებს, ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდათ: ერთი მხრივ, გამოცხადების ჭეშმარიტებაზე მიუთითებდნენ, რომელიც მორწმუნეებს სარწმუნოების დოგმატად უნდა მიეღოთ, ხოლო მეორე მხრივ, იმ ერესებისაგან იცავდნენ, რომლის წინააღმდეგაც იყვნენ მიმართულნი.

„სიმბოლო“ ბერძნული სიტვაა და ქართულად ნიშნავ იმას, რაც „აერთიანებს, კრებს, აკავშირებს“. კერძოდ, სარწმუნოების სიმბოლო ყველა იმ ჭეშმარიტებას „შეიცავს“, რომლებიც, როგორც ეს ეკლესიამ იცის და სწამს, ქრისტეში ადამიანის ცხოვრების სრულყოფისათვის, ცოდვისა და სულიერი დაღუპვისაგან მისი გადარჩენისათვის აუცილებელია.

პირველ სამ საუკუნეში იერუსალიმის, ალექსანდრიის, კესარიის, ანტიოქიის, რომისა და აკვილიის ყველა მნიშვნელოვან ადგილობრივ ეკლესიას ნათლისღებისათვის სარწმუნოების საკუთარი სიმბოლო ჰქონდა. იყვნენ რა სულით ერთმანეთის მსგავსნი, როგორც ერთი და განუყოფელი სარწმუნოების გამომხატველნი, ერთმანეთისგან სიტყვათა წყობით განსხვავდებოდნენ; თითოეულს მხოლოდ ის თავისებურება ახასიათებდა, რომელიც ამა თუ იმ ცდომილების უარყოფას უკავშირდებოდა და იმ ადგილებში იყო გავრცელებული, სადაც ესა თუ ის სიმბოლო გამოიყენებოდა. ამჟამად ამ სიმბოლოთაგან შედარებით ცნობილი და ავტორიტეტული III ს-ის სწავლული ეპისკოპოსის წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედის სიმბოლოა, რომელშიც ყოვლადწმიდა სამების სამივე პირის საკუთარ თვისებებსა და მათ სრულ თანასწორობაზე სწავლებაა გადმოცემული.

IV ს-ის დასაწყისში, როცა არიოზული ერესი ფართოდ გავრცელა და ძე ღმერთის მხოლოდ ქმნილებად აღიარებით ქრისტიანულ მოძღვრებას საფუძველს უთხრიდა, და როცა ერეტიკოსებმა მართლმადიდებლური ნიმუშების მიხედვით საკუთარი სიმბოლოების გამოცემა დაიწყეს, ერთი სარწმუნოებრივი განსაზღვრების შედგენის საერთო საეკლესიო აუცილებლობა წარმოიშვა. ეს ამოცანა ნიკეის მსოფლიო კრებაზე (325) გადაწყდა, რომელმაც საკუთარი ოროსი - დოგმატური ხასიათის ეპისტოლე - გამოსცა. ამ ოროსში, რომელიც კესარიის ან იერუსალიმის ეკლესიების ძველი სანათლავი სიმბოლოები. საფუძველზე შედგა, ძისა და მამის ერთარსობის ფორმულირება შევიდა.

სარწმუნოების სიმბოლო, რომლითაც მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სარგებლობს, თავიდან „ნიკეის“ მრწამსის ერთ-ერთი გამოხატულება იყო (ნიკეის მრწამსის ამ გადმოცემის სპეციფიკურ დამუშავებაში მდგომარეობდა), რომელიც ანტიოქიურ-იერუსალიმური სანათლავი სიმბოლოების საფუძველზე 370 წლის შემდეგ შედგა. ხოლო ლიტურგიკული სიმბოლო მამებმა კონსტანტინეპოლის (მეფექალაქის) II მსოფლიო კრებაზე (381) დააზუსტეს და მიიღეს. ამგვარად, მის სახელწოდებად ნიკეა-კონსტანტინეპოლის სარწმუნოების სიმბოლო განმტკიცდა.

შემდგომ სარწმუნოების ეს სიმბოლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა ეკლესიაში გავრცელდა. ბოლოს, III მსოფლიო კრებამ (431) თავისი მეშვიდე კანონით დაადგინა, რომ ეს სიმბოლო საუკუნოდ ხელშეუხებლად უნდა დარჩენილიყო: „რაჲთა სხუაჲ სარწმუნოებაჲ არავინ იკადროს შემოღებად, ესე იგი არს აღწერად ანუ შეწყობად თჳნიერ მისსა...“[3]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო, წმინდა მღვდელთმთვარი ფილარეტი, თბილისი, 2010
  2. წმინდა მამათა და კრებათა დოგმატური სიმბოლოები
  3. [/ ПРАВИЛА СВЯТОГО ВСЕЛЕНСКОГО ТРЕТЬЕГО СОБОРА, ЕФЕССКОГО]