სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრიბუნალის ლოგო

სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის (ICTY; სრული სახელი: 1991 წლიდან ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი საერთაშორისო ტრიბუნალი, უფრო ფართოდ ცნობილი როგორც საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე ან უბრალოდ ჰააგის ტრიბუნალი) — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურა, რომლის მიზანია სასამართლოს გადაეცეს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე 1991 წლიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში ეჭვმიტანილი პირები, აღიკვეთოს ახალი დანაშაულები, ხელი შეეწყოს ყოფილ იუგოსლავიაში შერიგების გზით მშვიდობის დამყარებას. შეიქმნა გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წლის 25 მაისის № 827 (1993 წ.) რეზოლუციის საფუძველზე.[1]

სასამართლოს იურისდიქციაში შედიოდა ოთხი ტიპის დანაშაულის განხილვა, რომლებიც 1991 წლიდან ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე განხორციელდა: ჟენევის კონვენციის სერიოზული დარღვევა, სამართლისა და ომის წესების დარღვევა, გენოციდი და კაცობიობის წინაშე დანაშაულები. მაქსიმალური სასჯელის სახე, რომლის შეფარდებაც სასამართლოს შეეძლო, იყო სამუდამო პატიმრობა.

ბრალი 161 ადამიანს დასდეს, აქედან უკანასკნელს 2005 წელს. უკანასკნელი პირი მიმალვაში გორან ჰაჯიჩი 2011 წლის 20 ივლისს დააკავეს.[2] 2017 წელს სასამართლომ უკანასკნელი განაჩენი გამოიტანა.[3] ინსტიტუციამ საკუთარი საქმიანობა ფორმალურად 2017 წლის 31 დეკემბერს შეწყვიტა.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრიბუნალის შენობა

1991 წლიდან იუგოსლავიაში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა მოკლე დროში ძლიერი ესკალაცია განიცადა. შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვმა არნახულ რაოდენობას მიაღწია. ადამიანი ძალადობის, წამების, არაადამიანური მოპყრობისა თუ სხვა დანაშაულებრივ ქმედებათა მსხვერპლი გახდა. განსაკუთრებით მწვავედ და მასშტაბურად კონფლიქტი ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე განვითარდა.[5] ამ მოვლენებით შეშფოთებულმა გაეროს უშიშროების საბჭომ 1991 წლის 25 სექტემბრიდან რამდენიმე რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მკაცრად აფრთხილებდა მხარეებს და მოუწოდებდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვისაკენ.

საბოლოოდ, როდესაც ნახსენებმა ზომებმა არ მოიტანა შედეგი და დადასტურდა მათი არაეფექტურობა, უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია N808(1993), რომლითაც დაადგინა, რომ უნდა შექმნილიყო „საერთაშორისო ტრიბუნალი იმ პირთა სასამართლო დევნისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე 1991 წლიდან ჩადენილ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევებზე“.[5][6]

ამავე რეზოლუციით გაეროს გენერალურ მდივანს ეთხოვა, ყოველმხრივ შეესწავლა საკითხი და უახლოეს ვადებში წარედგინა სამოქმედო გეგმა და პროექტი ამ ტრიბუნალის შესაქმნელად. საბოლოოდ, 1993 წლის 25 მაისს უშიშროების საბჭოს № 827 (1993) რეზოლუციით სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისათვის (The International Criminal Tribunal for the former Yugoslavia - ICTY) შექმნილად გამოცხადდა. ამავე რეზოლუციით მიიღეს ტრიბუნალის სტატუტი. მოგვიანებით, 1994 წლის 11 თებერვალს, სტატუტის მე-15 მუხლის საფუძველზე მიიღეს პროცედურისა და მტკიცებულებათა წესები. სწორედ ამ ორმა დოკუმენტმა შეადგინა ტრიბუნალის ძირითადი სამართლებრივი ბაზა.[5]

განხორციელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს ტრიბუნალმა შიდა ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა. 17-მა სახელმწიფომ კი ხელი შეთანხმებას მოაწერა, რომლის თანახმად ისინი თავისუფლების აღკვეთას პატიმრობით აღასრულებდნენ.[7]

