საკეისრო კვეთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საკეისრო კვეთა — ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ნაყოფსა და მომყოლს საშვილოსნოდან ოპერაციული გზით — საშვილოსნოს წინა კედელზე ხელოვნურად გაკეთებული ჭრილობიდან გამოაძევებენ.

ჩვენებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნებისმიერი სხვა ოპერაციული ჩარევის მსგავსად, საკეისრო კვეთაც მხოლოდ ჩვენებისამებრ უნდა ჩატარდეს. საკეისრო კვეთის ოპერაცია პათოლოგიური მდგომარეობიდან გამოსავალია და არა არჩევის მეთოდი.

განასხვავებენ საკეისრო კვეთის აბსოლუტურ და შედარებით ჩვენებებს.

აბსოლუტური ჩვენება იმას ნიშნავს, რომ მშობიარობა ბუნებრივი გზით შეუძლებელია. ასეთია გართულებები, რომლებიც დედასა და ნაყოფს სასიკვდილო საფრთხეს უქმნის:

  • ნაყოფის არასწორი (გარდიგარდმო) მდებარეობა
  • ნაყოფისა და სამშობიარო გზების ზომათა შეუსაბამობა (ვიწრო ან დეფორმირებული მენჯი, დიდი ნაყოფი, საშვილოსნოს ყელისა და საშოს ნაწინუროვანი დავიწროება, სამშობიარო გზების სიმსივნეები)
  • სასქესო ორგანოების ვარიკოზი
  • პლაცენტის სრული წინამდებარეობა (როდესაც იგი ახშობს საშვილოსნოდან გამოსავალს) ან ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა
  • საშვილოსნოს მოსალოდნელი ან დაწყებული გახევა
  • ჭიპლარის გამოვარდნა და სხვა.

ერთი აბსოლუტური ჩვენება საკმარისია, რომ საკეისრო კვეთა ჩატარდეს. ამ შემთხვევაში არც ოპერაციის პირობებს და არც უკუჩვენებებს არ ითვალისწინებენ. შედარებითი ჩვენება ისეთი კლინიკური სიტუაციაა, როდესაც ნაყოფის მიღება ბუნებრივი მშობიარობით შესაძლებელია, მაგრამ არსებობს უფრო დიდი რისკი, ვიდრე საკეისრო კვეთის შემთხვევაში. ამ დროს ოპერაციის ჩასატარებლად საჭიროა ორი და მეტი შედარებითი ჩვენების არსებობა.

შედარებითი ჩვენებებია:

  • დიდი ან გადამწიფებული ნაყოფი
  • ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა
  • 35 წელს გადაცილებული პირველმშობიარე
  • დედის მძიმე მდგომარეობა (სამშობიარო მოქმედების ანომალიება, ორსულობის გართულებები, ექსტრაგენიტალური დაავადებები - ტუბერკულოზი, მაღალი მიოპია, თირკმლის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე - მრავალ კვანძოვანი მიომა და სხვა)
  • ნაყოფის დისტრესსინდრომი (ჟანგბადოვანი შიმშილი), ღრმა დღენაკლულობა
  • სასქესო ორგანოების ინფექციათა გამწვავება ორსულობის ბოლო კვირას - სამშობიარო გზებში გავლისას ბავშვი შესაძლოა დაიფინცირდეს.
  • საკეისრო კვეთის ჩვენებები, განსაკუთრებით - აბსოლუტური, როგორც წესი, ორსულობის დროსაც ცნობილია, ზოგჯერ - დაორსულებამდეც კი. ამ დროს საკეისრო კვეთა გეგმურად ტარდება, ჩატარების თარიღს კი მკურნალი ექიმი ადგენს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ორსული ჩვეულებრივი, ბუნებრივი გზით მშობიარობისთვის ემზადება, მაგრამ უეცარი გართულების გამო აუცილებელი ხდება საკეისრო კვეთის ჩატარება. ამას ეწოდება სასწრაფო საკეისრო კვეთა.

