ალექსანდრე ახმეტელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სანდრო ახმეტელი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანდრო ახმეტელი

სანდრო ახმეტელი
რეჟისორი
დაბადების თარიღი 14 (1) აპრილი, 1886
დაბადების ადგილი სოფელი ანაგა, სიღნაღის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 29 ივნისი, 1937
გარდაცვალების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნება ქართველი
მამა ვასილ ახმეტელაშვილი
დედა მარიამ ოდიშელიძე
მეუღლე თამარ წულუკიძე
რუსთაველის თეატრის დასი: კოტე მარჯანიშვილი, ვ. სიმონიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი, დ. ჩხეიძე, მიხეილ ქორელი, ა. გველესიანი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დოდო ანთაძე. 1923

ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი (დ. 14 (1) აპრილი, 1886, სოფ. ანაგა, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი – გ. 29 ივნისი, 1937) – ქართველი რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1933).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია დოკუმენტი, რომელიც გვამცნობს, რომ 1886 წელს, 14 აპრილს, სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგის თომა მოციქულის სამრევლო ეკლესიის დიაკვანს, ვასილ დავითის ძე ახმეტელიშვილს და მის მეუღლეს, მარიამ ივანეს ასულ ოდიშელიძეს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. ახალშობილი ოთხი დღის მერე, იმავე ეკლესიაში მონათლეს. ნათლია ყოფილა მნათეს დიმიტრი ახმეტელიშვილის მეუღლე – ქრისტინე.

ოჯახი 1891 წლიდან საცხოვრებლად გადადის თელავში. მამამისი სოფელ კოღოთოს ეკლესიის მღვდელი იყო.

1900 წელს სანდრო ახმეტელმა დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი. ოჯახი შემდეგ განჯაში გადადის და სანდროც განჯის გიმნაზიის მოსწავლე ხდება. იგი თავისუფალი აზროვნებისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს. ძლივს აღადგინეს თბილისის გიმნაზიაში, სადაც გიმნაზიის ინსპექტორი ყოფილა ქართული კულტურის დიდი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. სანდროს ჯერ კიდევ მაშინ იზიდავდა თეატრი და მისი ცხოვრება.

1905 წელს დაიჭირეს თავისუფალი აზრის გამოხატვისათვის. შემდეგ მიდის თელავში, სწორედ აქ გაიცნო ცნობილი პუბლიცისტისა და მწერლის ივანე როსტომაშვილის ასული ტასო. 1907 წელს ტასოზე ჯვარი დაიწერა. იმავე წელს კი ვაჟი - შალვა შეეძინათ.

1916 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მასთან უსწავლია შალვა ნუცუბიძეს და გიორგი ციციშვილს. უნივერსიტეტში სწავლისას შეუქმნია აეროპლანის მოდელი, რასაც აქვეყნებს იმდრონდელი ,,ცნობის ფურცელი”.

1910 წელს ქვემო მაჩხაანში პირველად გვევლინება, როგორც რეჟისორი. აქ დადგა ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის პიესა ,,ღალატი”. სანდრო თვითონ ჰქმნიდა გრიმებს და კოსტიუმების მოდელებს.

1919 წელს თბილისის საოპერო სტუდიაში დადგა დიმიტრი არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე".

1920 წელს მიიწვიეს რეჟისორად თბილისის ქართულ თეატრში, სადაც დადგა სანდრო შანშიაშვილის "ბერდო ზმანია".

1923 წელს კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია რეჟისორად თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში. შემდეგ იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი, 1926-1935 წლებში - სამხატვრო ხელმძღვანელი.

1924 წელს ახმეტელი იყო ერთ-ერთი ინიციატორი მსახიობთა კორპორაცია "დურუჯის" დაარსებისა (1924). იგი იყო კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მისი მრავალი დადგმის თანაავტორი (ჯ. სინგის "გმირი", 1923; ს. შანშიაშვილის "ჰერეთის გმირები", უ. შექსპირის "უინძორელი ცელქი ქალები", ორივე 1924 და სხვა).

