სამთამადნო მრეწველობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამთამადნო მრეწველობარკინის, მანგანუმის მადნის, ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების მოპოვებისა და პირველადი გადამუშავების დარგების კომპლექსი. სსრკ-ს სხვადასხვა სახის მინერალური ნედლეულის უზარმაზარი პოტენციური რესურსების მხრივ მსოფლიოში პირველი ადგილი ეჭირა მანგანუმის, რკინის მადნის, ბოქსიტების, სპილენძის, ტყვიის, ნიკელის, ვოლფრამისა და სხვა ლითონების დაზვერილი მარაგის მიხედვით. სსრკ-ში 1913 წელს მოიპოვეს 9,2; 1960 წელს 106; 1970 წელს 195,5; 1982 წელს 244,4 მილიონი ტონა რკინის მადანი. სსრკ-ში რკინის მადნის უდიდესი საბადოები იყო კრივოი როგში, კურსკში, კუსტანაის ოლქში და სხვაგან. მანგანუმის საბადოებიდან ცნობილია ჭიათურისა და ნიკოპოლის საბადოები. ჭიათურის მანგანუმის საბადოს ექსპლუატაცია დაიწყო 1879 წელს. საქართველოში 1940 წელს მოიპოვეს 1449, 1970 წელს 1569, ხოლო 1981 წელს 2734 ათასი ტონა სასაქონლო მანგანუმის მადანი. ქიმიური შედგენილობის მიხედვით ჭიათურის მანგანუმი უკეთესია ნიკოპოლის მადანზე. ფერადი ლითონებიდან საქართველოში მოიპოვებენ სპილენძს, ტყვიასა და თუთიას. მადნეულის ნედლეული ძირითად ელემენტებთან (ალუმინი, სპილენძი, ტყვია, თუთია, ნიკელი და სხვა) ერთად შეიცავს თანმხლებ ელემენტებსაც (მაგალითად ოქრო, ვერცხლი, კობალტი და სხვა). მსოფლიოში ყველა მადნის 65%-ს მოიპოვებენ ეკონომიკურად ხელსაყრელი ღია (კარიერული) წესით. ჭიათურის საბადოს ამუშავებენ როგორც ღია, ისე მიწისქვეშა წესით, კვაისის საბადოს კი მიწისქვეშა წესით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]