ტრიბუნალმა დაადგინა საკუთარი საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო. მოაწესრიგა პროცედურებისა და მტკიცებულებების სისტემა, ასევე მათ მიერ პატიმრობაში ყოფნის წესი და უფლებების დაცვითი მექანიზმები. ამ წესთა ერთობლიობამ შექმნა სამართლებრივი სისტემა, რომელიც ტრიბუნალს საქმიანობის სწორად წარმართვაში ეხმარებოდა. იქედან გამომდინარე, რომ ტრიბუნალი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დაქვემდებარებული პირველი საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი სასამართლო, ინფრასტრუქტურის მოწყობა საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა. თუმცა, პირველი წლის შემდეგ ტრიბუნალის მოსამართლეების მიერ შემუშავდა და შემდგომში დაინერგა ყველა წესი, რომლემაც სასამართლოს პროცესუალური მუშაობა გამართა.[8]

1994-1995 წლებში, ტრიბუნალმა საკუთარი ოფისი სადაზღვევო კომპანია Aegon-ის შენობაში მოიწყო, რომელიც ჰააგაში მდებარეობდა. დროებითი მოთავსების იზოლატორი კი სხევენინგენში, ჰააგის ერთ-ერთ რაიონში მოაწყვეს. ამ პერიოდში ტრიბუნალმა დაიქირავა მრავალი თანამშრომელი და 1994 წელს საქმეების მოკვლევის დაწყება შეძლო. 1995 წლის მდგომარეობით ICTY-ში 200 მდე ადამიანი მუშაობდა. 1994 წლისთვის კი პირველი ბრალდებები წარდგენილი, ხოლო პირველი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეგროვებული იყო.

ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს პირველი ბრალი ბოსნიელ სერბს დრაგან ნიკოლიჩს წაუყენეს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკს ხელმძღვანელობდა. მომდევნო ბრალი 1995 წლის 13 თებერვალს 21 ბოსნიელი სერბს წაუყენეს. 21 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს ბრალად მუსლიმი და ხორვატი პატიმრების წამება ედებოდათ. იმ პერიოდშიც კი, როდესაც ყოფილ იუგოსლავიაში ომი მძვინვარებდა, ICTY-მ დაამტკიცა, რომ საერთაშორისო სასამართლო სიცოცხლისუნარიანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა არც ერთი ბრალდებული ჯერ დაკავებული არ იყო.

სასამართლომ ჯამში რვა სასამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა და 46 ადამიანზე დაკავების მიზნით გაიცა შესაბამისი ორდერები. დუშკო ტადიჩის, ბოსნიელი სერბის დაკავება ტრიბუნალის მიერ პირველი განსახილველი საქმე აღმოჩნდა. ტადიჩი 1994 წელს მიუნხენში დააკავეს. 1995 წლის 26 აპრილს იგი პირველი წარსდგა სასამართლოს დარბაზში და წარდგენილ ბრალს არც ერთ პუნქტში არ დაეთანხმა.[9]

1995 წლის ივნისიდან 1996 წლის ივნისის ჩათვლით კიდევ 33 ადამიანის მიმართ მოკვლევა დაიწყო. დროებითი მოთავსების იზოლატორში კიდევ 6 ახალი ბრალდებული მოათავსეს. დუშან ტადიჩის გარდა 1996 წლის ივნისისთვის იზოლატორში იმყოფებოდნენ: ტიჰომი ბლაშკიჩი, დრაჟენ ერდემოვიჩი, ზეჟნილ დელალიჩი, ზდრავკო მუკიჩი, ესად ლანძო, ჰაზიმ დელიჩი.[10] დრაჟენ ერდემოვიჩი გახდა პირველი ვინც საკუთარი ბრალი ტრიბუნალის წინაშე აღიარა.[11]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს ICTY-მ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ხუთი მიღწევა იყო ჩამოთვლილი „სამართლისა და იურისპრუდენციის“ წინაშე:[12]

  1. „დაუსჯელობის გადაყვანა პასუხისმგებლობაში“, იგულისხმება ის, რომ ის იყო ერთადერთი სასამართლო, რომელიც ქმედითად მუშაობდა და გამოჰქონდა გადაწყვეტილებები იუგოსლავიის კონფლიქტთან დაკავშირებით. რადგან, იმ პერიოდის პროკურატურა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში მსგავს დანაშაულებზე თვალს ხუჭავდა.
  2. „ფაქტების დადგენა“, იგულისხმება ტრიბუნალის მუშაობის განმავლობაში შეგროვებული მტკიცებულებებსა და მიგნებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
  3. „ათასობით მსხვერპლისთვის სამართლიანობის განცდის მინიჭება და მათთვის ხმის უფლების მიცემა“, იგულისხმება მრავალრიცხოვანი თვითმხილველი, რომელიც პროცესების ფარგლებში დაიკითხა და უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა სამართლის აღსრულებაში.
  4. „საერთაშორისო სამართლის წინაშე მიღწევები“ იგულისხმება, რომ ნიურნბერგის პროცესის შემდეგ ეს იყო ერთადერთი სისხლისსამართლებრივი სასამართლო, რომლის ქმედებებსაც შედეგი მოჰყვა.
  5. „სამართლის უზენაესობის განმტკიცება“, იგულისხმება საერთაშორისო სამართლის სტანდარტების გამოყენებით ომის დანაშაულების გამო დამნაშავეთა დასჯა.

