სარდაფის ობობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარდაფის ობობა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
ქვეტიპი:  ქელიცერიანები
კლასი:  ობობასნაირნი
რიგი:  ობობები
ქვერიგი:  უმაღლესი ობობები
ოჯახი:  Segestriidae
გვარი:  Segestria
სახეობა:  სარდაფის ობობა
ლათინური სახელი
Segestria florentina
(როსი, 1790)
სინონიმები

Aranea subterranea
Aranea florentina
Aranea perfida
Aranea cellaria
Segestria perfida
Segestria cellaria
Segestria gracilis
Segestria senoculata

Segestria florentina გავრცელების არეალი

სარდაფის ობობა (ინგლ. Segestria florentina) — დიდი ზომის ობობა Segestriidae ოჯახისა.

სხეულის აგებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდედრის სხეულის სიგრძე 22 მმ აღწევს, მამრისა კი მხოლოდ 15 მმ. თავმკერდი 6-8 მილიმეტრისა გააჩნიათ. ზრდასრული ობობას მუცელი მუქი შავია, ახალგაზრდასი კი — მონაცრისფრო, მუცლის დორსალური მხარე იისფერი ან მონაცრისფრო-ყავისფერია მუქი ლაქებით. მეტალისფერი-მომწვანო ელფერის მქონე ძლიერი ქელიცერები თავმკერდის სიგრძის ნახევარია. ბეწვით დაფარულ ფეხებზე ლაქები არ გააჩნიათ.

ცხოვრების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოვრობენ ქვების ნაპრალებში, ხეების ფუღუროებში. ეს სახეობა მიეკუთვნება ოჯახს Segestriidae. ამ ობობების ქსელს მილისებრი ფორმა აქვს. ვინაიდან სარდაფის ობობა ღამის ცხოველია, დღისით მილის უკანასკნელ მეოთხედში ისვენებს, საღამოობით და მთელი ღამის განმავლობაში კი მილის გაფართოებულ შესასვლელთან უცდის მსხვერპლს. მილისებრი ქსელის შესასვლელიდან გარკვეულ რადიუსში ობობას გაყვანილი აქვს თითქმის შეუმჩნეველი 6 ან მეტი სასიგნალო ქსელის ძაფი. სანადიროდ გამზადებული ობობა წინა 6 ფეხის მეშვეობით ეხება ქსელს, მგრძნობიარე ფეხების მეშვეობით იგი ადვილად ადგენს ნადავლის ადგილმდებარეობას, სწრაფად გამოდის ქსელიდან, ქელიცერებით იჭერს მსხვერპლს და უბრუნდება ბუდეს[1]. სარდაფის ობობა იკვებება უხერხემლოებით.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვერცხების დადების შემდგომ, მდედრი სარდაფის ობობა ამ კვერცხებს აბრეშუმის პარკში ახვევს, მილისებრი ქსელის უკანასკნელ მეოთხედში ათავსებს და იცავს მტრისაგან. გამოჩეკვის შემდეგ მდედრს პარკი ქსელის გარეთ გააქვს. ზოგჯერ დედა ობობა ნაშიერების გამოჩეკვამდე იღუპება, მის სხეულს კი ახლადდაბადებული შვილები შეექცევიან.

ტოქსიკურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკბენ ცხოველს აღენიშნება აგზნება, სპაზმი, კრუნჩხვები, დამბლა. 20 გრ წონის თეთრი თაგვი კბენიდან 3-30 წუთში იღუპება. ადამიანისათვის მისი შხამი სახიფათო არაა, თუმცაღა ნაკბენი შესაძლოა იყოს მტკივნეული და ტკივილმა რამდენიმე საათსაც კი გასტანოს. ობობას შხამში აღმოჩენილი იქნა 2 ნეიროტოქსინი c Mr ~ 5800, pl 4,75, რომელიც შეიცავს ცისტეინის 4 ნაშთს და არგინინის N-დაბოლოებას. შხამი ასევე შეიცავს ერთ ინსეკტიციდს. სარდაფის ობობას შხამი ნეიროტოქსიკურია და იწვევს ნერვული და კუნთოვანი უჯრედების მემბრანის აგზნებას.

გავრცელების არეალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარდაფის ობობა გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ყირიმში, მის მიმდებარე შავი ზღვისპირა რეგიონებში, კავკასიაში, მთელს საქართველოში. მცირე რაოდენობით გვხვდება ასევე არგენტინაში, ავსტრალიაში და ატლანტის ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათებზე გამოსახულია ზრდასრული მდედრი სარდაფის ობობა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ядовитые животные и растения СССР, 1990 წ., გვ. 51.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]