სამერცხლე კლდე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამერცხლე კლდე, მრავალფენიაბი ნამოსახლარი მღვიმე სოფელ ზოდსა და სოფელ დარკვეთს შორის, მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მ. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა, დერეფნისებრი (სიგრძე 450 მ) იწყება სოფელ დარკვეთიდან, კარსტული ჭის სახით, რომლის სიგანეა 8 მ და სიღრმე - 17 მ. როგორც არქეოლოგიური ძეგლი, მიკვლეულია 1962 წელს. გათხარეს 1963-64 წლებში (დ. თუშაბრამიშვილი) და 1966 (მ. ნიორაძე). ფიქსირებულია 3 მ სისქის 7 ლითოლოგიური (3 კულტურული) ფენა. ყველაზე ქვედა ფენა (III კულტურული ფენა) მუსიეს ხანისაა. მასში აღმოჩნდა ქვის მხოლოდ რამდენიმე ნივთი. ზედაპალეოლითურ ფენაში (II) მოპოვებულია კაჟისა (229 ცალი) და ობსიდიანის (49 ცალი) საგნები , სხვადასხვა ტიპის ნუკლეუსი, ანამტვრევები, ანატკეც-ლამელები, საფხეკები, საჭრისები, საყურადღებოა ძვლის ნაკეთობანი. სადგისები, შუბისპირები.

სამერცხლე კლდის ზედა პალეოლითის მასალისათვის დამახასიათებელია ვიწრო, გრძელი (7-12 სმ) ფირფიტების (ლამელების) სიმრავლე. სრულიად არ გვხვდება გეომეტრიული მოყვანილობის მიკროლითები და გრავეტის ტიპის დანები. აღნიშნული ნიშნებით სამერცხლე კლდის ზედაპალეოლითური მასალა საქართველოს სხვა ძეგლებისაგან განცალკევებით დგას. ფაუნა წარმოადგენილია დომბის, ცხენის, კეთილშობილი ირმის, მღვიური დათვისა და სხვა ცხოველთა ძვლებით. ამ ფენის მასალა საქართველოს ხედაპალეოლითური კულტურით შუა (განვითარებული) საფეხურით თარიღდება. სამერცხლე კლდის ზედა ფენა (I კულტურული ფენა) შეიცავს ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მასალას. მასში აღმოჩენილია ძირმომრგვალებული, მუცელგაბერილი და სწორყელიანი თიხის ქოთნები, დერგები, რომელთა ზედაპირი ზოგჯერ კარგადაა გაპრიალებული. აქვეა აღმოჩენილი თიხის კვირისტავები, გახეხილ-გაპრიალებული ქვის ცულები, სატეხისებური იარაღი, კაჟისაგან დამზადებული სატევარ-შუბისპირი, სხვადასხვა ტიპის ისრისპირი და სხვა.ამ ფენის არქეოლოგიური მასალა მსგავსებას იჩენს ადრინდელ მაიკოპის კულტურასთან (მეშოკო, სკალა), მაგრამ ქრონოლოგიურად წინ უსწრებს მას. სამერცხლე კლდის მასალა დაცულია აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება]