სამანი (ორგანიზაცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამანი (მრავალმნიშვნელოვანი).

სამანი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) — იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

სამანი 1942 წელს შექმნეს ახალგაზრდა და ნიჭიერმა წოვა-თუშმა პოეტმა ადამ ბობღიაშვილმა (ალვანელი) და მისმა მეგობარმა მიხეილ იმედიძემ მას შემდეგ, რაც გაიცა წინამორბედი ფარული ორგანიზაცია, რომელსაც მათი პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ ზანდუკელი თავკაცობდა. 1941 წელს სექტემბერში ზანდუკელი და მისი თანამოაზრე 17 ასპირანტი თბილისში დააპატიმრეს. 1942 წელს შემოდგომაზე რეპრესიებს გადარჩენილმა სამანელებმა თბილისიდან თავი დააღწიეს და კახეთს, 1942 წელს ადრიან გაზაფხულზე კი თუშეთს შეეხიზნენ. მათი მიზანი იყო თუშეთის ტერიტორიაზე მომხრეების შემოკრება და ჩეჩნეთის მთიანეთში მოქმედ ანტისაბჭოთა მეამბოხეებთან კავშირის დამყარება. მთავრობამ თუშეთში გამაგრებული სამანელების წინააღმდეგ რამდენიმე ასეული გაგზავნა თელავის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის უფროსის, გამოცდილი ჩეკისტის ალიოშა კვაშალის მეთაურობით. კვაშალმა შეძლო ორგანიზაციის განადგურება: შეთქმულთა ნაწილი გადმოიბირა, ნაწილი დააპატიმრა, მეთაურები, მათ შორის ბობღიაშვილი, 1943 წელს მოკლეს. მათ თავები მოჰკვეთეს და ხალხის დასაშინებლად თუშთა საგანგებოდ შეკრებილ კრებას წარუდგინეს. ორგანიზაციის ლიკვიდაციას თან ახლდა მასობრივი დაპატიმრებები თუშეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცოცანიძე, გ., თუშური ქრონიკები: მენშევიკური პერიოდი; სამანელები. თბ., 2004. ISBN 99940-16-70-9
  • თეთვაძე ნ., XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები). თბ., 2021.