სანზონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხედი ჩარგლის ქუჩიდან

სანზონა — უბანი თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაძალადევსა და თემქას შორის. იწყება გურამიშვილის გამზირის 30/31-ის შემდეგ და მთავრდება მეტრო სარაჯიშვილთან.

სანზონას ეს სახელი, იგივე სანიტარული ზონა, განსაკუთრებული მიკროკლიმატის გამო შეერქვა. აქ უწინ ხეხილის ბაღები ყოფილა გაშენებული.

მასიური დასახლების გაჩენამდე სან-ზონის ტერიტორიაზე განლაგებული იყო წყლის ორი დიდი რეზერვუარი, რომელიც უზრუნველყოფდა ქალაქის წყალმომარაგებას. სან-ზონაში წყალი ნატახტრიდან მოდიოდა და რეზერვუარები მკაცრად კონტროლირებადი იყო მილიციელების მიერ – ამან განაპირობა მისი სახელწოდება, „სან-ზონა“ ანუ „სანიტარული ზონა“.

სან-ზონის დასახლება ჩაღრმავებულ ადგილას, ღრმაღელის ხევში მოხდა 1920-იან წლებში. უბანი ეთნიკურად მრავალფეროვანი იყო, ქართველებთან ერთად აქ შეხვდებოდით: აზერბაიჯანელებს, დუხაბორებს, მალაკნებს, გერმანელებსა და ჩეხებს. დაუსახლებელ ტერიტორიებზე კი გაშენებული იყო ხე-ხილის ბაღები, რომელსაც მუდმივად სჭირდებოდა მუშახელი, მომუშავეები კი აქ დასახლებას ამჯობინებდნენ. 50-60-იან წლებში რეზერვუარები გაუქმდა და მთავრობამ თავისუფალი მიწების დანაწილება დაიწყო კორპუსების ასაშენებლად. 60-იან წლებში კორპუსების აქტიური მშენებლობა გაჩაღდა, იმ დროში უბანს „სან-ზონის დასახლებას“ ეძახდნენ. ამ დასხლებაში გადიოდა დიდი ქვაფენილიანი გზა, რომელსაც ავჭალის გზატკეცილი ერქვა (დღევანდელი გურამიშვილის გამზირი). კინოთეატრ „საქართველოდან“ ავჭალამდე დადიოდნენ გერმანული „პიკაპები“, 50-იან წლებში მუშაობა დაიწყო ტრამვაიმ, რომელიც ჯერ დიდუბიდან მე-8 საავადმყოფომდე, შემდეგ კი დიდუბიდან ავჭალამდე მოძრაობდა.

სან-ზონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწილია „პლატონას დუქანი“, რომელმაც სახელი 50-იან წლებში გაითქვა, სან-ზონის მიმდებარე ტერიოტორიაზე მდებარეობდა დუქანი, რომელიც მრავალი მომსახურებით გამოირჩეოდა, ხალხს კი დიდ დახმარებს უწევდა, ამ დუქნის ახლომდებარე ტერიტორიები ხალხისთვის კვლავ ამ სახელს ატარებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]