საარემაა
საარემაა — ესტონეთის უდიდესი კუნძული, ფართობით 2 637 კმ² და მოონზუნდის არქიპელაგის ნაწილია, რომელიც ქვეყნის კონტინენტური ნაწილის დასავლეთით, ბალტიის ზღვაში მდებარეობს და კონტინენტისგან სრუტე სუურ ვიანით, ანუ დიდი სრუტითაა გამოყოფილი. კუნძულის დედაქალაქია ქ. კურესაარე (მოსახლეობა 16 100). მანძილი მას და ტალინს შორის 216 კმ–ია.
კურესაარე ცნობილია მისი კარგად შემონახული ციხესიმაგრით, რომელიც შედგება XIV-XVI საუკუნეების საეპისკოპოსოს სასახლისგან (დღეს მასში საარემაას მუზეუმია განლაგებული) და მისი გარემომცველი XVI-XIX ბასტიონთა წყებისგან, რომელთა წინ თხრილებია გათხრილი. ქალაქის ცენტრში კიდევ რამდენიმე საინტერესო შენობა მდებარობს, რომელთა შორის აღსანიშნავია ადრეული ბაროკოს სტილის რატუშა და საზომთა სახლი (ორივე XVII საუკუნის).
საარემაას აღმოსავლეთით მდებარეობს მცირე კუნძული მუჰუმაა, რომელიც საარემაას ადმინისტრაციულ რაიონში შედის. საარემაას და მუჰუმაას კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია რამდენიმე შუა საუკუნეების ეკლესია (კაარმა, კარია, მუჰუ, ვალიალა) და ყოფილ არისტოკრატთა სასახლეები (ქოილიალა, ლოონე, პიადასტე, ტოილუსტე). აღსანიშნავია აგრეთვე ადგილობრივი ეთნოგრაფიული ღირსშესანიშნაობანი — მიჰქლის ფერმა-მუზეუმი, მეთევზეთა სოფელი ქოგუვა და ანგლას ქარის წისქვილები.
საარემაზე მდებარეობს ესტონეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა–ტბა კაალი, რომელიც გეოლოგიურ წარსულში ასტეროიდის დარტყმით წარმოქმნილ იდეალურად წრიულ კრატერში მდებარეობს. კუნძულზე მდებარეობს ვიიდუმიაეს და ვილსანდის ნაკრძალები — პირველი მცენარეთა იშვიათი სახეობების, ხოლო მეორე გადამფრენი და მობუდარი ფრინველების დასაცავად. აღსანიშნავია აგრეთვე კირქვის დიდი ფლატეები, რაც რამდენიმე ადგილას გარს ეკვრის სანაპირო ზოლს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Taylor, N. with Karin T (2008). Saaremaa: a History and Travel Guide. Tallinn: OÜ Greif. ISBN 978-9985-3-1606-1
- Geotourism highlights of the Saaremaa and Hiiumaa islands (2009) (23 mb pdf)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]