1928 წელს ახმეტელმა დადგა ბორის ლავრენიოვის "რღვევა", რომელიც გარკვეული ეტაპი იყო რუსთაველის თეატრის ცხოვრებაში, და ს. შანშიაშვილის "ანზორი". ამ სპექტაკლებში კლასობრივი ბრძოლის ფონზე გახსნილია ახალი ადამიანის ფსიქოლოგიური სამყარო. ახმეტელმა "ანზორში", შ. დადიანის "თეთნულდსა" (1931) და ვ. კირშონის "ქართა ქალაქში" (1929) მასობრივი სცენების საშუალებით, მასისა და ინდივიდის დაპირისპირების შედეგად გამოავლინა ახალი ეპოქის ხასიათი და კოლექტივიზმის ძალა. ახმეტელის შმოქმედებაში ახალი სიტყვა იყო ფრიდრიხ შილერის "ყაჩაღების" (1933) დადგმა (თანადამდგმელი შ. აღსაბაძე). აქ ყაჩაღთა ბრბო გამოყვანილი იყო ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზებულ ძალად.

ახმეტელის მიერ შექმნილ სპექტაკლებში აისახა გრანდიოზული ისტორიული მოვლენების შედეგად დამყარებული ახალი საზოგადოების დამოკიდებულებანი, ჩაგვრისაგან განთავისუფლებული ადამიანის ინდივიდუალობა. მის შემოქმედებაში ვლინდებოდა თანამედროვე თეატრის ამაღლებული სული, ჰეროიკა, ქართული ხალხური თეატრის იმპროვიზიციული თავისებურებები. ემოციურობა, გამომგონებლობა, ჰარმონიულობა, დინამიკურობა, ოსტატურად დადგმული მასობრივი სცენები, რომლებშიც ფართოდ იყენებდა ქართული სიმღერებსა და ცეკვებს.

სანდრო ახმეტელი თავისუფალი აზროვნებისთვის იდევნებოდა. ათი წელი გრძელდებოდა მისი დამუშავება ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით. ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა მისთვის 1930 წლის წარმატებები მოსკოვის თეატრში. "ლამარას" ნახვის შემდეგ იოსებ სტალინსაც სხვანაირი აზრები გაუჩნდა მის მიმართ. რეჟისორული გადაწყვეტითა და ეროვნული სულისკვეთებით საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გრიგოლ რობაქიძის “ლამარამ”. საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნის მიუხედავად, ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა, რაც თეატრში ნაციონალური სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნიეს. 1930 წელს, ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს.

ბერიამ ისარგებლა იმ დაპირისპირებით, რომელიც რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელსა და თეატრის წამყვან მსახიობებს აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძეს შორის არსებობდა და ყველანაირად ეცადა, კიდევ უფრო გაეღრმავებინა კონფლიქტი.

შუღლი თეატრალებს შორის იმით დასრულდა, რომ სანდრო ახმეტელმა აკაკი ვასაძე დააქვეითა, ხოლო აკაკი ხორავა საერთოდ გააძევა თეატრიდან. ახმეტელმა არ შეასრულა ბერიას უშუალო ბრძანება და ხორავა და ვასაძე თავიანთ ძველ თანამდებობებზე არ აღადგინა. ბერიას მიმართ გამოცხადებულმა ამ დაუმორჩილებლობამ სანდრო ახმეტელის შემოქმედებასა და ცხოვრებას წერტილი დაუსვა. სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სანდრო ახმეტელი სამუშაოდ მოსკოვში, “მწვანე თეატრში” გადავიდა. სამშობლოდან განდევნილი რეჟისორი მოსკოვის თეატრალურმა საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო, მაგრამ იგი სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. სწორედ “მწვანე თეატრში” 1936 წლის 19 ნოემბერს აიყვანეს სანდრო ახმეტელი და მოსკოვიდან თბილისში იქნა ეტაპირებული. მისი დაპატიმრების შესახებ დადგენილება 1936 წლის 5 დეკემბერს გამოიცა, თავად ახმეტელს წარედგინა 7 დეკემბერს – დაკავებიდან 18 დღის შემდეგ. სანდრო ახმეტელი პროკურორის სანქციის გარეშე დააპატიმრეს. პროკურორს მონაწილეობა არ მიუღია არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესში.

