სანქტ-პეტერბურგის სამების ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სამების ტაძარი (სანქტ-პეტერბურგი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იზმაილოვსკის კათედრალი
კათედრალის ზედხედი. წყარო:earth.google.com

წმინდა სამების ტაძარი (რუს. Троице-Измайловский собор) — მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, გვიანი კლასიციზმის სტილის ნიმუში. აშენდა 1825-35 წლებში არქიტექტორი ვასილი სტასოვის პროექტით სპეციალურად იზმაილოვის პოლკისთვის, მას შემდეგ რაც მისი სანქტ-პეტერბურგში გადაბარგების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არაოფიციალურად ამ ტაძარს ბევრი იზმაილოვის ტაძარს უწოდებს დღემდე. ის 3000 ადამიანს იტევს. საბჭოთა პერიოდში სასაწყობედ იყენებდნენ. 1990 წელს რუსეთის სინოდის საკუთრებაში დაბრუნდა.

შენობა დიდი ცენტრალური გუმბათისა და სიმეტრიულად განლაგებული ოთხი მცირე ზომის გუმბათისგან შედგება. ეს უკანასკნელნი კორინთული ორდერის პორტიკებს აგვირგვინებენ. ტაძრის ნიშებში მოქანდაკე გალბერგის მიერ შესრულებული ანგელოზების ბრინჯაოს ქანდაკებები დგას. თავისი არსებობის მანძილზე ტაძარი ყოველთვის ღარიბი იყო საეკლესიო რელიკვიებით, სამაგიეროდ მასში მრავლად იყო სატროფეო მონაგარი, რომელიც იზმაილოვის პოლკს ამა თუ იმ ომში ნადავლის სახით ჰქონდა მოპოვებული. ერთი პერიოდი აქ ოსმალეთის იმპერიის შენაერთებისთვის წართმეული ზარბაზნებიც კი იწონედნენ თავს. 1917 წელს ტაძარი გაიძარცვა და მასში მოთავსებული საეკლესიო თუ სამხედრო ნივთები მთლიანად გაიტანეს.

1886 წელს ტაძრის წინ გრიმის პროექტით ”დიდების კოლონა” აღიმართა. ის რამდენიმეიარუსიანი იყო და სატროფიო თურქული ზარბაზნებისგან შედგებოდა. კოლონის გრანიტის პედესტალზე ბრინჯაოს დაფები იყო დამაგრებული, რომლზეც იზმაილოვის პოლკის გვარდიელების ბრძოლების და გმირობების ჩამონათვალი იყო ამოტვიფრული. 1930-იან წლებში კოლონა რუსული მილიტარიზმის სიმბოლოდ ჩათვალეს, რომელიც სხვა სიკეთესთან ერთად ტრამვაის გადაადგილებას უშლიდა ხელს, რის გამოც მისი დანგრევა გადაწყდა.

იზმაილოვის წმ. სამების ტაძარი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ აქ 1867 წელს დოსტოევსკიმ იქორწინა. 1894 წელს კი ტაძრიდან პიანისტი ანტონ რიბინშტეინი გამოასვენეს.

ხანძარი[რედაქტირება]

გუმბათში გაჩენილი ხანძარი, ასოშეიტედ პრესის ფოტო, 25/08/06

2006 წლის 25 აგვისტოს რეკონსტრუქციის დროს გაჩენილი ხანძრის გამო ჩამოინგრა ძირითადი ლურჯი და ერთი მომცრო განაპირა გამბათი და საგრძნობლად დაზიანდა შენობის ინტერიერი. ხატების და სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ნივთების გადარჩენა მოხერხდა.