სამუშაოების დასრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის აგვისტოს 1503-ე და 2004 წლის მარტში 1534-ე რეზოლუციით გაეროს უშიშროების საბჭომ მოუწოდა ICTY-სა და ICTR-ს (საერთაშორისო ტრიბუნალი რუანდის საკითხებზე) მიმდინარე საქმეები დასასრულისკენ წაეყვანათ.

2010 წლის დეკემბერში, უშიშროების საბჭომ 1966-ე რეზოლუცია მიიღო, რომელმაც დააფუძნა სისხლის სამართლის ტრიბუნალების საერთაშორისო მექანიზმი (IRMCT). IRMCT გახდა ის ორგანო, რომელმაც გადმოიბარა ICTY-სა და ICTR-ის უფლებამოსილებები. 1996 რეზოლუციით, ტრიბუნალს მიეცა ვადა 2014 წლის 31 დეკემბრამდე, რათა საკუთარი მუშაობა დაესრულებინა და უფლებამოსილებები გადაეცათ IRMCT-სთვის.

სამუშაოების დასრულების სტრატეგიის ანგარიშში, რომელიც 2011 წლის მაისში გამოქვეყნდა, ICTY მიუთითა, რომ ისინი საკუთარი საქმიანობის დასრულებას 2012 წლის ბოლომდე შეძლებდნენ, ხოლო ყველა აპელაციის განხილვისთვის და გადაწყვეტილების გამოტანისთვის მათ 2015 წლამდე მუშაობა დასჭირდებოდათ. გამონაკლისები მხოლოდ რადოვან კარაჯიჩი, რატკო მლადიჩი და გორან ხაჯიჩი იყვნენ, რადგან იმ დროისთვის ისინი დაკავებულები არ იყვნენ, მათი დაკავება მხოლოდ 2014 წელს მოხერხდა.

ICTY-ს ბოლო სასამართლო პროცესი რატკო მლადიჩთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც 2017 წლის 22 ნოემბერს გასამართლდა. უკანასკნელი საკითხი კი, რომელიც ICTY-მ განიხილა იყო სააპელაციო საქმეები ექვს პირთან დაკავშირებით, რომელთა მისამართით გამოტანილი გადაწყვეტილებები ძალაში დარჩა.

ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გახსნიდან, ტრიბუნალში 900-მდე თანამშრომელი მუშაობდა. ორგანიზაციულ მოწყობაში შედიოდა განმხილველი პალატები, პროკურორთა ოფისი და სამდივნო.

პროკურორთა ოფისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროკურორები პასუხისმგებლები იყვნენ დანაშაულთა ჯეროვან გამოძიებაზე, მტკიცებულებების მოგროვებაზე და სამძებრო სამუშაოებზე. პროკურორთა ოფისს ჰყავდა ხელმძღვანელი პროკურორი.

განმხილველი პალატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალატები შედგებოდნენ მოსამართლეებისგან და მათი თანაშემწეებისგან. სასამართლო სამი პალატისგან და ერთი სააპელაციო პალატისგან შედგებოდა. ტრიბუნალის თავმჯდომარე იმავდროულად სააპელაციო პალატის თავმჯდომარე იყო.

მოსამართლეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრიბუნალის მუშაობის ბოლო ეტაპზე შემადგენლობაში შვიდი მუდმივმოქმედი მოსამართლე მუშაობდა და მათ ერთი დროებითი მოსამართლე ჰყავდათ. 52 გაეროს წევრი ქვეყნიდან სულ 86 მოსამართლე მუშაობდა ICTY-ში. მათგან 51 მუდმივი მოსამართლე იყო, ხოლო 36 დანიშნული მოსამართლე, ხოლო ერთიც დროებითი მოსამართლე.