საკეისრო კვეთის დადებითი და უარყოფითი მხარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკეისრო კვეთის ყველაზე დიდი ღირსებაა ბავშვის დაბადება სწორედ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ მიზეზით დედას, ბავშვს ან ორივეს ერთად უდიდესი საფრთხე ემუქრება. ასე, რომ როდესაც არსებობს საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენება, მის ნაკლოვანებებზე ლაპარაკი ზედმეტია. გარდა ამისა, საკეისრო კვეთისას საშო არ იჭიმება, არ ჩნდება ჩახევები, არ ედება ნაკერები, არ იჭიმება მყესები და მენჯის ორგანოები, არ ხდება მათი დაწევა, საშვილოსნოს ყელის გახევა, შემდგომ არ ვითარდება ბუასილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. რაც შეეხება ნაკლოვანებებს: მართალია, ოპერაცია ბუნებრივ მშობიარობაზე მოკლე ხანში სრულდება, მაგრამ ნარკოზიდან გამოსვლა, ჭრილობის მოშუშება, ტკივილი, სისხლის დანაკარგის აღდგენა, ინფიცირების მაღალი ალბათობა, ლაქტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მოძრაობის შეზღუდვა საგრძნობლად ართულებს მელოგინის ცხოვრებას ოპერაციის შემდგომ. ნარკოზის შემდეგ მელოგინის ტვინი ვეღარ იღებს სიგნალს, რომ ბავშვი დაიბადა, რაც ორგანიზმში ერთგვარ გაურკვევლობას იწვევს და საშვილოსნო ისე ინტენსიურად ვეღარ იკუმშება, როგორც ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ.

ოპერაცია და გაუტკივარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერაციის მსვლელობისას იხსნება მუცლის წინა კედელი, ამის შემდეგ კეთდება განაკვეთი საშვილოსნოზე, ამოჰყავთ ახალშობილი, ჭრიან ჭიპლარს და ბავშვს გადასცემენ ბებიაქალს. ბოლოს საშვილოსნოდან იღებენ პლაცენტას. საშვილოსნო იკერება სპეციალური ძაფით, რომელიც 3-4 თვეში გაიწოვება, ხოლო მუცლის კედლის ჭრილობა შრეობრივად იკერება. ოპერაცია, მდგომარეობის შესაბამისად, გრძელდება 20-40 წუთი.

არსებობს საკეისრო კვეთის დროს მისი გაუთკივარების ორი გზა: ზოგადი (ენდოტრაქიული ნარკოზი) და რეგიონული (ეპიდურული და სპინალური ანესთეზია).

წამყვანი კლინიკები უპირატესობას ანიჭებენ ეპიდურულ და სპინარულ ანესთეზიას როგორც დედისა და ნაყოფისთვის გაუტკივარების ყველაზე სასურველ და დამზოგველ მეთოდს. რეგიონული ანესთეზიის დროს მგრძნობელობა ითიშება სხეულის განსაზღვრულ ნაწილში, მაგრამ პაციენტის ცნობიერება გამოთიშული არ არის. რეგიონული გაუტკივარების მეთოდს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სპინალურ და ეპიდურულ ანესთეზიას. ამ დროს ზურგის ტვინის არეში შეჰყავთ ხანგრძლივი მოქმედების საანესთეზიო საშუალება, რაც იწვევს ინექციის ადგილის ქვევით ტკივილის, შეხებისა და მოძრაობის დროებით გამოთიშვას.

დღეს ეპიდურული და სპინალური ანესთეზია ფართოდ გამოიყენება გაუტკივარებისთვის როგორც ბუნებრივი მშობიარობის, ისე საკეისრო კვეთის დროს. სპინალური გაუტკივარება ეფექტიანი, მარტივი და იაფია, მაგრამ შვდარებით ხანმოკლე, ამიტომ მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ეპიდურული გაუმტკივარება დაინერგა, მას თითქმის აღარავინ იყენებს. ეპიდერული ანესთეზია ტექნიკურად უფრო რთულია, ვიდრე სპინალური, მაგრამ იმდენად ეფექტიანია, რომ შეიძლება, მეანობის ერთ-ერთ უდიდეს მონაპოვრად ჩაითვალოს. მისი ეფექტიანობა აღემატება 80 %-ს და მშობიარეს თითქმის მთლიანად ათავისუფლებს ტკივილისგან. ეპიდერული ანესთეზია საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ქალმა დაივიწყოს ტკივილით მოგვრილი ტანჯვა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის დაბადებაში.