222 დღე გრძელდებოდა მისი წამება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ის ყველა ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველა წაყენებული ბრალდება აღიარა. ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა “ხალხის მტერსა და მავნებელს”. ბერიას ეს აქტი მიზნად ისახავდა თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილი მსახიობების დაშინებასაც.

კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად: თითქოს ახმეტელს, სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, მეამბოხეთა სამხედრო დაჯგუფებები ჰქონდა შექმნილი ბაქოში, სოხუმში, გროზნოსა და თბილისში. ტერორისტულ ორგანიზაციაში თანამონაწილეობა არ აკმარეს და რეჟისორს ისიც კი დააბრალეს, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურება ჰქონდა განზრახული. დააპატიმრეს მეუღლეც თამარ წულუკიძე-ახმეტელი.

1937 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა (ქონების კონფისკაციით); ხოლო თამარ წულუკიძე-ახმეტელს – ათი წლით თავისუფლების აღკვეთა.

სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს.

1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ალექსანდრე ახმეტელის და მისი მეუღლის თამარ წულუკიძე-ახმეტელის რეაბილიტაცია მოახდინა.[1]

სპექტაკლები[რედაქტირება]

  • ლ. სლავინი – "ინტერვენცია", 1934 წ.
  • ფრიდრიხ შილერი – ,,ყაჩაღები”, 1933 წ.
  • გ. ბუხნიკაშვილი – "ნაბიჭვარი" (ვ. შკვარკინის მიხედვით), 1931 წ.
  • ალიო მირცხულავა (მაშაშვილი)– "განგაში", 1931 წ.
  • შალვა დადიანი – ,,თეთნულდი”, 1931 წ.
  • გრიგოლ რობაქიძე – "ლამარა" (ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1930)
  • ვ. კირშონი – ,,ქართა ქალაქი”, 1929 წ.
  • ჰაყენკლევერი – "საქმის კაცი" (შ. აღსაბაძესათან ერთად), 1929 წ.
  • ხოზიკა – "ხოჭოების დოღი" (კ. პატარიესთან ერთად), 1928 წ.
  • სანდრო შანშიაშვილი – ,,ანზორა”, 1928 წ.
  • ბორის ლავრენიოვი – ,,რღვევა”, 1928 წ.
  • ე. ბილბელოცერკოვსკი – "საჭე მარცხნივ" (აკაკი ვასაძესთან ერთად), 1927 წ.
  • კ. ლიფსკეროვი – ,,კარმენსიტა”, 1927 წ.
  • მ. ლორთქიფანიძე – ,,ათი დღე” (ჯ. რიდის მიხედვით, ა. ვასაძესთან ერთად), 1927 წ..
  • ნ. შიუკაშვილი – ,,ამერიკელი ძია” ( 1 ნაწ.) 1926 წ. ( 2 ნაწ.) 1927 წ.
  • ა. გლებოვი – ,,ზაგმუკი”, 1926 წ.
  • უილიამ შექსპირი – ,,უინძორელი ცელქი ქალები”, 1924 წ.
  • სანდრო შანშიაშვილი – ,,ჰერეთის გმირები”, 1924 წ.
  • ჯ. სინგი – ,,გმირი” 1923 წ.
  • სანდრო შანშიაშვილი – ,,ბერდო ზმანია”, 1920 წ.

საოპერო სპექტაკლები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • კიკნაძე ვ., სანდრო ახმეტელი, თბ., 1964;
  • სანდრო ახმეტელი. კრებული, თბ., 1958;
  • კიკნაძე ვ., ქსე, ტ. 2, გვ. 106-107, თბ., 1977

სქოლიო[რედაქტირება]