სამდივნო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამდივნო პასუხისმგებელი იყო ტრიბუნალის მუშაობაზე. მათ შორის იყო: სასამართლო ოქმების შედგენა, სასამართლო დოკუმენტაციის გადათარგმნა, ტრანსპორტირება და განთავსება, ჩვენებების ორგანიზაცია, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება, თანამშრომელთა ანაზღაურება, ადამიანური რესურსების მართვა და შესყიდვები. ისინი ასევე პასუხს აგებდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორის მუშაობაზე, სასამართლო პროცესზე გამოცხადებული ბრალდებულების დაცულობაზე, ბრალდებულთა იურიდიულ დახმარებაზე, რომლებსაც საკუთარი სახსრები წარმომადგენლის დასაქირავებლად არ გააჩნდათ.

დროებითი მოთავსების იზოლატორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირები, რომლებსაც უარი ეთქვათ თავისუფალი გადაადგილების უფლებაზე საქმის გამოძიების პერიოდში, მოთავსებულები იყვნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომელიც სხევენინგენში, ბელგიშ-პარკთან, ჰააგის ერთ-ერთ რაიონში მდებარეობს. სასამართლოდან ის 3 კილომეტრის დაშორებით არის განთავსებული. ბრალდებულები ინდივიდუალურ იზოლატორებში იყვნენ განთავსებულები რომლებშიც იყო ტუალეტი, საშხაპე, რადიო, საკაბელო ტელევიზია, პერსონალური კომპიუტერი (რომელიც არ იყო ინტერნეტთან დაკავშირებული) და ფუფუნების სხვა საგნები. მათ შეეძლოთ ოჯახთან ყოველდღიურად დაკავშირება და ასევე შეეძლოთ მეუღლეებთან შეხვედრა. მათთვის ხელმისაწვდომი იყო ბიბლიოთეკა, ტრენაჟორების დარბაზი და სხვადასხვა შენობები რელიგიური რიტუალების შესასრულებლად. საკნები უფრო საუნივერსიტეტო ოთახებს წააგავდა ვიდრე ციხეებს, ზოგიერთი იზოლატორს „ჰააგის ჰილტონსაც“ კი ეძახდა. ასეთი მიდგომის მიზეზი უდანაშაულობის პრეზუმციაში მდგომარეობდა, რადგან ის ბრალდებულები, რომლებსაც ბრალი არ დაუმტკიცდებოდათ სხვაგარ მოპყრობას არ იმსახურებდნენ.

ბრალდებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წლიდან 2004 წლის ჩათვლით ტრიბუნალმა ბრალი 161 პიროვნებას დასდო.[13] ბრალდებულები იყვნენ როგორც რიგითი ჯარისკაცები, გენერლები, პოლიციის ხელმძღვანელი პირები ისე პრემიერ-მინისტრებიც კი. სლობოდან მილოშევიჩი იყო პირველი, რომელიც მოქმედი პირველი პირი იყო და ტრიბუნალმა ბრალი დასდო. სხვა „მაღალი იერარქიის“ ბრალდებულთა შორის იყვნენ მილან ბაბიჩი — ხორვატიის სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი. რამუშ ჰარადინაი — კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. რადოვან კარაჯიჩი — ბოსნიელი სერბების რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი. რატკო მლადიჩი — ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი გენერალი და ანტე გოტოვინა ხორვატთა არმიის ყოფილი გენერალი.

161 პირიდან 94 იყო სერბი, 29 — ხორვატი, 9 — ალბანელი, 9 — ბოსნიელი, 2 — მაკედონელი და 2 — მონტენეგროელი.

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ICTY ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი სერბეთისა და რუსეთის ხელისუფლებების მიერ. ორგანიზაციას ხშირად აბრალებდნენ გამოძიების არაობიექტურად წარმართვას. სერბები და რუსები ხშირად აპელირებდნენ, რომ გასამართლებული პირები და გასამართლებულთა შორის უმკაცრესაც დასჯილი პირები უმეტეს შემთხვევებში სერბები იყვნენ და არა ხორვატები, ბოსნიელი მუსლიმები ან კოსოვოელი ალბანელები.[14][15]

კრიტიკა შეხვდა ასევე ორგანიზაციის უფლებამოსილების სამართლებრივ ასპექტებსაც. ტრიბუნალის შექმნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის საკითხი დღემდე სადავო რჩება. ეს დავა არსებობს როგორც სამეცნიერო დონეზე წმინდა თეორიულ ჭრილში, ასევე პერიოდულად წამოიჭრება ხოლმე მხარეებს შორის ამ ტრიბუნალზე განხილვის პროცესში მყოფ საქმეებში. რა თქმა უნდა, საკითხი ტრიბუნალის ლეგიტიმურობაზე აქამდე მხოლოდ დაცვის მხარეს დაუყენებია.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]