სალა-ი-გომესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალა-ი-გომესის მდებარეობა
კუნძულის აერო-ხედი აღმოსავლეთიდან

სალა-ი-გომესი (ესპ. Isla Salas y Gómez) — ჩილეს კუთვნილი პატარა, დაუსახლებელი კუნძული წყნარ ოკეანეში. წარმოადგენს პოლინეზიური სამკუთხედის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე წერტილს. ადმინისტრაციულად, ის აღდგომის კუნძულის პროვინციის შემადგენლობაში შედის, რომელიც თავის მხრივ ვალპარაისოს რეგიონს მიეკუთვნება.

კუნძულის შემომსაზღვრელი წყლები წარმოადგენს საზღვაო დაცულ ტერიტორიას, რომელსაც სალა-ი-გომესის წყლის პარკს უწოდებენ (ესპ. Parque Marino Sala y Gómez). პარკის ფართობი 150 000 კმ²-ია.

სალა-ი-გომესი კონტინენტური ჩილედან 3 210 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს, ჩილეს დესვენტურადასის კუნძულებიდან 2 490 კმ-ით დასავლეთით, აღდგომის კუნძულიდან კი 390 კმ-ით ჩრდილო აღმოსავლეთით. შედგება ორი კლდისგან, რომელთაგან უფრო პატარის ფართობი მხოლოდ 4 ჰა-ია, დიდის კი 11 ჰა. ისინი ერთმანეთთან შეერთებულია ვიწრო ყელით, რომლის სიგანეც საშულალოდ 30 მეტრია. კუნძულის საერთო ფართობი 15 ჰა-ია (0.15 კმ²), სიგრძე კი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 770 კმ. უმაღლესი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 30 მეტრია, რომელიც ზღვის სანაპიროდან 30 მეტრის დაშორებით 10 მ სიმაღლის კლიფზე მდებარეობს.

კუნძული გადარეცხილია მარილიანი წყლით, სანაპირო ხაზი კი გამოირჩევა მიქცევა-მოქცევის შედეგად დარჩემილი აურაცხელი ტბორით. სანაპირო ხაზი ძირითადად კლიფებისგან შედგება, რის გამოც კუნძულზე გადასვლა ყველაზე მშვიდ ამინდშიც კი საკმაოდ რთულია.

კუნძულზე არაა მტკნარი წყლის მუდმივი წყარო, მაგრამ არსებობს აღმოსავლეთ კლდის დეპრესიაში ჩამდგარი არამუდმივი წვიმის წყლის ტბორი, რომელიც ხშირად 75 მ დიამეტრისაა. ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ზღვის ფრინველთა ფართო პოპულაციების არსებობაში.

1994 წელს, ჩილეს საზღვაო ფლოტმა კუნძულზე დაამონტაჟა ავტომატური სასიგნალო შუქურა და ცუნამის განგაშის სისტემა. ამავე წელს კუნძული ბუნების ნაკრძალად გამოცხადდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]