ენდოტრაქეულ ნარკოზს უპირატესობა ენიჭება მაშინ, როდესახც საკეისრო კვეთა ტარდება ექსტრემალური ჩვენებით (პლაცენტის აცლა, პერინატალური სისხლდენა, ნაყოფის დისტრესი), ასევე - კოაგულოპათიის, სისტემური ინფექციისა და დედის ცენტრალური ნვრვული სისტემის პათოლოგიის შემთხვევაში, პრეეკლამფსიისა და ეკლამფსიის დროს, როდესაც არსებობს რეგიონული ანესთეზიის უკუჩვენება და ბოლოს, მაშინ როდესაც პაციენტი ამა თუ იმ მიზეზით უარს ამბობს რეგიონულ ანესთეზიაზე. აღსანიშნავია, რომ ნაყოფის ამოყვანამდე ანესთეზია საკმაოდ ზვდაპირულია, რათა ბავშვზე ანესთეტიკების დამთრგუნველი ზემოქმედება გამოირიცხოს. ისიც უნდა ითქვას, რომ მეანობაში ზოგადი ანესთეზიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება კუჭის შიგთავსის ასპირაციაა. სულ რაღაც 30 მლ შიგთავსის ასპირაციამ შესაძლოა ფატალური პნევმონიტი (მენდელსონის სინდრომი) გამოიწვიოს. გარდა ამისა, ორსულებში ხშირად ჭირს ინტუბაცია, განსაკუთრებით - სიმსუქნის შემთხვევაში.

მელოგინის რეჟიმი ოპრაციის შემდგომ პეროდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ დღე-ღამის მელოგინე ატარებს საოპერაციო ბლოკში. 6 საათის შემდეგ მას ნებას აძლევენ წამოჯდეს, 12 საათი შემდეგ კი წამოდგეს და მედდის დახმარებით რამდენიმე ნაბიჯიც გადადგას. მეორე დღეს იგი გადაჰყავთ პალატაში, სადაც მას შეუძლია იმყოფებოდეს თავის ახალშობილთან ერთად. ნაწლავთა ფუნქციის მოსაწესრიგებლად ერთი დღე-ღამის შემდეგ კვთდება გამწმენდი იყნა. საშვილოსნოს შეკუმშვის დასაჩქარებლად ძალიან მნიშვნელოვანია, ახალშობილის ძუძუთი კვება რაც შვიძლება მალე დაიწყოს. როდვსაც ახალშობილი ძუძუს წოვს, საშვილოსნო ინტენსიურად იწყებს შეკუმშვას. ოპერაციის შემდეგ სარძევე ჯირკვლებიდან ხსენი იწყებს დენას, ხოლო ორ დღეში იწყება ლაქტაცია და გამოიყოფა სრულყოფილი რძე.

მელოგინის კვების რეჟიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დღე - უგაზო მინერალური წყალი (შესაძლებელია ლიმონის წვენის დამატება). ჭამა არ შეიძლება. მეორე დღე - დიეტა ფართოვდება: ნებადართულია ფაფის, უცხიმო ბულიონის, მოხარშული ხორცის, ტკბილი ჩაის მიღება. მესამე დღე - უკვე შეიძლება სრულფასოვანი კვება.

რაციონიდან გამოირიცხება მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს. რა უნდა ახსოვდეს მელოგინეს:

  • არ ასწიოს მძიმე
  • მუცლის კუნთების გასავარჯიშებლად ატაროს სპეციალური ბანდაჟი, მაგრამ ხანგრძლივად არა. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი უარყოფითი იქნება. აბაზანის მიღება და ცურვა ნებადართულია არანაკლებ 1,5 - 2 თვის შემდეგ.
  • სქესობრივი ცხოვრების გაგრძელება ნებადართულია ოპერაციიდან 6 კვირის შემდეგ. მანამდე საჭიროა, ქალმა მიმართოს გინეკოლოგს და დარწმუნდეს, რომ აღდგენითი პერიოდი ნორმალურად დასრულდა.
  • ნაწიბურის ადგილას დაბუჟებისა და დისკომფორტის შეგრძნება შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩეს, მაგრამ თუ ქალს ძლიერი ტკივილი აწუხებს, ნაწიბური წითლდება ან იქიდან გამოიყოფა მოყავისფრო, ყვითელი ან სისხლიანი გამონადენი, ქალმა დაუყონებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედიცინის დიდი ცნობარი ტომი II, სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია, გამომცემლობა პალიტრა L, თბ 2016 წელი, გვ. 228-231

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]